"პოეზიას ჩარჩოში ვერ ჩავსვამთ, რადგან მას სამყარო არ იტევს. ეს შინაგანი ძალაა, რომელიც ხმაურობს, გკიდებს ხელს და მიგათრევს მზის სხივებისკენ, თვით თავისუფლების გზისკენ, რომ გაზიაროს ჭეშმარიტებას".
ლექსის წერა მისთვის ემოციისგან დაცლას ჰგავს, წერს ხასიათის მიხედვით, განცდიდან განცდამდე. ლექსი ზოგიერთი მკითხველისთვის არის მხოლოდ სტრიქონები, გარითმული ან ტაეპები, თუმცა, ის ლექსს წერს გულის აჩქარებამდე, სულის დამშვიდებამდე, კანიდან გამოძრომამდე, განთიადიდან ალიონამდე, თავისუფლებამდე, ემოციების უკანასკნელ ამოფეთქვამდე, ვარდობისთვიდან ვარდობისთვემდე...
გიორგი ოქროპირიძე ახალგაზრდა პოეტია, პირველი ლექსი მან მეშვიდე კლასში დაწერა და არც უფიქრია, რომ ამ გზას გაჰყვებოდა. გიორგის არ აქვს პოეზიისთვის დამახასიათებელი გარკვეული ჟანრი არჩეული. ამბობს, რომ დოგმატურობას არ ემხრობა, ყოველთვის წერს იმას, რასაც გრძნობს, წინასწარ არასდროს ფიქრობს, თუ რა სტრუქტურა ექნება თავის ლექსს.
რაც შეეხება მის შემოქმედებას, თავდაპირველად გიორგი არ აპირებდა, საჯარო გაეხადა თავისი ლექსები, თუმცა, შემოთავაზება მიიღო და უახლოეს მომავალში გამოსცემს კრებულს მეგობრებთან ერთად.
მისი საყვარელი პოეტი რატი ამაღლობელია, ფიქრობს, რომ მას განსხვავებული წერის სტილი აქვს და ამით მოხიბლულია. საყვარელი ლექსიც ამავე პოეტის შემოქმედებიდანაა - "წრე".
ამჟამად გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგია-ფილოსოფიის მეორე კურსის სტუდენტია, ის საზოგადოებრივ აქტივობებში ხშირად ღებულობს მონაწილეობას და ესწრება სხვადასხვა საჯარო ლექციასა და პოეზიის საღამოს, ცდილობს დრო მაქსიმალურად გამოიყენოს, რადგან "წამია, წუთი-სოფელი".
როგორც გიორგი აცხადებს, ის არ არის პოეტი, უბრალოდ წერს ლექსებს, ჩანახატებს, ფიქრობს, რომ "დუმს" სიტყვით და უთქმელ ემოციებს, გრძნობებსა და ტკივილს კალმითა და იმედით ებრძვის.
პოეტისთვის მტკივნეული თემა საზოგადოების განათლების დონეა. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს ახალგაზრდების დამოკიდებულებისადმი წიგნის მიმართ, ფიქრობს, რომ კითხვის დაბალი დონე განსაკუთრებით შემოქმედებითობასა და პოეზიაზე აისახება.
"დიდად სახარბიელო არ არის საზოგადოების დამოკიდებულება პოეზიისადმი, თუმცა, არც მიკვირს. ახალგაზრდობის უმეტესობას პოეზია და შემოქმედებითი კუთხე მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ, რადგან მათ არ იციან ფასი თითოეული იმ სამკაულისა, რაც ლექსით, თეატრითა და პოეზიით მიაღწია კაცობრიობამ".
ახალგაზრდა პოეტებს ურჩევს არ შეწყვიტონ განვითარებისკენ სვლა, ეძიონ, ისწავლონ და შექმნან სულიდან მომავალი სიტყვებისგან ჭეშმარიტება: "ის, რაც საზოგადოებისთვის პოეზიაა, ჩვენთვის კი სულის სარკე. პოეზიის ქარტეხილში გავლას ნებისყოფა და ენერგია სჭირდება, პუბლიკასთან მდგარ პოეტს კი - კარგი მკითხველი, ასე რომ, საკუთარ თავსაც და კოლეგებსაც ვუსურვებდი გვყოლოდეს კრიტიკოსი შემფასებლები, რადგან კრიტიკა ზრდის პოეტს".