ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

იატაკი ყვითელი, წითელი, ვარდისფერი და თეთრი საღებავების წვეთებითაა დაწინწკლული. კარის გვერდით, კედელთან ორი დაუსრულებელი ნახატი დევს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ინგამ და სოსომ სახელოსნო იქირავეს და ერთად მუშაობენ. ,,ჯერ ტილოს ჩარჩოზე ვჭიმავ, მერე დავფარავ გრუნტით. რამდენიმე პირი გრუნტი სჭირდება, რომ საღებავი ტილოს უკანა მხარეს არ გამოვიდეს. როცა გაშრება, მერე უკვე ვიწყებ ხატვას“ - ჰყვება ინგა.





ხატვის დაწყებას ცხოვრების რომელიმე გარდამტეხ მომენტს არ უკავშირებს. ამბობს, რომ როგორც ყველა, ბავშვობაში ისიც ხატავდა: ,,ყველა ბავშვს უყვარს ხატვა. მე არ მჯერა, არ ვიცი ბავშვი, რომელიც არ ხატავს. როგორ გააგრძელებ, ოჯახი როგორ შეგიწყობს ხელს, ამაზეა დამოკიდებული განვითარება. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელსვე ჩავაბარე ნიკოლაძეში, რომ გამეგო, მინდოდა თუ არა, გამეგრძელებინა ხატვა. მერე აკადემიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც დავამთავრე. სულ ფერწერაზე ვსწავლობდი“.

ახლახან, 18-დან 21 ივნისის ჩათვლით, ოთხი ქართველი მხატვრის ნახატებთან ერთად, ინგასა და სოსოს ნამუშევრები ვილნიუსში გამოიფინა. ,,Art Fair ArtVilnius 2014-ში“ 18 ქვეყნის 65 არტგალერეა მონაწილეობდა. ვილნიუსში გამოფენილ ნახატების სერიაში ,,მე მქვია ანგელოზი“ ინგამ ის ადამიანები გააერთიანა, რომლებმაც ვიღაცის ცხოვრება შეცვალეს. ,,სერია კონკრეტულ ადამიანებზეა, რომლებიც რაღაც დროს, რაღაც პერიოდში, რაღაცისთვის დაიბადნენ და შეცვალეს ვიღაცის ცხოვრება. ნახატებზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ყველა მათგანი დაიბადა და მე მათ ვიცნობ. მათ მართლა შეცვალეს სხვების ცხოვრება. ვიცი, ისინი როგორები არიან. იდეები მაქვს და აქედან გამომდინარე, ვცდილობ დავხატო იმ ფორმაში, როგორც მინდა“ - ჰყვება ინგა.

მხატვარი ამბობს, რომ ყოველთვის ზუსტად იცის, როგორი გამოვა მისის ნახატი, ძალიან სწრაფად ხატავს და შთაგონებას არ ელოდება. ,,ხაზში, ფერში, მუსიკაში არ ვეძებ იდეას. არც ღამე მეღვიძება და ვხატავ. ასეთი რაღაცები არ მჭირს. ყოველთვის წინასწარ ვიცი, როგორ და რა უნდა დავხატო. მაქვს მასალა - ტილო, ზეთი და ფუნჯები, მყავს ადამიანები, რომლებიც უნდა დავხატო და შევუდგები ხოლმე მუშაობას“ - ამბობს ინგა. მუშაობის პროცესში ნახატებს ფოტოებს უღებს და სახლში ათვალიერებს, რომ უკეთ დაინახოს, რა უნდა დატოვოს ხელუხლებლად და რა შეცვალოს.

ინგა არ იცავს პროპორციებს. ადამიანების სახეებს ან სხეულის ნაწილებს გამოკვეთს. მგონია, რომ სხეულის რომელიმე ნაწილის პოზიციიდანაა დახატული მთელი ნამუშევარი - ხელები, თითები, თვალებია გამოკვეთილი. საუბრის განმავლობაში საღებავის სუნს შევეჩვიე. ერთი ნახატის პირდაპირ ვზივარ, რომელზეც ბავშვის წარბები და თვალებია გამოკვეთილი. ნახატის მარჯვენა კუთხე ჯერ მხოლოდ გრუნტითაა დაფარული და ალაგ-ალაგ ეტყობა თეთრი საღებავი. ინგას ვეკითხები, რომელ მიმდინარეობას ან სტილს შეიძლება მივაკუთვნო მისი ნახატები. ,,რომ გითხრა, სტილს ვიცავ და ერთი, ჩემი სტილი მაქვს, ასე არაა. უბრალოდ, ასე გამოდის. ერთ სერიაში შეიძლება შედიოდეს 15-20 ნამუშევარი და რადგან ერთი სერიაა, ნახატები ჰგავს ხოლმე ერთმანეთს“.

