„მე და ჩემი ხელოვნება ვმეგობრობთ“
15 თებერვალი, 2014
გალერეა
„მე და ჩემი ხელოვნება ვმეგობრობთ“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბექა თაბუკაშვილი ახალგაზრდა მხატვარი, მოქანდაკე და ფოტოგრაფია უამრავი ნამუშევრითა და იდეით. სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში ბექამ არაერთ გამოფენასა და კონკურსში მიიღო მონაწილეობა: იოზეფ ჰაიდნისადმი მიძღვნილ კონკურსში, ყინულის ქანდაკების ფესტივალებში, ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში. 2008 წელს კი ანა ფრანკისადმი მიძღვნილ გამოფენა კონკურსში გრანპრი აიღო.
„სტუდენტობის დროს ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა შანსი მაქსიმალურად გამომეყენებინა. ეს დამოკიდებულია შენს მონდომებაზე, შინაგან რესურსზე. ერთი ოთახი გყოფნის, რომ ნამუშევარი გააკეთო. იმ ოთახის გარეთ ფიქრს თავი უნდა დაანებო’’ - ამბობს ბექა. ახალგაზრდა ხელოვანს უკვე უამრავი ქანდაკება აქვს შექმნილი: „ნამუშევართან მისვლის შიში არასდროს მქონია, უბრალოდ ვიწყებ. არასდროს ვიცი, შთაგონება საიდან შეიძლება მოვიდეს. მუშაობის დაწყებისას ჟინი მაქვს, რომ უნდა გამომივიდეს. როგორც ადამიანს ჰყავს მეგობარი და უნდა, რაღაც მოუყვეს, ასეა ჩემთვის ხელოვნება. მე და ჩემი ხელოვნება, როგორც ადამიანი, ვსაუბრობთ, ბევრი საერთო გვაქვს. მე რა ფიქრებიც მაქვს, მან იცის და უნდა მივიდე, მოვუყვე, ვაჩვენო. ნამუშევრის შექმნის შემდეგ უკვე არის კმაყოფილების გრძნობა, თითქოს რაღაც მოხდა შენს ცხოვრებაში. ირგვლივ არ არსებობს ის საგანი და ნელ-ნელა კეთდება. რაც მხოლოდ გონებაში წარმოგედგინა, თვალდახუჭული ფიქრობდი, ახელ თვალს და შენ წინაა’’. აკადემიის დამთავრებისთანავე ბექას ოსკაროსანი რეჟისორის მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმზე მოუწია მუშაობა მხატვარ-დეკორატორად: „ამ მხრივ პირველად მოვსინჯე თავი და ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა, მთელმა ფილმმა ჩვენი ჯგუფის ხელში გაიარა. ეს ის სფეროა, სადაც ჩემი ინტერესებია თავმოყრილი და თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ’’.

ბექას კიდევ ერთი ინტერესის სფერო ფოტოგრაფიაა: „არ მიყვარს „ტკბილი სურათები“. ხელოვნება ჩემთვის აზროვნება და გემოვნებაა. ამიტომ ფოტოგრაფიაც რაღაცნაირად ჩემს პროფესიას დავუკავშირე. ყველა ნამუშევარში ყოველთვის სახვითი ხელოვნების რაღაც ელემენტია. ფოტოს გადაღებას იმავე კუთხით ვუდგები, როგორი კუთხითაც დავიწყებდი თაბაშირზე მუშაობას. როცა მოდელები შემოქმედებით პროცესს უყურებენ, მენდობიან და შემდეგ მათი დათანხმება რთული აღარაა’’. მისი თქმით, საქართველოში ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების მხრივ ძალიან დიდი პოტენციალია, თუმცა, იმდენად რთული სიტუაციაა სახელმწიფოს მხრიდან კულტურის განვითარების ხელშეწყობაში, რომ განსაკუთრებული მონდომებისა და ენთუზიაზმის გარეშე მუშაობა ძნელია: „ვერ გავამტყუნებ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოდან მიდიან. ვისაც ამბიცია აქვს, ყოველთვის ცდილობს, წავიდეს. ჩემს შემთხვევაში ისე აეწყო, რომ ყველაფერი თავისით ვითარდება და მეც მივყვები. ყოველთვის ხელოვნებაში ვიტრიალებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკვე დაწყებული პროცესი ახალ-ახალი ნამუშევრებითა და იდეებით გავაგრძელო“.
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary