პირველი ნახატი - გოჭი;
საყვარელი პერსონაჟი - პეპელა;
ხატავს ყველგან: ქუჩაში, ტრანსპორტში, აკადემიაში...
ხატია ბათუმაშვილი სამხატვრო აკადეემიის სტუდენტია, თუმცა, აკადემიამდე იყო საქართველოს უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მისგან სრულიად განსხვავებული პროფესიებით.
"ყოველთვის მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, თუმცა, ჩემი მშობლების სურვილით სხვა პროფესია ავირჩიე. მამაჩემს სულ უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ისიც ხატავს, ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს. ახლა უკვე შეეგუვნენ ჩემს არჩევანს, ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები" - ამბობს ხატია.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, თავიდან ჩანახატებს აკეთებდა, შემდეგ კი ძალიან ნელა იწყებდა ფურცელზე გადატანას. ხატავდა ყველაფერს: ნატურმორტები, პეიზაჟი, ზღაპრის პერსონაჟები. განვითარებაში მამიდა დაეხმარა.
"მამიდას დიდი დახმარებით შევძელი, რომ აქამდე მოვსულიყავი. ბავშვობიდან, როდესაც ხატვა დავიწყე, სულ მასწავლიდა, მეხმარებოდა. ის ამომიდგა მხარში, რომ აკადემიაში ჩამებარებინა და ხატვას გავყოლოდი. მამიდა პროფესიით ანიმატორი და ილუსტრატორია, მეც ვაპირებ მომავალში ვაკეთო ანიმაციები და ზღაპრის ილუსტრაციები".
უმეტესად ხატავს პერსონაჟებს, ისინი გამოგონილია. როგორც ხატია ყვება, პერსონაჟებზე ბევრს ფიქრობს, რადგან მას თვითონ ქმნის და შემდეგ გადააქვს ფურცელზე ჩანახატის სახით. "პერსონაჟებს არ ვიხატავ, ჩემით ვიგონებ ყოველთვის".
მათზე მუშაობა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ის ყოველთვის ცდილობს, განმარტოვდეს ოთახში და მშვიდად, აუჩქარებლად იმუშაოს.
არ ჰქონია პერსონალური გამოფენა, რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად მისი ნამუშევრები ავტორს არ მოშორებია, თუმცა, იყო წარმატებები აკადემიის ფარგლებში. ხატიას ნახატი: მოხუცი ქალის პორტრეტი, სამხატვრო აკადემიის გამოფენაზე ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად შეაფასეს. მომავალი გამოფენისთვის, რომლის გახსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება, ხატიას ორი ნამუშევარია შერჩეული.
იგი ამჯერად პროგრამაში ხატავს. მუშაობს ანიმაციებზე, რომლებსაც აპლიკაციით აკეთებს.
"ანიმაცის ვაკეთებ ჭრიჭინა და ჭიანჭველაზე. ჯერ პერსონაჟებს ვხატავ პროგრამაში, შემდეგ ამ პერსონაჟებს ამოვჭრი, გავამოძრავებ და გადავიღებ. ჯერჯერობით ამაზე ვმუშაობ, თუმცა, გეგმები მაქვს, ძალიან მომწონს კომპიუტერით ხატვა და ვაპირებ მუშაობის ამ კუთხით გაგრძელებას".