ინგამ და სოსომ სახელოსნო ცოტა ხნის წინ შეიცვალეს. ,,ამის მეოთხედ ოთახში ვიყავით. აქ ადრე გიშერს ამუშავებდნენ. მერე დაიხურა და დაიკეტა ოთახი. აქ რომ გადმოვედით, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მოვაწყვეთ ასეთი სიტუაცია“ - ყვება სოსო. ინგა კი ამატებს, რომ მისთვის ყველაზე დიდი გართობაა, ყველაფერია ხატვა და ეს სახელოსნო. ,,რაღაც რომ გაიყიდება და ფული გვაქვს, იმწამსვე მასალებს ვყიდულობთ და 24-საათიანი მუშაობა იწყება“ - ამბობს ის.

ოთახის რამდენიმე კუთხეში გადახვეული ტილოები კედლებთან აწყვია. ,,ეს თებერვალში ,,ქარვასლაში“ მოწყობილი გამოფენის შემდეგ დახატული ნამუშევრებია. რაც უკვე გამოფენილია, გადავხსნით, გადავახვევთ და ასე ვალაგებთ“ - მიხსნის მხატვარი.
ინგა დიდ ტილოებზე ხატავს. მისი ნამუშევრები რამდენიმე მეტრიან ჩარჩოებზეა გადაჭიმული. ამბობს, რომ ბევრ ქართულ გალერეას საკმარისი ფართი არ აქვს მისი ნახატებისთვის. ,,ძირითადად, პატარა სივრცეებია და ძნელია, დიდი ნამუშევრები გამოფინო. ,,ქარვასლაში“ კარგი გამოფენა გამოვიდა, ჩემი ნახატები სივრცემ დაიტია“ - ამბობს ინგა.

ინგა და სოსო ამბობენ, რომ მათ გამოფენებს დამთვალიერებელი ჰყავს, თუმცა, ისინი თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანები არიან. ,,ერთი და იგივე ადამიანები დადიან გამოფენებზე. ძირითადად, ხელოვანები, ახლობლები, ნაცნობები. როგორც თეატრში დადის ერთი და იგივე ხალხი, აქაც სულ ნაცნობი სახეებია“ - ამბობს სოსო. მათი ნამუშევრები ინტერნეტის საშუალებით იყიდება, თუმცა, მხატვრების თქმით, ,,სამწუხაროდ, ქართველები არ არიან მყიდველები“. მხატვრები ამბობენ, რომ ნახატების გაყიდვა ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალ თემებზე მუშაობა დაიწყონ.

ინტერვიუს ბოლოს სოსოს ვეკითხები, როგორი მხატვარია მისი მეგობარი. ის მპასუხობს, რომ ინგა ყველაზე მაგარია და მის ნამუშევრებში არაფერს შეცვლიდა. ახალ ნამუშევრებს ფოტოებს ვუღებ, ინგა სწრაფ-სწრაფად აბრუნებს რამდენიმემეტრიან ტილოებს და უჩინარივით გადააქვს ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე. სახელოსნოს კიდევ ერთხელ მოვავლებ თვალს. ინგა ვარაუდობს, რომ გასვლისას როგორც ყველას, მეც გზა ამერევა და ორივენი ქუჩამდე მაცილებენ. ალბათ, ინგა დღეს დაასრულებს ნამუშევარს სერიიდან ,,მე მქვია ანგელოზი“. ნახატი კარის გვერდით, კედელთან იდო. ,,ანგელოზს“ ზურგს უკან, ერთმანეთში გადაჯვარედინებულ თითებზე თავისი ფრთები ეფინა.
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary