მერაბ კოკოჩაშვილი: "მე, რომ ახალგაზრდა ვიყავი..."
13 ივლისი, 2013
მერაბ კოკოჩაშვილი: "მე, რომ ახალგაზრდა ვიყავი..." ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შეგვეძლო, გვენახა ახალი ფილმი. საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ ევროპიდან ბევრი საინტერესო ფილმი შემოვიდა. მე მაშინ 13-14 წლის ვიყავი, მხოლოდ მე არა, მთელი ის თაობა დავინტერესდით კინოთი" - ამბობს 78 წლის მერაბ კოკოჩაშვილი და ახალგაზრდობის წლებს ჩვენთან ერთად იხსენებს. მისი თაობა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში წავიდა პროფესიის დასაუფლებლად.
60-იანი წლების ქართველი თაობა მოსკოვში საერთო საცხოვრებლის ორ ოთახში იყო დაბინავებული. ოთახები ერთმანეთის პირისპირ იყო და მათი მოსახლეები იყვნენ: ოთარ იოსელიანი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ბორის ანდრონიკაშვილი, ცოტა მოშორებით გენო წულაია, ბაადურ წულაძე. მოგვიანებით იგივე სკოლა გაირეს და თბილისში დაბრუნების შემდეგ გაერთიანდნენ: მიშა კობახიძე, რეზო ესაძე, საშა რეხვიაშვილი, გელა კანდელაკი, ზაალ კაკაბაძე. "ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 60-80-იან წლებში უზარმაზარი კვალი დატოვეს ქართულ კინოში. ლანა ღოღობერიძე ჩვენს საერთო საცხოვრებელში არ იყო, მაგრამ პარალელურ ჯგუფებში ვიყავით. სტუდენტები სხვადასხვა პროფესორთან ვსწავლობდით, ესენი იყვნენ მსოფლიოში გამოჩენილი რეჟისორები და დრამატურგები და ერთად ცხოვრების პერიოდში ყველა ჩვენგანს თავისი პედაგოგისგან მოჰქონდა ის მასალა, რასაც ის ასწავლიდა და ყოველ საღამოს კამათი გვქონდა: ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს პრინციპებს, განცდებს, შეხედულებებს, წარმოდგენებს". ეს ახალგაზრდები ერთი წუთითაც არ მოშორებიან საქართველოს. "ამიტომაც იყო, რომ პირველივე ფილმი ჯერ კიდევ ინსტიტუტში ქართულ თემატიკაზე გადავიღე". მერაბ კოკოჩაშვილის მივლინება და ექსპედიცია საქარველოში ორ ოპერატორთან ერთად ინსტიტუტმა დააფინანსა. 5 წლის მანძილზე მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა, ბოლო წელს პრაქტიკა საქართველოში გაიარა. "ჩვენ საშუალება გვქონდა, ფილმებზე გვემუშავა, დილით - სწავლა, საღამოს - რეპეტიციები, გადაღებები. ძალიან კარგი სკოლა გავიარეთ. თაობა იყო ისეთი, რომელსაც მართლა უნდოდა კინოში თავისი სათქმელი ეთქვა. არანაირი სტანდარტი არ შექმნილა. ყველა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. რაც 60-იან წლებში გაკეთდა, ეს იყო ეროვნული ტრადიციისა და კულტურის მატარებელი და ამავე დროს ძალიან ინდივიდუალური კინო".


იმდროინდელ მძიმე წლებს დღეს ღიმილით იხსენებს. "ფული არ გვქონდა არავის, ნახევრად მშივრები ვიყავით, მაგრამ ბედნიერები. სულ ვახერხებდით ერთად ყოფნას. თუ ფული გვქონდა, ვქეიფობდით, ხშირად ამანათებიც მოგვდიოდა საქართველოდან. სტიპენდიას ვიღებდით, მაგრამ ძალიან სწრაფად ვხარჯავდით. ზაფხულობით საქართველოში ჩამოვდიოდით, თუ სამუშაო არ გვქონდა. ჩვენი ძირითადი საჭმელი იყო კონსერვირებული ბადრიჯანი, რომელსაც "ბადრიჯნის ხიზილალა" ერქვა". თამაზ მელიავა მათთან არ ცხოვრობდა, ქალაქში იყო, მაგრამ ხშირად სტუმრობდა. "არაჩვეულებრივი კულინარი იყო, როცა ფული გვქონდა, თამაზი გვიკეთებდა ხოლმე სადილს. ამავე დროს არაჩვეულებრივი თამადა იყო. სუფრის სული და გული". სტუდენტებმა გაჭირვებული ცხოვრებიდან გამოსავალი ნახეს - "ყველა ერთად შევიკარით, კომუნა შევქმენით, ერთად ვდებდით ფულს, რომ ერთი თვის განმავლობაში ერთად გვეჭამა. ელდარ შენგელაია კომუნის თავმჯდომარედ ავირჩიეთ. საერთოდ არიან ადამიანები, ვის მიმართაც ნდობა არსებობს. ელდარი იყო შესანიშნავი წარმმართველი, ფინანსები კი ქართველს არ ანდო, ესტონელი იყო, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ფინანსთა მინისტრი".

მერაბ კოკოჩაშვილი თავისსა და დღევანდელ ახალგაზრდობას შორის პარალელს ავლებს და აღნიშნავს, რომ ახლა გაცილებით მეტი შესაძლებლობაა მსოფლიო კულტურის მისაღებად. "მაშინ ჩაკეტილი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. როცა მოჰქონდათ მსოფლიოში ცნობილი ფილმი, მიიჩნევდნენ, რომ სტუდენტს არ უნდა ენახა. პედაგოგებს შეეძლოთ ყურება, მაგრამ მათ ხომ იცოდნენ, რომ ჩვენც გვინდოდა ნახვა, საჭირო იყო ჩვენთვისაც და გვეუბნებოდნენ, წინასწარ ჩუმად შევყავდით, ფანჯრებზე უზარმაზარი მძიმე ფარდები იყო და ამ ფარდების უკან განაბულები ვიყავით სტუდენტები, რეჟისორები. როცა იწყებოდა ფილმი, სიბნელეში გამოვძვრებოდით და იატაზე ვსხდებოდით. ახლა ჩართავთ ინტერნეტს და ნებისმიერი ფილმის ნახვა მარტივად შეგიძლიათ. საბჭოთა კავშირში კი განსაკუთრებული ხალხისთვის იყო ეს და ჩვენი პედაგოგები ამის საშუალებას გვაძლევდნენ. დღევანდელი ახალგაზრდა უფრო განათლებული უნდა იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს პირიქითაა. მე თვითონ ვასწავლი უნივერსიტეტში და ვხედავ, რა როგორები არიან. ჩვენი განათლება გაცილებით უფრო სიღრმისეული იყო, ახლა უფრო ზედაპირულია და ხელოვნება ზედაპირული განათლებით ვერ კეთდება. შესაძლებელია იმის გამო, რომ კინოში ცუდი მდგომარეობაა ფინანსების თვალსაზრისით, მაგრამ შესაძლებელია იმის გამო, რომ ზედაპირული ცოდნა უშლით ხელს, ჯერჯერობით 60-იანი წლების დონე მიღწეული არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ნელ-ნელა მოხდება".

რეჟისორი გამოსავალს ისეთი სისტემის შექმნაში ხედავს, რომ ინსტიტუტის შემდეგ ახალგაზრდა არ გაჩერდეს და განუწყვეტლივ იმუშაოს, მაშინ ის აუცილებლად რაღაცას მიაღწევს. "ახლა, სამწუხაროდ, წყვეტა უზარმაზარია. ჩვენ რომ ჩამოვედით, მაშინაც ძალიან რთული იყო მუშაობა, მაგრამ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც იყვნენ ჩინოვნიკები და პარტიის წევრები და ამავდროულად იყვნენ პატრიოტები, რომლებსაც კარგად ესმოდათ, რას აკეთებდნენ. როგორ შეიძლება დავივიწყოთ: მიხეილ კვესელავა, აკაკი ძიძიგური, აკაკი დვალიშვილი, თენგიზ გორდელაძე? მიხეილ კვესელავამ რედაქტორად მიიყვანა მთელი ახალგაზრდა თაობა, ახალგაზრდა მწერლები: ნოდარ დუმბაძე, რეზო ჭეიშვილი, ანზორ სალუქვაძე, რეზო ინანიშვილი, გურამ ასათიანი, რეზო თაბუკაშვილი, გურამ გეგეშიძე. ეს ის თაობაა, რომელმაც მერე ქართული ლიტერატურა შექმნა. მათ შექმნეს საფუძველი ლიტერატურისა და კინოს დაახლოების. ლიტერატურის გარეშე კინო არ არსებობს".

