"კავკასიური ლიგა" კავკასიელ ახალგაზრდებთან თანამშრომლობას გეგმავს
"კავკასიური ლიგა" კავკასიელ ახალგაზრდებთან თანამშრომლობას გეგმავს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ში კავკასიოლოგიის სპეციალობაზე ქართველ სტუდენტებთან ერთად სწავლობენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოში, ასევე ახალგაზრდები ჩრდილოეთ კავკასიიდან და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან.

კავკასიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებში დიდხანს არსებობდა იდეა, შეექმნათ ახალგაზრდული გაერთიანება, რომელიც რეალურად იმუშავებდა, როგორც არასამთავრობო, არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია. 2012 წლის შემოდგომის სემესტრში კი იდეა განახორციელეს. დაარსდა "კავკასიური ლიგა". მისი ხელმძღვანელის ნოდარ თოთაძის თქმით, სტუდენტები კარგად აცნობიერებენ ახალგაზრდა თაობის როლს თანამედროვე ქვეყნის ცხოვრებაში და სურთ, წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში. სტუდენტების აზრით, ჯანსაღად მოაზროვნე მომავალი თაობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მითუმეტეს პოლიეთნიკური და პოლიკონფესიური კავკასიის ახალგაზრდობის როლი დიდი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და ინტეგრაციის პროცესებში. "ვამბობ "უნდა იყოს-მეთქი", რადგანაც რეალურად დღეს ასე არ არის. თუნდაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ყოველთვის იყო სამოქალაქო აქტივობის ცენტრი, სტუდენტთა სამოქალაქო აქტივობა საკმაოდ დაბალია. ეს განსაკუთრებით უნდა ითქვას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ" - აცხადებს ნოდარ თოთაძე.

მაშინ, როდესაც ნოდარ თოთაძემ იდეები გაუზიარა სტუდენტებს და მათი ხედვა საერთო აღმოჩნდა რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ, დაიწყეს ფიქრი, რისი გაკეთება შეიძლებოდა და ზოგადად, რა სურდათ.

სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ სახელი "კავკასიური ლიგა" ზუსტად გამოხატავს გაერთიანების მიზნებს. მათ სურთ, ერთ გაერთიანებაში, "კავკასიურ ლიგაში", მოაქციონ ძალიან აქტიური, მომავალზე ორიენტირებული კავკასიელი სტუდენტები, შექმნან საერთო კავკასიური ახალგაზრდული ხაზი; საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ჩართონ სოციალურ ცხოვრებაში სხვა კავკასიელ ახალგაზრდებთან ერთად. "კავკასიური ლიგის" ხელმძღვანელი ნოდარ თოთაძე აქვე აღნიშნავს, რომ ისინი ხელმძღვანელობენ ივანე ჯავახიშვილისა და არნოლდ ჩიქობავას კონცეფციით.

კავკასიური ლიგის მისია ასეთია: ახალგაზრდების დაინტერესება კავკასიის რეგიონით; კავკასიის ხალხთა კულტურისა და ისტორიის, კავკასიური ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი ფასეულობებისა და ღირებულებების, კავკასიოლოგიის, როგორც სპეციალობის პოპულარიზაცია; ლიგის წევრები გეგმავენ მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართვას შემეცნებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში; შიდა სახელმწიფოებრივი, რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების, სემინარების, დებატებისა და შეხვედრების გამართვას; გაერთიანება კავკასიელი ახალგაზრდების მონაწილეობით მოაწყობს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

სტუნედენტებისთვის მნიშვნელოვანია კავკასიელ ხალხებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ხალხებს შორის ინტეგრაციისა და სოციალურად გააქტიურების პროცესისთვის ხელშეწყობა.

"კავკასიური ლიგა" ამ წლიდან იწყებს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას იმ სფეროში, რასაც ახალგაზრდული საქმიანობა ჰქვია.

2012 წლის შემოდგომის სემესტრში ჩატარებული მოკრძალებული ღონისძიებების შემდეგ სტუდენტები იმუშავებენ რამდენიმე მნიშვნელოვან, ღირებულ და ხარისხიან პროექტზე, რომელიც მზად გაზაფხულის სემესტრში იქნება. ამასთანავე, მზად არიან ითანამშრომლონ ყველა ორგანიზაციასთან, რომლებიც მსგავს ინტერესებსა და ხედვას იზიარებენ.
სხვა სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი - CPSS“ 2011 წელს დაარსდა. თეონა ტურაშვილი ერთ-ერთია იმ 14 თანამოაზრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ის ,,პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის“ გენერალური დირექტორია. ,,ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ვიცნობდით თსუ-ს სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, გვაერთიანებდა ერთი სურვილი - ძალიან გვაინტერესებდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. როდესაც ორგანიზაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რამდენიმე მეგობარი ვსწავლობდით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროგრამაზე ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“.
სრულად
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.
სრულად






Carpet Cleaning Calgary