,,ინტეგრალი“ მეგობრობისათვის
09 ივნისი, 2014
,,ინტეგრალი“ მეგობრობისათვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში ახალი კურსდამთავრებულები მიემგზავრებიან რეგიონებში და არაქართულენოვან მოსახლეობას ქართულ ენას, საკომუნიკაციო ქართულს ასწავლიან.

სწორედ ამ პროგრამის მონაწილე ვიყავი 2011-2013 წლებში" - ყვება ა.ა.ი.პ ,,ქართველ მისიონერთა ჯგუფი ინტეგრალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გელა აბრამიშვილი ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას.

პროგრამამ ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მთელი საქართველო მოიცვა. გელა აბრამიშვილი ერთ-ერთია პროგრამის პირველ ეტაპზე ჩართული 195 მოხალისე მასწავლებლიდან. ,,გარდა იმისა, რომ ჩვენ ვასწავლიდით ქართულს მერხებთან ფორმალური გაკვეთილების საშუალებით, ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ არაფორმალური გაკვეთილები ჩაგვეტარებინა, ასე ვთქვათ, მათთვის გავსულიყავით ბუნებაში. მოგეხსენებათ, ბუნებრივ გარემოში ენის სწავლა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშუალება" - ამბობს გელა აბრამიშვილი.

2011 წლის დეკემბრისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა მცირე გრანტების კონკურსი, რომლის ფარგლებში 10 წარმატებული პროექტი უნდა დაფინანსებულიყო. ,,რამდენიმე ადამიანმა, ვინც ერთმანეთთან ახლომდებარე სოფლებში ვიყავით, გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით და დაგვეწყო პროექტის წერა. 100-ზე მეტი განაცხადი იყო შესული და ათ საუკეთესოს შორის მოხვდა ჩვენი პროექტი ,,დარგე მეგობრობის ხე". პროექტის ფარგლებში ჩვენ ავირჩიეთ სამი არაქართულენოვანი სკოლა და დავამეგობრეთ გურჯაანის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან. პროექტის ფარგლებში, ჩვენ, ერთი მხრივ, ქართველები წამოვიყვანეთ და დავტოვეთ ადგილობრივ, აზერბაიჯანულენოვან ოჯახებში, გარკვეული ხნის მანძილზე და პირიქით, აზერბაიჯანელი ბავშვები წამოვიყვანეთ და დავტოვეთ გურჯაანში" - ამბობს გელა აბრამიშვილი.

პროქტი ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. კოორდინატორის თქმით, პროექტის მთავარი მიზანი იყო გაუცხოებისა და ნიჰილიზმის მოსპობა კულტურებსა და ტრადიციებს შორის და არაქართულენოვანი ბავშვებისათვის ქართულის სწავლის მოტივაციის გაჩენა. ,,სხვადასხვა აქტივობა იყო დაგეგმილი: პოეზიის საღამოები, მეგობრობის კოცონი, ჩურჩხელების ამოვლება - თათარაობა და ვცდილობდით, რომ კულტურათაშორის გაცვლა მომხდარიყო. იმდენად კარგი შედეგი გამოიღო პროექტმა, რომ ორი წელი გავიდა პროექტის შემდეგ და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებს შორის მიმოწერა, ურთიერთობა და იმ შედეგს, რაც გვქონდა გეგმაში - ბავშვებში ქართულის სწავლის მოტივაცია გაგვეჩინა, ქართველი მეგობრები გაგვეჩინა, მივაღწიეთ" - ამბობს პროექტის კოორდინატორი.

,,ქართველ მისიონერთა ჯგუფი ინტეგრალი" პროექტის ავტორებმა მისი დასრულების შემდეგ 2012 წლის იანვარში ჩამოაყალიბეს. პროექტების სამიზნე ჯგუფი საჯარო სკოლების მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები არიან. გაერთიანების სამუშაო მიმართულება არაქართულენოვანი ბავშვების ქართული ენით დაინტერესება და მათთვის მეგობრობისა და ურთიერთობისათვის ბუნებრივი გარემოს შექმნაა. ,,რაც შეეხება მისიონერობას, გაერთიანების წევრებს უნდა გვეცხოვრა მრავალეთნიკურ სოფლებში. თანაც, ამ დროს ჩვენც სტერეოტიპების მსხვერპლნი ვიყავით. ორგანიზაციის შექმნის მოტივი და მთავარი იდეა ეს იყო, რომ ის, რასაც შენ მერხთან ასწავლი, არის შედეგიანი და თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ბუნებრივი გარემო - ქართულ ენაზე კომუნიკაცია, მათთან დამეგობრება, არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვაკეთებდით ამ პროექტებს" - ამბობს გაერთიანების დამფუძნებელი.

ორგანიზაციის მეორე პროექტია ,,შემოქმედი", ის ,,სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების" ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და სამ თვეს გაგრძელდა. მიზანი იყო არაქართულენოვანი ბავშვებისთვის ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტექნიკის სწავლება. ქართული კულტურისადმი ინტერესის გაჩენა ისე, რომ მათი კულტურა არ დაჩრდილულიყო და პროექტი მათთვის ქართული კულტურის თავს მოხვევა არ ყოფილიყო. ,,მეორე პროექტში ჩართული იყო 30 მოსწავლე სამი სოფლიდან. 15-მდე მოსწავლეს ვასწავლეთ ტიხრული მინანქრის გაკეთება და 15-მდე გოგონას - თექასა და ქართულ ორნამენტებზე მუშაობა. შემდეგ გავმართეთ ორი გამოფენა: ერთი მარნეულში, გამგეობის შენობაში, დავპატიჟეთ სტუმრები და ვაჩვენეთ ადგილობრივ საზოგადოებას, რა შეიქმნა სამი თვის განმავლობაში. მარნეულის შემდეგ თბილისში, მასწავლებლის სახლში იყო იგივე გამოფენა" - ამბობს გელა აბრამიშვილი.

მესამე პროექტი ,,საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის GFSIS" დაფინანსებით განხორციელდა. კოორდინატორები შეეცადნენ, მონაწილეები კონკრეტული თემების მიხედვით დაეჯგუფებინათ. ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს წინასწარგანსაზღვრულ თემებზე ერთად უნდა ემუშავათ. ,,თემები იყო, მაგალითად, აღდგომის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები და ნოვრუზ ბაირამის წეს-ჩვეულებები. რა საერთო აქვა ამ ორ დღესასაწაულს და რა განსხვავებული. თემა იყო ისტორიულ ძეგლებზეც. კახეთშიც ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია, რამდენიმე შევარჩიეთ და ამაზე მუშაობდნენ ბავშვები. ეს პროექტიც სამთვიანი იყო. ინფორმაციის მოძების შემდეგ მიდიოდა ერთმანეთში გაცვლა. ბავშვებმა იმუშავეს პრეზენტაციის ტექნიკების განვითარებაზეც" - ამბობს გელა აბრამიშვილი. 

,,ინტეგრალის" სამივე პროექტის მონაწილეა აისელ ნაიბოვი. გოგონამ სკოლა დაამთავრა და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. მისი თქმით, პროექტებში მიღებული გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის დროს გამოადგება. "პროექტში ბევრი რამ ვისწავლე, საქართველოს კულტურა, ისტორული ადგილები, ქართული კერძები. ტრენინგზე ვისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება და კონტაქტის წესები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ცხოვრებაში უნდა ვიცოდეთ, ადამიანებთან როგორ ვიკონტაქტოთ. ეს უნივერსიტეტშიც დამეხმარება. ქართული და აზერბაიჯანული მეგობრობა განვითარდა. მას შემდეგ ვეკონტაქტები მათ და რამდენიმე ბავშვთან შეხვედრაც მქონდა. თოჯინები და სამაჯურები, რაც პროექტში გავაკეთე, სახსოვრად მაქვს შენახული" - ამბობს აისელი ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას.

გელა აბრამიშვილის თქმით, ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან სტერეოტიპების დასანგრევად ბევრი მუშაობა და დიდი დროა საჭირო: ,,ინტეგრაცია ასე სწრაფად არ მოხდებოდა. ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო და ანალიზი. იქაური მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე, როგორც აქაურები, სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან. ჩემი გამოცდილებიდან ვფიქრობ, რომ ქართველ მოსწავლეებთან მეტია სამუშაოა სტერეოტიპების კუთხით". 

გელა აბრამიშვილის თქმით, ,,იტეგრალის" წევრები ამჟამად პროექტებზე არ მუშაობენ, თუმცა, სამომავლოდ საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კოალიციური პროექტების შექმნას გეგმავენ. პროექტების მიზანი კი იგივე იქნება: ,,გაუცხოების მოსპობაზე მუშაობა, ქართული ენის სწავლისთვის ბუნებრივი გარემოს შექმნა, ბავშვების ერთმანეთთან დამეგობრება და ერთმანეთის მიმართ ინტერესის გაჩენა".






სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სრულად
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary