საზოგადოებრივი პრობლემა - ნარკომანია ახალგაზრდებში
15 ივნისი, 2013
საზოგადოებრივი პრობლემა - ნარკომანია ახალგაზრდებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
- გავუკეთოთ?
- რამდენიმე წუთის წინ არ გავუკეთეთ?
- რა ვქნათ? კიდევ ითხოვს... ცუდადაა...
დიალოგი ნარკოლოგიურ ცენტრში ისმოდა. თეთრხალათიანი შპრიცით ხელში შევიდა პაციენტის ოთახში. იმისათვის, რომ პაციენტს ნარკოტიკის ძლიერი მოთხოვნილება შეუმსუბუქონ და ტკივილი ოდნავ მაინც გაუყუჩონ, ნარკოლოგიურ ცენტრებში სხვადასხვა პრეპარატს იყენებენ.

,,ჩვენი პაციენტების საშუალო ასაკი 25-45 წელია, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია ასაკის კლებისკენ, ადრე თუ, ძირითადად, 30 წელს გადაცილებულ პაციენტებს ვმკურნალობდით, ამჟამად ვხვდებით 20-22 წლის ბიჭებს ჩამოყალიბებული ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით" - ამბობს ფსიქიატრიული ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიის -კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი თათა ასათიანი. თათა ასახელებს იმ მიზეზებსაც, რასაც ნარკომანიის გაახალგაზრდავება მოჰყვა. მისი აზრით, მძიმე სოციალური პირობები და საზოგადოების ნარკოტიკების შესახებ არასწორი ინფორმირება არის ის მიზეზები, რაც ძირითად შემთხვევაში ხელს უწყობს ნარკოტიკების მცირე ასაკიდან მოხმარებას.

ფსიქოლოგი გიორგი კალანდარიშვილი ხსნის იმ მიზეზებს, რასაც 18-20 წლის ახალგაზრდა მიჰყავს ნარკოტიკის გასინჯვამდე. ,,ნარკოდამოკიდებული პირის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც შესაძლოა, მეტად მგრძნობიარეა გარემო სტრესისადმი, ვერ უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს, რომლებიც მრავლადაა ჩვენს საზოგადოებაში. ასაკი სულ უფრო ახალგაზრდავდება, იშვიათად, რომ, ვთქვათ, 50-60 წლისას დაიწყოს ადამიანმა ნარკოტიკის მოხმარება. ხშირად ნარკოდამოკიდებულ პირებს აქვთ პრობლემები ურთიერთობებში, მათ შორის ოჯახში, მშობლებთან, ეს შესაძლოა, განსაკუთრებით აქტუალური იყოს 18-20 წლის ასაკში". მისი თქმით, ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში კიდევ უფრო გახშირდა საზრისის არარსებობა. ,,არ იციან, რა უნდათ. ხშირად იმის გამო, რომ ახალგაზრდა ვერ ეურთიერთობება გარშემომყოფებს, თავისი ჭარბი მორიდებულობის ან შფოთვის გამო (ამ მდგომარეობას ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში სოციოფობიას ანუ საზოგადოების შიშს ვუწოდებთ) იკეტება საკუთარ თავში და იწყებს ნარკოტიკის მიღებას, რათა როგორღაც გაანეიტრალოს სტრესი" - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდებში იმატა ნარკოტიკული საშუალებებისადმი დამოკიდებულებამ. 21 წლის ნიკას აზრით, ნარკოტიკული ნივთიერებები ახალგაზრდებში მისდამი ძლიერი აკრძალვის გამოც შეიძლება გახდეს მიმზიდველი. ,,ცნობილია, რომ ყველაფერი აკრძალური მომხიბვლელია. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ნაკლებია კანონის პატივისცემა და კანონები იმისთვის არსებობს მხოლოდ, რომ დაარღვიო, ნარკოტიკის მოხმარება ბოლომდე მაინც ვერ აღიკვეთება".

ილიას თქმით, მას საკუთარი თვალით აქვს ნანახი, რა საშინელ მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები ნარკოტიკის მოხმარების შედეგად. ,,კრაკადილის" სახელწოდებით ცნობილი ნარკოტიკი, რომელიც სახლის პირობებში მზადდება და ყველაზე იაფი ჯდება, დამღუპველია ადამიანის ორგანიზმისთვის. სამჯერ ან ოთხჯერ მიღების შემდეგ მასზე დამოკიდებულები ხდებიან და რამდენიმე თვეში კი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი შლის კანის ქსოვილებს, გამანადგურებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწყება სხეულის ცალკეული ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა. სულ რაღაც ორ თვეში მომხმარებელს ერთმევა კიდურები, რასაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების საბოლოო მოშლამდე და ლეტალურ შედეგამდე მივყავართ. ,,სიმართლე რომ ვთქვა, ნარკოტიკის მოხმარებამ ახალგაზრდებში მოიმატა. ,,კრაკადილის" სახელწოდებით გავრცელებული, ხელმისაწვდომია ყველასთვის" - ამბობს თსუ-ს სტუდენტი ილია ქიბროწაშვილი.

"ბოლო დროის კვლევების თანახმად, ინექციური ნარკოტიკის 40 000 მომხმარებლის თითქმის ორმა მესამედმა ნარკოტიკების მოხმარება მოზარდობის პერიოდში დაიწყო. საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც აივ/შიდსის გავრცელება მატულობს. ახლად დარეგისტრირებული შემთხვევები 10–ჯერ უფრო მეტად გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. აივ–ის ეპიდემია მეტწილად მამაკაცებში (შემთხვევების 75%) და მაღალი რისკის ჯგუფებშია კონცენტრირებული. ისევე როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის/დსთ–ს რეგიონის უმეტეს ქვეყანაში, საქართველოშიც ინექციური ნარკოტიკების მოხმარება ინფიცირების უმთავრესი ფორმაა და ყველა იმ შემთხვევის 54,6%–ს შეადგენს, სადაც ინფიცირების გზა ცნობილია. საშუალოდ, ყოველწლიურად აივ–ით ინფიცირების შემთხვევების 45%–ის აღმოჩენა ხდება გვიან, როდესაც შიდსი კლინიკურად უკვე გამოვლენილია" - ვკითხულობთ 2012 წლის "ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის" დღესთან დაკავშირებულ  "იუნისეფის" მიერ გაკეთებულ დასკვნაში.

შიდსის ცენტრის ანონიმური კონსულტირების კაბინეტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმის მაია ცინცაძის თქმით, ცენტრის ანონიმური კონსულტირების კაბინეტს აივ კონსულტირებისა და ტესტირების ჩასატარებლად ყოველდღიურად 30-40 ადამიანი აკითხავს. ასაკობრივი ჯგუფი კი, ძირიათადად, 20-50 წლის მამაკაცებს მოიცავს.

ნარკოლოგიური კლინიკა ,,ბემონის" ექთნის იზოლდა გელაშვილის თქმით, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის ნაწილობრივ დამარცხებას ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ მათი სურვილით თუ შეძლებენ. მისი თქმით, მხოლოდ ამ სურვილის მქონე პირები კლინიკაში მუდმივად მოდიან და ამას გადავსებული პალატები მოწმობს. კლინიკა ,,ბემონში"" მკურნალობა ფასინია, ერთთვიანი მკურნალობა, 12 დღე სტაციონარი, 18 დღე ამბულატორია – 3720 ლარი ღირს, ხოლო 21 დღე სტაციონარი, ამას დამატებული 10 დღე ამბულატორია - 5346 ლარი. ,,კლინიკაში პაციენტს ოჯახური გარემოა აქვს შექმნილი, პალატა იგივე საცხოვრებელი ოთახია, შეუძლია სტუმრების მიღება, დატოვება. გადახდილ თანხაში შედის კვებაც"- ამბობს იზოლდა გულიაშვილი.

2008 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი. ცენტრში მუშაობა შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობს: თანასწორგანმანათლებელთა მომზადების მიზნით, რემისიის მდგომარეობაში მყოფ ნარკომომხმარებლებთან საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობა; ბენეფიციარებს ურიგდებათ ცენტრის სპეციალისტების მიერ შემუშავებული და გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ. ბეჭდვით მასალას თანასწორგანმანათლებლები თავის გარემოცვაში ავრცელებენ. კონტინგენტის თავისებურებიდან გამომდინარე, სესიები ანონიმურად მიმდინარეობს; ნარკომომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ დახმარებას/ფსოქოთერაპიას გადიან, ტარდება სატელეფონო კონსულტაციები. ცენტრის დირექტორის თეა გოგოტიშვილის თქმით, მათი დამფინანსებელია "გლობალური ფონდი მალარიის ტუბერკულოზისა და შიდსის წინააღმდეგ". შესაბამისად, ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ცენტრში უფასო სერვისს იღებენ. ცენტრს აქტიურად სტუმრობენ, როგორც მოწიფული ადამიანები, ასევე ახალგაზრდები.

იმისათვის, რომ ახალგაზრდებში სკოლის ასაკიდანვე გახდეს ცნობილი ნარკოტიკის მოხმარების დამღუპველი შედეგები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ორგანიზაციები: "ბემონი", "გაიდეა" და "იუნისეფი" 20 ივნისიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ანტინარკოტიკულ საინფორმაციო კამპანიას განახორციელებენ. პროექტი ითვალისწინებს თანასწორ განმანათლებელთა ტრენინგებსა და სპორტულ აქტივობებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი და უსაფრთხო ქცევის პოპულარიზაცია: 1. ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები) და მათი მოხმარების შედეგების შესახებ ახალგაზრდებისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება; 2. აივ ინფექციის თავიდან აცილების გზებისა და აივ ტესტირების მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება; 3. ახალგაზრდების მოტივირება, აქტიურად ჩაერთონ უსაფრთხო ქცევის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვახტანგ ასანიძის თქმით, ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული კამპანია წელს პირველად გამოცხადდა, თუმცა, მომავალში სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

სხვა სტატიები

არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. საზარელი მკვლელობის, ძარცვის, ქურდობის, სხეულის დაზიანების შესახებ მუდმივად გვესმის.
სრულად
რამდენჯერ გიყიდიათ საკვები პროდუქტები გარემოვაჭრეებთან? გიფიქრიათ, რომ შედარებით დაბალ ფასთან ერთად შეიძლება ხარისხიც არ იყოს შესაბამისი?
„ამას მაინც გავყიდი, მაგრამ სხვა პროდუქტებს რა ეშველება?“ - ერთ-ერთი გარემოვაჭრე ხორცპროდუქტებს სითხით ნამავდა და გვერდით მდგომს ესაუბრებოდა.
სრულად

ყველაზე პოპულარული






Carpet Cleaning Calgary