აბორტი ანუ მუცლის მოშლა, ორსულობის ვადაზე ადრე შეწყვეტას ნიშნავს, რაც შეიძლება, მოხდეს თავისთავად (ქალის ორგანიზმში მიმდინარე არასასურველი ცვლილებების ან გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად) ან ხელოვნური ჩარევის გზით.
ადამიანების დიდი ნაწილი მედიკამენტოზური აბორტის შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომ ეს არის შედარებით იაფი და მარტივი მეთოდი, შესაბამისად, ჩნდება სურვილი, გაკეთდეს სახლის პირობებში. როცა არ გჭირდება არც ექიმი, არც ავადმყოფობის ისტორია, არც „ზედმეტი“ ფულის ხარჯვა და, ბოლოსდაბოლოს, ამას ვერავინ გაიგებს.
ყველა მიიჩნევს, რომ დალევს ამ „ჯადოსნურ“ აბს და ყველაფერი მოგვარდება. ამიტომაც იწყება წამლის სახელის კვლევა-ძიება და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა.
გინეკოლოგი ლია ლომიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: ,,სინამდვილეში მედიკამენტოზური აბორტი არც ისე უსაფრთხო ღონისძიებაა. საიმედოც და უსაფრთხოც ის მაშინაა, როცა მას აკეთებს და მეთვალყურეობს კვალიფიციური ექიმი. საქმე იმაშია, რომ მედიკამენტებით ორსულობის შეწყვეტას აქვს უამრავი უკუჩვენება. მაგალითად, არ შეიძლება მისი გამოყენება იმ ქალებში, რომელთაც აქვთ საშვილოსნოზე პოსტოპერაციული ნაწიბური (ნაკეისრალი ქალი) და სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადების მატარებლები არიან. ანთებით დაავადებაზე შეიძლება არც იცოდნენ, რადგან ხშირად უსიმპტომოა, მედიკამენტოზური აბორტის წინ უნდა ჩატარდეს ყველა სათანადო კვლევა".
ამ მეთოდის დროს გამოყენებული მედიკამენტებს აქვს გვერდითი ეფექტი, რაც ქალის სიცოცხლეს უქმნის უდიდეს საფრთხეს. მაგალითისთვის გამოდგება ყველაზე ხშირი გართულება – ძლიერი სისხლდენა, რომელიც გამოვლენისთანავე საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას.
როგორც ფარმაცევტი ნათია პეტრიაშვილი ამბობს, რამდენიმე ფაქტი ახსოვს, როცა ახალგაზრდა გოგონებმა დახმარება სთხოვეს. ,,იყო რამდენიმე გოგონა მოსული და მკითხა, რაიმე წამალი ხომ არ ვიცოდი, რომელიც ორსულობის შეწყვეტაში დაეხმარებოდა. მართალია, ამიხსნეს, რომ ეს მის გარდა არავინ იცოდა და დახმარებასაც, შესაბამისად, ვერავის სთხოვდა, თუმცა, ვიცი, რომ ამ ტიპის მედიკამენტების დალევა გართულებას იწვევს და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მათ ვერ გავუწიე დახმარება. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც ვიცი, რომელი მედიკამენტებია, ვიცი მხოლოდ ის, რომ თუ ორსულობის პირველივე კვირეებში არ დალიე, მერე აზრი არ აქვს და მაინც ექიმის ჩარევაა საჭირო".
,,კონკრეტულად მუცლის მოშორების წამალი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ამ მიზნით, ძირითადად, ყიდულობენ ან ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ აბებს, ან იმ პრეპარატებს, რომლებსაც კიბოთი ან სიმსივნით დაავადებულ ადამინებს უნიშნავენ. რა თქმა უნდა, აქვს უკუჩვენება, რაც გამოიხატება სისხლდენაში ან სისხლის მოწამვლაში. დიდია ალბათობა იმის, რომ ნაყოფი არ მოშორდეს, თუმცა, იგი ზიანდება და სავალდებულო ხდება მისი მოშორება. ჩვენი პრაქტიკითა და გამოცდილებით, ძირითადად, ასეთ აბებს ყიდულობენ დაოჯახებული ახალგაზრდები" - ამბობს ჩვენთან საუბარში ფარმაცევტი ია თანდილაშვილი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, აბები, რომლებსაც ორსული ქალბატონები მუცლის მოშლის მიზნით სვამენ, სულ სხვა დანიშნულებისაა. ,,ის წამლები განკუთვნილია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ან ზოგიერთი მხოლოდ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს წარმოადგენს. ამიტომაც მათი კონტროლზე აყვანა არ ხდება და შესაბამისად, ურეცეპტოდაც იყიდება. და თუ რომელიმე აბს ორსული ქალბატონი იყენებს მუცლის მოშლის მიზნით, ამ შემთხვევაში რეკომენდაციას ექიმბაში, მეზობელი ან მეგობარი უწევს და ამ წამლებს ეგ ფუნქცია არ აქვთ“.
ნებისმიერი ქალი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ თავი აარიდოს არასასურველ ორსულობას, ეს კი კონტრაცეფციის სწორად შერჩევის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუმცა, არჩევანში კარგი იქნება, თუ მამაკაციც მიიღებს მონაწილეობას. კონტრაცეფცია – ეს არის თავდაცვა არასასურველი ორსულობისაგან. აბების მიღება ხდება ყოველდღე, ჩვეულებრივ, 21 დღის განმავლობაში. ისინი შეიცავენ კვერცხუჯრედის მომწიფების წარმმართველ ჰორმონებს. საქართველოში ქალბატონები კონტრაცეპტივებს, ძირითადად, მეგობარ-მეზობლებისა და, უკეთეს შემთხვევაში, ფარმაცევტის რეკომენდაციით ირჩევენ. არადა, არასწორად შერჩეულმა კონტრაცეპტივმა, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული გართულება გამოიწვიოს.
,,ბუნებრივია, ყველა წამალს უკუჩვენებაც აქვს, მათ შორის კონტრაცეპტივებსაც. ძირითადად, ეს რისკი დაკავშირებულია იმ პაციენტებთან, რომელთაც თირკმლის, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადება აქვთ. ასევე მწვავე ანთება ან სისხლის შედედების უნარის პრობლემები. კონტრაცეპტივების მიღებამდე, პირველ რიგში, ქალმა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია უნდა გაიაროს. შესაძლოა, ქალი იმდენად ჯანმრთელი აღმოჩნდეს, რომ მას არანაიარი ანალიზის გაკეთება არ დასჭირდეს, მაგრამ თუკი ოდესმე, გადატანილი აქვს ნაღვლის ბუშტის ანთება, თუნდაც, ახლა არ აწუხებდეს, ასეთ ქალს გინეკოლოგი ისეთ კონტრაცეპტივს დაუნიშნავს, რომელიც ესტროგენებს არ შეიცავს. ასევე, თუ ქალს გადატანილი აქვს ტრომბოფლებიტი, მისთვის ყველა ორალური კონტრაცეპტივის დანიშვნა არ შეიძლება. ასეთ ქალს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა - კოაგულოგრამა ანუ ჰემოსტაზიოგრამა" - აღნიშნავს გინეკოლოგი.
პ.ს. გთხოვთ, ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ სიცოცხლეს!