კითხვაზე - რას ურჩევდა ახალგაზრდებს? კინორეჟისორი გვპასუხობს: "როცა ვაბარებდი ინსტიტუტში, მიხეილ ჭიაურელმა მითხრა ასეთი ფრაზა: მოთმინება, მოთმინება და მოთმინება. კინო ისეთი პროფესიაა, რომ დიდი მოთმინებაა საჭირო, თუ გინდა, რაღაცას მიაღწიო, ხანგრძლივია და არა მხოლოდ შენს შესაძლებლობებსა და სურვილებზეა დამოკიდებული. კოლექტივის მართვის სისტემაა იქ. შენ ისე უნდა ააწყო ყველაფერი, რომ რაც გაწუხებს, რაზეც ფიქრობ, მსახიობები, კომპოზიტორი, მხატვარი და ყველა დანარჩენი თანაშემოქმედებად აქციო. მათი შემოქმედება რომ იწყება შენს შემოქმედებასთან ერთად, მაშინ გამოდის შედეგი". რეჟისორის თქმით, საბჭოთა სისტემის დროს იყო ფული ფილმის გადასაღებად და არ იყო უფლება გადაგეღო ის, რაც გინდოდა. ახლა ყველანაირი უფლებაა, ფული კი ფილმის გადასაღებად არ არის. მისი თქმით, უნდა დადგეს ისეთი პერიოდი, როცა ორივე გათანაბრდება.

ფიქრობს, ცხოვრებისეული პირობები თუ სხვანაირი იქნებოდა, მაშინ მისი ბედიც სხვანაირი იქნებოდა. ამ გადასახედიდან კი არაფერს შეცვლიდა საკუთარ ცხოვრებაში. ახალგაზრდა რომ იყოს, შეეცდებოდა ისევე, როგორც დღეს, ბოლომდე დახარჯულიყო.

შემოქმედებითი წინსვლა, ალბათ, იქიდან დაიწყო, რომ "ხმელი წიფელი" წარმატებულ ფილმად ჩაითვალა. "ამაში ვაჟა-ფშაველაც არის, პირველ რიგში, "დამნაშავე". მას შემდეგ სულ დიდი წინააღმდეგობები ჰქონდა. არ იყო იდეოლოოგიისთვის მისაღები ის, რასაც მერაბ კოკოჩაშვილი აკეთებდა. ყველა ფილმი მოყოლებული "მიხადან" გაცილებით გვიან გადაიღო, ვიდრე უნდოდა. "ყველა ფილმში, რასაც მე ვაკეთებ, პიროვნების თავისუფლების საკითხია. "მიხაში" სიყვარულის თავისუფლების საკითხი დგას, ფილმი "არდადეგებზე" მოსკოვში ჩაჩეხეს. ასეთი ურთიერთობა მამებსა და შვილებს შორის არ უნდა იყოს-ო. იქ ბავშვის თავისუფლებაზე იყო საუბარი. ამბავს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვყვებოდი. ბავშვობაში მუსიკალური კი ვიყავი, მაგრამ ძალიან მეზარებოდა ვიოლინოზე დაკვრა, არადა დედასა და ჩემებს ძალიან უნდოდათ, მუსიკოსი ვყოფილიყავი. "დიდ მწვანე ველში" არის პროტესტი ცივილიზაციის მიმართ იმ ადამიანის მხრიდან, რომელსც აქვს თავისი სამყარო, თავისებური წარმოდგენა აქვს ოჯახზე და ვერ გაუგო ცივილიზაციის მოსვლას. საქმე იმაშია, რომ არავინ იცის, ცივილიზაცია, თუ ის ბარბაროსულად შეიჭრება ჩვენს სასიცოცხლო გარემოში, მოუტანს კი კეთილდღეობას ადამიანს? 50 წელი გავიდა, რაც ეს ფილმი გადავიღე. დღეს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავებულია. ბუნება იწყებს შურისძიებას ადამიანზე, რადგან ადამიანი არ ინდობს ბუნებას. "გზა" იყო ცდა, როგორმე საქართველოს ისტორია გაგვეაზრებინა. ეს ის პრობლემებია, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ყოველთვის მნიშვნელოვანია".

კინორეჟისორი მიიჩნევს, რომ ოჯახმა შეიტანა დიდი წვლილი მის შემოქმედებითად განვითარებაში. "ოჯახი და წინაპრები აყალიბებენ პიროვნებას. ჩემი წინაპრები გარკვეულ სისტემას შეეწირნენ. სისტემა მათთვის არ იყო მისაღები და არ ემორჩილებოდნენ. გამოდის, სიმართლე ყოფილა ის საფუძველი, რაც ზრდის ადამიანებს. თან ქართველი ხარ და გინდა, შენი ქვეყანა განსაკუთრებული იყოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებ. თუ გინდა გააკეთო, თავისუფალი უნდა იყო აუცილებლად".
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary