ESN TBILISI ISU- მარტივი გზა უცხოეთში განათლების მისაღებად
11 მაისი, 2014
ESN TBILISI ISU- მარტივი გზა უცხოეთში განათლების მისაღებად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს, ხშირ შემთხვევაში გაცვლით პროგრამებსა და სხვა უამრავ პროცედურულ საკითხებზე სწორი და ამომწურავი ინფორმაციის არქონა ხდება ის უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც ახალგაზრდები ვერ ახერხებენ უცხოეთში გამგზავრებასა და განათლების მიღებას.
საერთაშორისო სტუდენტთა კავშირი (International Students Union (ISU)) არის არასამთავრობო არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს და ეხმარება ახალ გარემოში მოხვედრილ სტუდენტებს კულტურულ და სოციალურ ადაპტაციაში. რაც მთავარია, ორგანიზაცია ზრუნავს სტუდენტების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.

ESN TBILISI ISU უდიდესი ევროპული ორგანიზაციის Erasmus Student Network (ESN)-ის წევრია, რომლის პირველი სექცია 1989 წელს დაარსდა ქალაქ უტრეხტში, ნიდერლანდებში. ადგილობრივი სექცია კი საქართველოში 2011 წელს ESN Tbilisi ISU-ს სახელით ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის მუშაობის პრინციპი დამყარებულია მოხალისეობრივ ბაზაზე, სადაც სტუდენტები მუშაობენ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების სფეროში. როგორც ESN TBILISI ISU-ს პრეზიდენტმა მერიემ ჯანთეზმა გვითხრა: „„Erasmus Student Network“-თან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ვიმოქმედოთ საერთაშორისო დონეზე. ამ კუთხით ISU აქტიურად მუშაობს კულტურული ინტეგრაციის პროგრამებზე და ხელს უწყობს სხვადასხვა ეროვნებისა და რწმენის სტუდენტებს შორის მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას. სახელმწიფო სტრუქტურებთან გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები, რაც ხელს უწყობს ჩვენ მიერ ორგანიზებულ აქტივობებსა და პროექტებს წარმატებით განხორციელებაში“.

როგორც კი გაცვლითი პროგრამები მიღებას აცხადებენ, ISU სხვადასხვა უნივერსიტეტში ატარებს არაერთ საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის ტრენინგსა და სემინარს, რომლებიც ასევე ინფორმაციის გაზრდას ემსახურება ახალგაზრდებში.
ერასმუს მენდუსის პროგრამის შესახებ თუ ყველას არა, უმრავლესობას მაინც სმენია, შესაბამისად, ქართველ სტუდენტთა დაინტერესება ამ პროგრამისადმი ყოველწლიურად იზრდება, რაც ინფორმაციის ეფექტური გავრცელების დამსახურებაა. ISU, როგორც ამ სფეროში მომუშავე ყველაზე აქტიური ორგანიზაცია, მაქსიმალურად ცდილობს, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია არ უზრუნველყოფს სტუდენტების გამგზავრებას უცხოეთში, უბრალოდ მათ გაცილებით დიდ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, ვიდრე სტუდენტს, რომელსაც გაცვლითი პროგრამით წასვლა სურს საზღვარგარეთ. „ამ ინფორმაციის მეშვეობით მაქსიმალურად ვეხმარებით სტუდენტებს, თუმცა, არსებობს ფაქტორები, რაშიც ჩვენ ვერ ვერევით, თუნდაც უცხო ენის ცოდნის დონე, ასევე ის ქულები და GPA, რომელიც სტუდენტმა მშობლიურ უნივერსიტეტში მოიპოვა, ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა, აქ ჩვენ, რასაკვირველია, უძლურები ვართ“ - განგვიმარტმა მერიემ ჯანთეზმა.

ISU სტუდენტების ინფორმაციით მომარაგების გარდა, აქცენტს სხვადასხვა უცხოურ პროგრამაში გამარჯვებულთა სიების ოფიციალურ გავრცელებაზე აკეთებს. დაახლოებით მაისის თვიდან უამრავი გამარჯვებული/შერჩეული სტუდენტი უკავშირდება მათ, რომელთაც არაერთი პრობლემა აწუხებთ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა ვიზასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრ სტუდენტს სავიზო პრობლემის გადაჭრაში ზუსტად ეს ორგანიზაცია დაეხმარა, როგორც ორგანიზაციაში გვითხრეს, რიცხობრივი მაჩვენებლის დასახელება საკმაოდ რთულია, რადგან გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 სტუდენტს შეადგენს.

გარდა ზემოთ დასახელებული საქმიანობისა, ორგანიზაცია პერიოდულად მუშაობს სხვადასხვა მცირე პროექტზე, ეხმარება საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ქართული ენის შესწავლა. ორგანიზაციის პრეზიდენტი ერთ-ერთი პროექტის დეტალებზე გვესაუბრა: „ჩვენ შევქმენით პროექტი Language Club, აქ ჩვენი ორგანიზაციის წევრები ატარებენ გაკვეთილებს, რასაკვირველია, სრულიად უფასოდ და ასწავლიან სტუდენტებს ქართულ ენას. ჯერჯერობით ეს პროექტი ვრცელდება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებზე. თუმცა, მომავალში ვგეგმავთ უფრო ფართო სახე მივცეთ პროექტს”.

Isu-სთან დაკავშირება ძალიან მარტივია. საკმარისია დაინტერესებულმა პირმა მოიწონოს ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/ESN.Tbilisi.ISU, სადაც თვალს მიადევნებს სიახლეებს და შეძლებს მათთან დაკავშირებას. ან კითხვები მისწეროს ელექტრონულ ფოსტაზე: info@esn.ge , სადაც ორგანიზაციის კომპეტენტური წევრები მომენტალურად გასცემენ პასუხს და გაუწევენ უფასო კონსულტაციას.

რაც შეეხება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკრეტული საფეხურების გავლას, დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ვებგვერდზე http://www.esn.ge/ka, რომელიც სპეციალურად გაცვლითი პროგრამებით დაინტერესბული ახალგაზრდებისთვისაა შექმნილი. ვებგვერდი თავისი არსით არის უნიკალური, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს არის ერთადერთი ონლაინსივრცე, სადაც განთავსებულია ერასმუს მუნდუსის საქართველოსთვის გახსნილი ყველა პროგრამა და არა მარტო. ასე რომ, მათ, ვისაც სურს უცხოური განათლება და მათ სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ საკითხს, გირჩევთ აქედანვე მიმართოთ ISU-ს და მიიღოთ ამომწურავი, სანდო, საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია ყველა იმ საკითხსა თუ პროცედურაზე, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენი გეგმების წარმატებით განხორციელაში.
სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სრულად
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary