For English version click here - link.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.
ქემალი ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს. ამბობს, ლამის უკანასკნელი ოსტატი დავრჩი, ვინც დღემდე ჯიუტად არ ეშვება საყვარელ საქმეს და აკვანს ვამზადებო.
იხილეთ ფოტოისტორიის ფეისბუკის ლინკი.
ქემალი ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს. ამბობს, ლამის უკანასკნელი ოსტატი დავრჩი, ვინც დღემდე ჯიუტად არ ეშვება საყვარელ საქმეს და აკვანს ვამზადებო.
აკვნის დამზადება ბაბუამ და მამამ ასწავლა. თავად ქემალმა წინაპრების ტრადიცია არ დაარღვია და შვილსაც შეასწავლა. 40 წელია რაც ამ საქმეზე მუშაობს, თუმცა, ბოლო წლებში ძალიან შეუმცირდა შეკვეთა.
„წელს მხოლოდ ორი აკვანი გავაკეთე. ერთს ახლა ვასრულებ, ოზურგეთიდან, სოფელ ნასაკირალიდან დამიკავშირდნენ და იქ უნდა გავაგზავნო. ერთი აკვანი 150 ლარი ღირს. ვამზადებ პატარა, სათამაშო აკვნებსაც. მერე მიმაქვს და ბათუმში ბაზარში 20 ლარად ვაბარებ. სათამაშო აკვნები უფრო იყიდება,“ - ამბობს ქემალ ბედინაძე.
მისი თქმით, აკვნის დამზადებას დიდი შრომა და ყურადღება სჭირდება. აკვანი ძირითადად, ცაცხვის, თხმელის, წაბლის და წითელისგან კეთდება. ნაწილი დაზგაზე ითლება, რამდენიმე დეტალი კი, ე.წ. რკალები უნდა მოიხარშოს.
„დიდ ქვაბში ცეცხლზე ვხარშავ ამ რკალებს. წიფელა ირკალება ყველაზე კარგად. ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ყველაფერი უზადოდ უნდა იყოს, რომ კლიენტი კმაყოფილი დარჩეს,“- გვიხსნის ქემალი.
მარადიდი პატარა ისტორიული სოფელია მდინარე ჭოროხის პირას. თითქმის, ყველა სახლში მოიპოვება ხის დაზგა.
ჭოროხის ხეობას უძველესი დროიდან სანაოსო ფუნქცია ჰქონდა. ნავით ართვინიდან ბათუმამდე ჩადიოდნენ და ამ გზით გადაჰქონდათ როგორც ტვირთი, ისე მგზავრები გადაჰყავდათ. ამბობენ, რომ ჭოროხის ხეობის სოფლებიდან ყველაზე მეტად ნავების მშენებლობა სოფელ ქვედა მარადიდში იყო განვითარებული. ადგილს, სადაც ნავი შენდებოდა, თერცხანე ერქვა. გადმოცემის თანახმად, ქვედა მარადიდში ოცამდე თერცხანე ყოფილა. მე-20 საუკუნის დასაწყისში სამანქანე გზის გაყვანამ ნაოსნობა შეამცირა, მოგვიანებით კი სრულად შეწყდა.
სწორედ ამ პერიოდში სოფელში ახალ ტრადიციას ეყრება საფუძველი. ხელოსნებმა, რომლებიც ადრე ნავებს ქმნიდნენ, აკვნების კეთება დაიწყეს.
მარადიდში პირველი აკვნის დამზადება მარადიდელ ქამილ და ილიას დიასამიძეების სახელთანაა დაკავშირებული. მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ სოფელში. თუმცა, თავიანთი წინაპრების პროფესიას აღარ მიჰყვებიან.
ახმედ დიასამიძის ოჯახში ინახება ბაბუის, ილიას დიასამიძის ნაქონი მექანიკური დაზგა, რომელზეც აკვანს აკეთებდნენ. დაზგა მექანიკურია. მის ასამუშავებლად ბორბალი ხელოსანს ფეხით უნდა ემოძრავებინა.
მარადიდელები თავდაპირველად აკვნებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ. მალე აკვნის გაკეთებით სოფლის სხვა მოსახლეებიც დაინტერესდნენ და მეოცე სუკუნის 60-70-იან წლებში უკვე ბევრ ოჯახში გაჩნდა დაზგები და ხელოსნები, რომლებიც ამ საქმიანობას მისდევდნენ. ამჟამად სოფელში სულ ხის სამი ოსტატიღა ცხოვრობს.
პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.
პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოისტორიებში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ან თავისუფალი ასოციაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.