„კიკინა“ ექსპოზიციისთვის ემზადება
27 ოქტომბერი, 2013
„კიკინა“ ექსპოზიციისთვის ემზადება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„კიკინა“ სალომე ახალაძისა და ანა ხონელიძის შემოქმედებაა. გოგონებმა სამხატვრო აკადემია დაამთავრეს. სალომე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობს. ანას მეორე პროფესია მულტიმედია დიზაინია. ახალგაზრდებს მეგობრობისა და პროფესიული საქმიანობის გარდა, „კიკინა“ აერთიანებთ. ამზადებენ ორიგინალურ თმის სამაგრებს, გულსაბნევებსა და სხვადასხვა აქსესუარს. ბოლო დროს „კიკინამ“ თოჯინებზე მუშაობაც დაიწყო.
პატარა მაღაზია-სახელოსნოს გაკეთება სურთ, თუმცა, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ერთი ნამუშევარის შესრულებას ზოგჯერ მთელ დღეს უთმობენ, ყველაზე პატარა დეტალსაც კი მოფიქრება და მორგება სჭირდება. ინსპირაცია თავისთავად მოდის. მასალა მრავალფეროვანია: ქსოვილები, ქაღალდები, მძივები, თაბაშირი...

„შეიძლება, ქუჩაში გახვიდე და რამე ისეთს მოჰკრა თვალი, რომ უცებ დაიჭირო და შემდეგ შენს ნამუშევარში განახორციელო. მუშაობის დაწყებამდე ხელით ვაკეთებთ ჩანახატებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნამუშევარი, შემდეგ უკვე მასალაზე ვფიქრობთ, რა მასალით უნდა გაკეთდეს. ძირითადად, როგორიც წარმოგვიდგენია, ისეთი გამოდის ხოლმე“ - აღნიშნავენ გოგონები.

ანა და სალომე ამბობენ, რომ მათი ნამუშევრები ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანებს იზიდავს.

„კიკინას“ პერსონალური პატარა გამოფენა ერთხელ უკვე იყო კაფე „როტონდაში“. ამჟამად, გოგონებს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შესთავაზა პერსონალური ექსპოზიციის გაკეთება, რომელიც, სავარაუდოდ, 31 იანვარს იგეგმება. ანა და სალომე როგორც ძველი, ისე ახალი ნამუშევრების გამოფენას გეგმავენ, აქვთ ახალი იდეები და სურთ, რომ ნამუშევრები ახალი სახით წარმოადგინონ.



სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary