„თავისებურად, სხვანაირად“ დანახული სახეები...
07 ივნისი, 2014
„თავისებურად, სხვანაირად“ დანახული სახეები... ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"მამიდა ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია, ის რომ სკოლაში დადიოდა, სამეცადინო რვეულებს მივეპარებოდი და სხვადასხვა ფიგურას ვხატავდი, მაშინ მეგონა, რომ ვხატავდი, სინამდვილეში ვუჯღაბნიდი ფურცლებს".

პატარა მამიდას თავისი ნახატებით აბრაზებდა, თუმცა, ბებოს თანამშრომლებს გულს უხარებდა, როდესაც მათ პორტრეტებს ხატავდა. ბებოს შვილიშვილი ხშირად დაჰყავდა თავის სამსახურში, პატარა მედეა თავს ხატვით ირთობდა და უფროსების ქებასაც ხშირად იმსახურებდა. 

მას ყველაზე მეტად პორტრეტების ხატვა უყვარს.
"თავიდან სულ გოგოების სახეებს ვხატავდი, მაგრამ ჩემებურად. ზოგს ცხვირი არ ჰქონდა, ზოგს სახის სხვანაირ ნაკვთებს ვუკეთებდი. ვხატავდი ჩემი წარმოსახვით" - ამბობს მედეა ყირიმელი.
დღეს უკვე, როგორც თავად ამბობს, დაიხვეწა, გემოვნებაც შეეცვალა. ამჯერად ყველას ხატავს, თუმცა, აქაც თავისი აღქმა აქვს. ადამიანის სახე მას რაღაც დადებითს, საინტერესოს უნდა სთავაზობდეს. ასეთია მედეას ბოლო ნამუშევარიც, გორელი დიაკონის სახე: სათნო, საინტერესო და მრავლისმეტყველი.

მედეა ყირიმელი სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტია. აქ სწავლა მოსწონს, თუმცა, მოლოდინი არ გაუმართლდა. 

"ნამდვილად სხვა სამყაროა, გარემო, სიტუაცია, თუმცა, მაინც მეტს მოველოდი. მოველოდი მეტ აქტიურობას, უამრავ სიახლეს. ასეთ ადგილზე, რასაც სამხატვრო აკადემია ჰქვია, სხვანაირი ენთუზიაზმით უნდა მუშაობდნენ ადამიანები".
გავლენა მის შემოქმედებაზე, არჩევანზე რუსუდან ფეტვიაშვილმა მოახდინა. როგორც თავად ამბობს, პირველად ტელევიზორში ნახა და უცებ, მოულოდნელად გადაწყვიტა დაეხატა. აიღო კალამი და ფურცელი და დაიწყო გადახატვა იმის, რაც იქ ნახა.
გადახატა, თუმცა, სხვანაირი, თავისებური.
"ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვიხატავ, ვაკეთებ ჩემეულ ვარიანტს".

ხშირად უსვამენ კითხვას: რატომ არ ხატავ პეიზაჟებს?
"წავიდეთ ბუნებაში და იქ დახატე ლამაზი ადგილები..." - მამა ხშირად ეუბნებოდა ამ სიტყვებს, მედეას პასუხი კი ასეთი იყო: "ადამიანს, რომელსაც უნდა საზოგადოებას გაუზიაროს თავისი სილამაზის აღქმა, შეუძლია, გადაუღოს პეიზაჟს ლამაზი ფოტო და აჩვენოს სხვებს, მაგრამ, როდესაც ადამიანს რაღაც გულში აქვს, შიგნით გრძნობს, იმას ფოტოს ვერ გადაუღებს, მხატვარმა ის უნდა გადმოიტანოს ფურცელზე თავისებურად, სხვანაირად..."
იღებს შეკვეთას, იზიარებს მეგობრების, ახლობლების თხოვნას და ხატავს ყოველთვის. ხატავს გარემოში, სადაც არავინ არის, მარტოა ოთახში გამოკეტილი წყნარ მუსიკასა და იდეებთან ერთად, თუმცა, თავისი ნიჭის რეალიზებას მხოლოდ ფურცელზე, პორტრეტების ხატვის დროს არ ახდენს. 

"ძალიან ცოტახანია რაც მინანქარზე ხატვა დავიწყე, ვაკეთებ სამკაულის პატარა ესკიზებს, მომავალში ბევრი გეგმა მაქვს. ვაპირებ, გამოვუშვა საკუთარი დიზაინით შექმნილი და ჩემი მოხატული ჭიქები. ისინი შავ-თეთრში იქნება გადაწყვეტილი, რადგან ვფიქრობ, რომ შავ-თეთრი ყოველთვის უფრო მეტად ეფექტურია".
მისი სამომავლო გეგმები მხოლოდ ხატვას არ უკავშირდება. სადილების მომზადება მედეას ერთ-ერთი საყვარელი საქმეა და არ სურს, მხოლოდ სახლის კედლებში დარჩეს.
"ყოველთვის ვფიქრობ და ძალიან მინდა, გავაკეთო პატარა კაფე, თუ სასადილო, სადაც ყველაფერი ჩემი იქნება. მე გავაკეთებ საჭმელებს, ჩემი შექმნილი იქნება დიზაინი, ინტერიერი, ყველაფერი, რაც კი იქ მისულ მომხმარებელს დახვდება, ხელნაკეთი და შემოქმედებითი ემოციებით გაავსებს მათ". 

მედეა ყირიმელს მონაწილეობა არცერთ გამოფენაში არ მიუღია, მას სურს პერსონალური გამოფენა გააკეთოს ღია ცის ქვეშ, სადაც 200-მდე ნამუშევარი მაინც უნდა იყოს. ნამუშევრები, როგორც ამბობს, ღირსეული და პროფესიონალურ დონეზე შესრულებული.

გამოფენებზე მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა, ბავშვობიდან უამრავ კონკურსში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი კონკურსი იყო ეროვნული კონკურსი კალიგრაფებისთვის.
"პატარა კალიგრაფის წოდება მაქვს"...
პატარა კალიგრაფის წოდება სკოლის პერიოდში მიანიჭეს, თუმცა, ამ ხელობას დღემდე მისდევს.


სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary