„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები შუასაუკუნეებიდან
02 ნოემბერი, 2013
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები შუასაუკუნეებიდან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შოთა რუსთაველის გენიალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა და კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო შედევრების საგანძურში. გარდა საინტერესო სიუჟეტისა, რომელიც რამდენიმე ხაზად ვითარდება, პოემა ღირსშესანიშნავია იმითაც, რომ დაწერილია ისეთი პოეტური ენით, რომელიც საუკუნეებიის მანძილზე ქართველი პოეტების მიბაძვის საგანი იყო.

„ვეფხისტყაოსანი“ თამარ მეფის ზეობის პერიოდში - „ოქროს ხანად“ წოდებულ საუკუნეში დაიწერა. დიდი პოპულარულობის გამო ძველ საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ბევრი ხელნაწერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მტრის შემოსევის შედეგად, მისი შექმნის დროიდან და მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში ჩვენამდე არცერთ ხელნაწერს მოუღწევია. მეტ-ნაკლებად სრული ხელნაწერები XVII საუკუნიდან მოგვეპოვება.

„ყველაზე ძველი ფრაგმენტი ვეფხისტყაოსნისა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის ორი ფურცელი. მას 1963 წელს ახალციხეში კ. კეკელიძის (ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ექსპედიციამ მიაკვლია, რომელსაც სათავეში ილია აბულაძე ედგა. ფურცლები ხელნაწერის ყდის გასამაგრებლად იყო გამოყენებული. დაშალეს ეს ყდა, ნახეს ხელნაწერი, რომელიც ილია აბულაძემ XVI საუკუნის მიწურულითა და XVII საუკუნის დასაწყისით დაათარიღა. ყველაზე ძველი თარიღიანი ხელნაწერი 1646 წლის არის, რომელიც შექმნილია პოეტისა და იმერეთის მეფის მდივნის მამუკა თავაქარაშვილის მიერ“ - აღნიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერმა თანამშრომელმა ლია კიკნაძემ.

მოღწეული ხელნაწერები განსხვავებულია შექმნის დროის, შედგენილობის, სტილისტური და ენობრივი თავისებურებების მიხედვით, აგრეთვე აშიების გაფორმებით, არსებული ილუსტრაციებითა და მათი ხარისხით.

„შედგენილობის მხრივ არის ძალიან რთული ვითარება, მაგალითად, ხვარაზმელთა ამბავი ყველას სხვადასხვა მოცულობით ჰქონდა დაწერილი. ე.ი მოცულობას რა ცვლიდა? ვისაც არ ეზარებოდა და ვისაც ჰქონდა პრეტენზიები მელექსეობაზე, შიგ ამატებდნენ სტროფებსა და მთელ ეპიზოდებსაც კი. ეს კი „ვეფხისტყაოსნის” მოცულობას ზრდიდა“ - გვითხრა ლია კიკნაძემ.
„ვეფხისტყაოსნის“ სულ 164-მა ხელნაწერმა მოაღწია. აქედან 110-ზე მეტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. დანარჩენი გაბნეულია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა საცავში. 12-მდე ხელნაწერი საზღვარგარეთის (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი) სიძველეთა საცავებშია დაცული.
სხვა სტატიები
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ახალი რუსული გზა „მგზავრებისთვის“
20 სექტემბერი, 2014
ჯგუფი ,,მგზავრების” პროდიუსერი ჯგუფის ისტორიაზე, საქმიანობაზე, ქართველ და უცხოელ მსმენელზე საუბრობს.
,,როცა ადამიანი ნიჭიერია და თვითონვე ქმნის თავისსავე შესასრულებელ კომპოზიციას, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვინაიდან ის გრძნობს პულსაციას, თუ რა სჭირდება ბაზარს, ეს არის ძირითადი კოზირი, რაზეც დგას წარმატების თემატიკა”- ოთარ ედიშერაშვილი.
ინგა ბატატუნაშვილის საღებავები, ტილოები და ფუნჯები
12 ივლისი, 2014
შეხვედრა „დელისის“ მეტროსთან დავნიშნეთ. ინგა ბატატუნაშვილი მხატვარია. მეგობარ მხატვარ სოსო ქუმსიაშვილთან ერთად მხვდება. ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევთ გზას კორპუსებს შორის. „ხომ კარგია, რომ ერთად მოვდივართ, მარტო ვერ მოაგნებდი ამ ადგილს“ - მეუბნება გზადაგზა. კიბეებზე ავდივართ. ოთახებიდან ადამიანები იხედებიან, ინგას ესალმებიან და მოიკითხავენ. უკვე წარმოვიდგინე, როგორია მისი სახელოსნო. ბოქლომს ხსნის, რკინის კარს აღებს და იმწამსვე საღებავების სუნს ვგრძნობ. ნათელი ოთახია სამი კედლის გასწვრივ, პირუკუ ალაგია ნახატები, მეოთხე კედელში ჩასმულ ორ ფანჯარაზე შინდისფერი და მოყვითალო ფარდები გადაწეულია და სინათლე შემოდის. ფანჯრების რაფებზე, ოთახის კუთხეებში, კედლებთან, ფუნჯები, საღებავები და ათასი სხვა ნივთი ალაგია, რომელთა უმეტესობის დანიშნულებას, ალბათ, მხოლოდ მხატვრები თუ მიხვდებიან.

Carpet Cleaning Calgary