აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
ამიტომ მე სხვა ღირსშესანიშნაობაზე მოგიყვებით, რომლის შესახებაც თითქმის არავინ იცის, აქ ცოტა ვინმე თუ იყო, მაგრამ ამ ადგილმა მომხიბლა, ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები.
აფხაზეთის აღმოსავლეთში ტურისტებს დიდად არ მოსწონთ, მაგრამ აქა-იქ მაინც შემოხვდებით. ვიღაც ცნობილ ტაძრებს ნახულობს, ვიღაც კოლორიტულ სოფლებს სტუმრობს. არის ერთი გზა, ზღვასთან სოფელ აჩიგვარადან, რომლითაც დარწმუნებული ვარ ბოლო ათლწეულის მანძილზე არცერთ ტურისტს უსარგებლია.
მურყანებისა და სხვა არც ისე ღირებული ხეებით დაფარული რამდენიმე კილომეტრიანი გზის შემდეგ ზღვის სანაპიროზე გავდივართ. აქ საოცარი პლაჟებია - გრძელი სანაპირო ზოლი, არანაირი ტალღები, უსუფთავესი წყალი. ამ ტერიტორიაზე სულიერი არ მოიძებნება, ახლომახლო არც სასტუმროა და არც სოფელი მაცხოვრებლებით.
სანაპიროს გასწვრივ არსებულ გზას ნელ-ნელა მივუყვებით. მალე გალის არხს გვერდს ვუვლით და საოცარ ადგილას ვხვდებით. თანამედროვე რუკებზე ეს ადგილი აღნიშნულია როგორც სოფელი გუდაა (გუდავა). სინამდვილეში რეალური გუდაა სულ სხვა ადგილას მდებარეობს, ზღვის სანაპიროსგან მოშორებით. საბჭოთა დროს აქ სოფელი "პრიმორსკოე" იყო, ადგილობრივები ამ ადგილას ახლაც ასე ეძახიან.
ქუჩაზე ვერანაირ სულიერს, ვერც მანქანებს ნახავთ. გვერდით ოთხსართულიანი სახლებია, მარჯვნივ ე.წ. "ჩეხური პროექტის" სახლები მოსჩანს. გასული საუკუნის 80-იან წლებში არა მარტო აფხაზეთში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში ამ პროექტის ბევრ სახლს აშენებდნენ. მსგავს შენობებში დიდი და კარგად დაგეგმარებული ბინები იყო.
გასაკვირია, მაგრამ ჩანს, რომ ზოგიერთ ბინაში ადამიანები ცხოვრობენ - თეთრეულს აშრობენ, სახლის გარშემო ბაღია. ჭაში ჩაშვებული თოკით ნათელია, რომ წყალგაყვანილობა დიდი ხანია არ მუშაობს, წყალი ვედროებით ჭიდან ამოაქვთ, ქუჩაში გაუსვლელად. გამოდის, დიდი ხანია ასე ცხოვრობენ, მიეჩვივნენ, ისწავლეს.
ნათელია, რომ სოფელში ბევრი შინაური ცხოველია, მათი რაოდენობა ადამიანების არსებობაზე უცილობლად მიანიშნებს.
ვეღარც კი ვიხსენებ "პრიმორსკოე" თავისი თანამშრომლებისთვის რომელმა საბჭოთა ინსტიტუმა ააშენა. ისინი ნამდვილად სამოთხეში დაასახლეს, ამავე დროს საკურორტო აურზაურისგან მოშორებით.
უბრალოდ, შემდეგ ომი დაიწყო და ამ ადგილზეც ყველაფერი მოხდა. ძარცვავდნენ, თავს ესხმოდნენ, თუმცა, ადამიანების მცირე ნაწილი გადარჩა. ისინი ყველაფერს გადაურჩნენ.
2016 წელს, ჩვენი სტუმრობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა, არც მაღაზია იყო. რა თქმა უნდა, სკოლაც არაა. ბავშვები, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, საზაფხულო არდადეგებზე იყვნენ ჩამოსულები. სოფელში სკოლამდელი ასაკის მხოლოდ ერთი ბავშვი ცხოვრობდა.
დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ არაფერი შეიცვლებოდა, მარშრუტი და მაღაზია დიდი ალბათობით მომგებიანი ვერ იქნებოდა. ყველაფერი აქვთ - ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ზოგჯერ ხორციც. გალში ხშირად პროდუქტის გასაყიდად მიდიან, დაახლოებით 10 კილომეტრშია. სხვადასხვა საცხოვრებელი პრობლემების მოსაგვარებლად გალშივე დადიან, ოჩამჩირეშიც შეუძლიათ წასვლა. ზოგჯერ, ფული ხელში თუ ჩაუვარდათ, ტაქსისაც იძახებენ, როგორ წესი, ეს ნახევრად სატვირთო გაზელია.
მრავალსართულიანი სახლები მიტოვებულს არ ჰგავდა, მცენარეები არ იყო ამოზრდილი. პირველ სართულებზე შინაური ცხოველების სადგომია, ზედა სართულებს საცხოვრებლად იყენებენ.
ზღვის სანაპიროზე ჩავედით. თვალწარმტაცი სურათი გადაგვეშალა, ამ ადგილას ადამიანები არ საქმიანობენ, ამიტომ ბუნება თავის სივრცეს აფართოებს.
დროულად უნდა მოხვდეთ აქ, რომ ნახოთ, გლობალურ კრიზისის შემდეგ ცხოვრება როგორი იქნებოდა. არსებული ვითარება მალე შეიცვლება, ადგილობრივი მაცხოვრებლები მალე აღარ იქნებიან, ვიღაც წავა კიდეც, ეს ადგილი საცხოვრებლად არ გამოდგება.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა კულტურული ღირსშესანიშნაობები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.