აჭარული ნაქარგები
14 ივლისი, 2020
აჭარული ნაქარგები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მთიან აჭარაში ძნელად იპოვით ოჯახს, სადაც თეთრ ტილოზე შესრულებული ფერადი ნაქარგები არ ინახება. აჭარელი ქალები ტილოებზე სხვადასხვა ნახატს ქარგავენ - ძირითადად, ყვავილებსა და სხვადასხვა ორნამენტს, თუმცა, ასევე შეგხვდებათ ამოქარგული ჩიტები და ცხოველები.
For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი

ქარგვა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის ჰობიცაა და კულტურული ტრადიციაც. ადრე თითქმის არ იყო ოჯახი, სადაც ქალი არ ქარგავდა და არ ქსოვდა. ხელსაქმის ცოდნა ქალისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. გოგოებს ხელსაქმეს დედები და ბებიები პატარაობიდანვე ასწავლიდნენ.

სონია ბერიძე მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლომანაურში ცხოვრობს. ასობით სხვა გოგოს მსგავსად, ქსოვა და ქარგვა მასაც ბებიამ ასწავლა.

ნაქარგები

"ქსოვა აჭარაში ოჯახური ტრადიციაა. გათხოვილ გოგოს ყველაფერი უნდა სცოდნოდა. ოჯახში რომ შევიდოდა, ქმარ-შვილისთვის უნდა მიეხედა. ბებიაჩემი ფატყუმე ძალიან ხელმოსაქმე ქალი იყო. ქსოვა მან მასწავლა. ბუხრის უკან დამაჯენდა ზამთრის პირზე და დამაწყებინებდა ქსოვას. ჩემი წინდები მოვქსოვე სულ პირველად. ქსოვას მოჰყვა ქარგვა, რომელიც დედისგან ვისწავლე," - იხსენებს სონია.

სად პოულობენ ორნამენტებს და აქვს თუ არა მას რაიმე სიმბოლური დანიშნულება? - ვკითხეთ სონიას. ის ამბობს, რომ ხშირად საკუთარი ფანტაზიით ქმნის ნაქარგებს, ზოგჯერ კი, ნახატს ჟურნალებში პოულობს და შემდეგ ფერებში თავად აწყობს. სონიამ ბევრი ნაქარგი გააჩუქა, უფრო ცოტა გაყიდა. სახლში მოქარგულ თეთრეულს ინახავს, რომელიც სტუმრისთვისაა განკუთვნილი.

სოფელში თითქმის ყველა ქალი ქარგავს. სონია თავის მეზობელს, მანანა ცეცხლაძეს გვაცნობს. მანანა 36 წლის ახალგაზრდა ქალია, სამი შვილის დედა. მანანამ ქსოვა და ქარგვა დედისგან ისწავლა.

"ბავშვი ვიყავი და მაინტერესებდა, რას აკეთებდა დედა. დავჯექი და ვისწავლე. ახლა ჩემი შვილი როცა უყურებს რომ ვქარგავ, მოდის და მთხოვს ვასწავლო. ასე გადაეცემა თაობიდან თაობას ეს ცოდნა. მთავარია, ტექნიკა იცოდე. შემდეგ იმას, თუ რა ამოქარგო, თავად არჩევ. მაგალითად, ამ ფარდაგზე ამოქარგული ვარდი, ფარდიდან ამოვიღე და შემდეგ ჩემი ფანტაზიით გავაფორმე ფერებით," - გვიყვება მანანა.

მიუხედავად იმისა, რომ ქარგვა შრომატევადი პროცესია და ერთი ტილოს მოსაქარგად ზოგჯერ თვეც კი არის საჭირო, ქალები თავიანთ ნაქარგებს იშვიათად ყიდიან, ძირითადად, აჩუქებენ. მთაში ერთგვარი ტრადიციაა, ახალშექმნილ ოჯახში როცა სტუმრად მიდიან, აუცილებლად ხელით ნაქარგი საჩუქრად მიაქვთ.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary