,,ქალებს გაჭინთვა ეზარებათ’’ - გინეკოლოგები გაუტკივარებითა და საკეისრო კვეთით მშობიარობის შესახებ
26 იანვარი, 2014
,,ქალებს გაჭინთვა ეზარებათ’’ - გინეკოლოგები გაუტკივარებითა და საკეისრო კვეთით მშობიარობის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ტკივილით და შიშით სავსე ყველაზე უცნაური დილა მაქვს, თუმცა, სიხარულით სავსე მოლოდინი და ინტერესი ყველაფერს მავიწყებს. ირგვლივ ყველა დამფრთხალი სახით მიყურებს, ტელეფონში დედის აკანკალებული ხმა მესმის. ძალიან მტკივა. თეთრხალათიან ექიმს ვხედავ, განსხვავებულია სამშობიაროს ბლოკიდან დანახული ხედიც. აქაა... ჩემთანაა ყველა, ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი, მათი დარიგება კი ყველაზე ღირებულია ჩემთვის... მტკივა..’’ – 22 წლის ანა ტკაჩოვა ასე ასახავს მის პირველ სამშობიარო ტკივილებსა და მშობიარობას. ახლა უკვე 2 შვილი ჰყავს და აუტანლად მძიმედ არ მიაჩნია ფიზიოლოგიური მშობიარობისას განცდილი ტკივილი. ტკივილის გაყუჩებისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებას ისევ ეს ამჯობინა.

ახლანდელი ტენდენცია და სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა გოგონები მშობიარობას გაუტკივარების ან შეკვეთილი მშობიარობის საშუალებით ამჯობინებენ. თუმცა, საყურადღებოა, მსგავსი მეთოდით მშობიარობის შემდგომი სიმპტომები.
სამშობიარო ტკივილი ორი ტიპისაა. პირველი წარმოიშობა მაშინ, როდესაც საშვილოსნო – შეკუმშვას, ხოლო ყელი გახსნას იწყებს. ამ დროს ტკივილი უმეტესად ყრუა და გავა-წელის მიდამოში ვრცელდება. მეორე ტიპის ტკივილი მშობიარობის ბოლოს იჩენს თავს და სამშობიარო გზებში ნაყოფის გავლისას ქსოვილების დაჭიმვას უკავშირდება. შეგრძნება ძლიერია და საშოს, სწორი ნაწლავისა და შორისის მიდამოს მოიცავს. მშობიარეს ნაკლებად აინტერესებს, რატომ და როდის აღმოცენდება ტკივილი. მისთვის მთავარია, როგორმე თავი დააღწიოს ამ საშინელ შეგრძნებას.

ტკივილის შესამსუბუქებლად ორი სახის მედიკამენტებს იყენებენ: ანალგეტიკებსა და ანესთეტიკებს. ანალგეზია ტკივილის გაყუჩებას ნიშნავს, ხოლო ანესთეზია – მგრძნობელობის (მათ შორის – მტკივნეული შეგრძნების) გაქრობას. ქირურგიული მანიპულაციების დროს საანესთეზიო საშუალებას იყენებენ, თუმცა მასთან ერთად შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელიც გამოგვადგეს.

ტკივილის გაყუჩება სხვადასხვა გზით: ზოგადი, რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარების საშუალებით ხდება.
ზოგადი ანესთეზია ანუ ნარკოზი უპირატესად საკეისრო კვეთის დროს კეთდება. ამ დროს მშობიარე იძინებს და მხოლოდ მას შემდეგ ახელს თვალს, რაც ახალშობილი ქვეყნიერებას მოევლინება. ზოგადი გაუტკივარება ინტუბაციით (სასუნთქ გზებში სპეციალური მილის ჩადგმით) ხდება. მილის ჩადგმამდე ქალს აძინებენ (საამისოდ ვენაში საძილე საშუალება შეჰყავთ). ამას შეიძლება ახლდეს გართულებებიც – ბონქოსპაზმი, საკვების ასპირაცია (კუჭიდან საკვები სასუნთქ გზებში და საბოლოოდ ფილტვებში ხვდება) და სუნთქვის გაჩერება – მოსალოდნელია, თუმცა, იშვიათად.

საქართველოში ყველაზე ფართოდ გამოიყენება სპინალური და ეპიდურალური გაუტკივარების მეთოდები. ორივე მეთოდი განეკუთვნება რეგიონული ანესთეზიის სახეობას, რომლის დროსაც მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ ნაწილში. მშობიარის ცნობიერება კი ამ დროს ზემოქმედების გარეშეა. სპინალური და ეპიდურალური ანესთეზიის დროს ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ საანესთეზიო საშუალება, რომელიც იწვევს ინექციის ადგილის ქვემოთა არეში შეგრძნების დაკარგვას.
მეან-გინეკოლოგი ჯულიეტა გაგუა აღნიშნავს ანესთეზიისა და გაუმტკივარების მეთოდის თანმდევ უარყოფით მხარეებსა და სიმპტომებს: ,,ყველაზე გავრცელებული მეთოდია ინტრავენური გაუტკივარება. მშობიარობის ინტრავენური გაუტკივარება გამოიყენება, როცა მშობიარობა მტკივნეული, გართულებული და გახანგძლივებულია. ყველა მეთოდს აქვს თავისი უარყოფითი მხარე. დღეისთვის ეპიდურული ანესთეზიის მეთოდი ყველაზე უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის. ამ ანესთეზიის შედეგად ზურგის ტვინის დაზიანება გამორიცხულია’’.

ექიმ ანესთეზიოლოგი კობა კაჭარავა საუბრობს იმის შესახებ, თუ ამდენდ საჭიროა მშობიარობის გაუტკივარება და როდისაა ის აუცილებელი: ,,სამშობიარო ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ტკივილია, რომელსაც კი ადამიანი განიცდის. გასაკვირი არ არის, რომ კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ცდილობდა, ეპოვა ამ ტანჯვის შემსუბუქების გზები. ტკივილს, რომელიც მშობიარობისას აღმოცენდება, მობილიზაციაში მოჰყავს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები. თითქოს მთელი ორგანიზმი ექსტრემალურ რეჟიმში გადადის. არსებობს შემთხვევა, როცა აუცილებელია გაუტკივარებით მშობიარობა: სამშობიარო მოქმედების პათოლოგია (სისუსტე, დისკოორდინაცია და სხვა); თანმხლები დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, თვალის, აგრეთვე - ნეფროპათია, პრეეკლამფსია და სხვა)’’- ამბობს ის.

იმის შესახებ, თუ მუცლადმყოფი ბავშვისთვის რამდენად უსაფრთხოა ზოგადი ნარკოზი, კობა კაჭარავა აღნიშნავს, რომ ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზიის დონე საკმაოდ ზედაპირულია, რათა ნაყოფზე ანესთეტიკების დამთრგუნველი ზემოქმედება გამოირიცხოს.

იმ ქალების უმეტესობა, რომელებმაც ფიზიოლოგიულად იმშობიარეს, მიიჩნევს, რომ ტკივილები მით უფრო ძლიერია, თუ გეშინია. მანამდე შექმნილი სტერეოტიპი, რომ აუცილებლად მტანჯველი ტკივილი გექნება, უფრო მეტად გაუძლურებს ტკივილის გამძლეობისადმი: ,,ტკივილი არანაირად არაა საზიანო, თუ ქალი პანიკაში არ ჩავარდა ან რაიმე სხვა პათოლოგიური მდგომარეობა არ ახლავს მშობიარობას. ტკვილი ნორმალური ბუნებრივი მოვლენაა მშობიარობის დროს. ეს ტკივილი საკმაოდ ასატანია, ნევროზი კი (უფრო კი მშობიარობის შემდგომი დეპრესია) გაუტკივარებით ნამშობიარებ ქალებსაც ემართებათ. ჭინთვის თავი კი, ძირითადად, მაშინ არ აქვთ, როცა ზედმეტ და გადამეტებულ ყურადღებას აქცევენ ტკივილს და ეშინიათ, არასწორად სუნთქავენ და, შესაბამისად, იღლებიან. ამიტომ მგონია, რომ საჭიროა მშობიარობისთვის წინასწარ მომზადება, ინფორმაციის შეგროვება და ა.შ... მაშინ ყველაფერი კარგად იქნება’’ - ამბობს 27 წლის ნინო ნიკურაძე.

,,2012 წელს სამედიცინო დაწერებულებებმა აღრიცხეს 56 746 მშობიარობა. ამავე წელს კი საქართველოში 20 930 საკეისრო კვეთა ჩატარდა. საკეისრო კევეთების რაოდენობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საქართველოში საკეისრო კვეთის მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს’’ - ვკითხულობთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წელს ჩატარებულ ,,ჯანმრთელობის დაცვის’’ სტატისტიკურ ცნობარში. 2013 წელს ჩატარებულ იმავე სახელწოდების სტატისტიკის მოკლე მიმოხილვაში კი ხაზგასმით ვკითხულობთ: ,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 137 ქვეყნის მონაცემთა ანალიზის შედეგად, საქართველო შევიდა იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც საკეისრო კვეთის გამოყენება გადაჭარბებულად მიიჩნევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობის წილი 10%-დან 15%-მდე ნორმად ითვლება“.

„2012 წელს საქართველოში საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობის წილი მშობიარეთა საერთო რაოდენობის 36,6%-ს შეადგენდა და 2000 წლიდან თითქმის 4-ჯერ გაიზარდა’’ -აღნიშნულია საქართველოს დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2013 წელს მომზადებულ ,,ჯანმრთელობის დაცვის’’ სტატისტიკების მოკლე მიმოხილვაში.

,,ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს საქართველოში. ასეთი ტერმინია დამკვიდრებული: ,,ქალებს აღარ უნდათ გაჭინთვა’’, ეს რას ნიშნავს? შეკვეთით კეთდება საკეისრო კვეთა. შეკვეთილ საკეისრო კვეთას გაიკეთებ ერთხელ, ორჯერ და ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება მესამედაც - მეტ შვილს მაინც ვერ გააჩენ. რატომ? საშვილოსნოზე ნაწიბურის მქონე ქალი, ფაქტობრივად, ეს არის ინვალიდი ქალი. როდესაც სამედიცინო ჩვენებაა, ქალმა აუცილებლად უნდა გაიკეთოს საკეისრო კვეთა: ან დედა უნდა გადავარჩინოთ, ან ბავშვი’’ - ამბობს ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი და სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის მეან-გინეკოლოგი მანანა აბულაძე. ის ასევე იხსენებს შემთხვევებსაც, როცა 18-19 წლის აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალგარდა ქალი მისულა და უთქვამს: მე უნდა გავიკეთო შეკვეთით საკეისრო, სპინალურ ანესთეზიას გავიკეთებ, ტკივილს არ ვიგრძნობ, დავიძინებ და გავაჩენ ბავშვს“ - როგორც მანანა აბულაძე აღნიშნავს, ეს არ არის ნორმალური. ,,ამასთან დაკავშირებით ჩვენ კვლევა გვქონდა: როგორ მოქმედებს ანესთეზია ბავშვზე, დედაზე? ბავშვი, რომელიც ბუნებრივი გზით ჩნდება, რომელიც გადალახავს წინააღმდეგობებს, სამშობიარო გზებს - ის უფრო გამოწრთობილია, ბავშვები, რომლებიც საკეისრო კევთით იბადებიან - ხშირად ავადმყოფობენ, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. ამაზე ჩატარდა საინტერესო კვლევა, რომელშიც შეისწავლეს საკეისრო კვეთით დაბადებული 16-17 წლის ბავშვები. აღმოჩნდა, რომ მათ ლიდერობის უნარი არ აქვთ, კარჩაკეტილები არიან. ისეთი წარმატებულები ვერ ხდებიან, როგორც, მაგალითად, ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვები. კარგი იქნება, საზოგადოების დონემდე რომ მივიყვანოთ - არ იკეთონ ეს შეკვეთილი საკეისრო კვეთა’’ - ამბობს ის. საყურადღებოა ასევე მისი მტკიცება, ყველა ახლად შექმნილ ოჯახს თუ 4 შვილი მაინც არ ეყოლა, როგორც ერი, 10 წლის შემდეგ აღარ ვიარსებებთ-ო.

ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი და სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის მეან-გინეკოლოგი მანანა აბულაძე მიიჩნევს, რომ ადამიანის განვითარება იწყება ჩასახვის დღიდან, ამიტომ ქალმა ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში სწორად უნდა იზრუნოს ბავშვზე. ამის შემდეგ კი ბავშვი იქნება ჯანმრთელი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურადაც.

ახალგაზრდა დედებს მშობიარობის დაუძლევლ შიშთან ერთად აწუხებთ უამრავი კითხვა. არ იციან, როგორ მოუარონ საკუთარ თავს, შემდგომში კი - ახალშობილს. სწორედ ამისთვის კლინიკებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ჩამოყალიბდა მშობელთა სკოლები, სადაც ახალგაზრდა წყვილები თავიდანვე სწავლობენ ყოველივეს და გეგმავენ ორსულობას. დედები ორსულობისა და მშობიარობისთვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას გადიან. ამას გარდა სწავლობენ ვარჯიშს, რომელთა დახმარებითაც გაადვილებულია ფიზიოლოგიური მშობიარობა და საჭირო აღარაა დამატებითი გამაყუჩებლებით მშობიარობა.

,,უნდა აღინიშნოს, რომ ქალმა ორსულობის სამი ტრიმესტრის განმავლობაში სწორად უნდა იკვებოს, სწორი წესით უნდა იცხოვროს. ყოველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელია განსხვავებული და საჭირო ქცევა, კვება და ვარჯიში. ყოველივე ამას ქალი სწავლობს მშობელთა სკოლაში. სამწუხაროდ, ამის კულტურა ჩვენს ქალებს არ აქვთ’’ -აღნიშნავს მანანა აბულაძე.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary