ლიკა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, ყოველდღიურად უწევს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ლექციებზე დასასწრებად. მას დევნილის სტატუსი აქვს და ყოველთვიურად იღებს დახმარებას, რომელიც 28 ლარს შეადგენს. თანხის ნაწილს სამგზავრო ბარათზე რიცხავს და ოჯახის წევრებს გზის ფულს აღარ ართმევს.
ზოგჯერ რამდენიმე თვის დახმარებას "ლიბერთი ბანკში" წინასწარ იღებს, რის გამოც ბანკი პროცენტის სახით გარკვეულ თანხას აჭრის.
,,ლიბერთი ბანკის"" საცალო საბანკო მომსახურების დირექტორის თქმით, ხუთი თვის დახმარება 140 ლარია, დევნილებს უფრო მეტის აღების უფლება არ აქვთ, ამ შემთხვევაშიც მათ თანხის 15% აკლდებათ და მთლიანობაში ხელზე მხოლოდ 119 ლარს იღებენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა გულუა ადასტურებს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირს ყოველთვიურად ერიცხება შემწეობა 28 ლარის ოდენობით. სახელმწიფო დევნილ პირს ამ თანხას ყოველი თვის ბოლოს ურიცხავს. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს არანაირი მოსაკრებელი სახელმწიფოს დაწესებული არ აქვს. არც იმ შემთხვევაში აწესებს მოსაკრებელს, თუ დევნილ პირს რამდენიმე თვის სოციალური დახმარების გატანა წინსწრებით უნდა.
დევნილის სტატუსის მქონე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის მეგი საჯაიას თქმით, ,,დევნილებისთვის განკუთვნილი თანხა 28 ლარი არ არის საკმარისი შემოსავალი. ვიცი ოჯახები, რომლებიც მხოლოდ ამ თანხით არსებობენ. მე, როგორც სტუდენტი, ვცდილობ, ხარჯი ნაკლები მქონდეს. მოგატყუებთ, რომ გითხრათ ჩემი მარჩენალი ეს ოცდარვა ლარია-მეთქი. ეს კონკრეტული რაოდენობის თანხა მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას არ ეყოფა, თანაც ბინის დაქირავებაც მიწევს. ხშირად რამდენიმე თვის თანხა წინასწარ ამიღია, რადგან იმ მომენტში მჭირდებოდა და სხვა შემოსავალი არ მქონდა. ასეთ დროს გიქვითავენ ნაწილს, პლუს ამას, ვერ იღებ თანხას იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენი თვის ფულიც გაიტანე. მოკლედ 28 ლარი არაფრისთვის მყოფნის" - ამბობს მეგი.
გოგა ორჟონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, აფხაზეთიდან დევნილია და როგორც ის ამბობს, თვეში 28 ლარის გამოტანას, რომელიც, მართალია, არაფერში არ ყოფნის, ურჩევნია, ისევ ხუთ თვეში ერთხელ გამოიტანოს 119 ლარი. ,,ბინის ქირასაც არ მიფარავს ეს თანხა, მაგრამ მაინც მირჩევნია 21 ლარი დამაკლონ და ერთბაშად ავიღო"" - ამბობს გოგა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დევნილის სტატუსის მქონე პირს ბანკიდან ერთდროულად შეუძლია, გამოიტანოს მხოლოდ 5 თვის თანხა. იმის შესახებ, თუ რატომ აკლდება თანხას 15 % წინასწარ აღების დროს, "ლიბერთი ბანკში" გვითხრეს, რომ ეს არის ბანკის მიერ დაწესებული ტარიფი. ,,რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გითხრეს თანხის საკომისიოს შესახებ, წარმოადგენს აბსოლუტურად სწორ ინფორმაციას. ეს ყოველივე გამომდინარეობს იქიდან, რომ სოციალური ავანსი წარმოადგენს ბანკის ერთ-ერთ კომერციულ მომსახურებას, რომელიც, ბუნებრივია, ექვემდებარება ტარიფიკაციას. ხოლო რაც შეეხება თვითონ სოციალური დახმარების გაცემას, ის ხორციელდება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე"" - განაცხადა ,,ლიბერთი ბანკის" წარმომადგენელმა.
"თავისუფალი ასოციაცია" თხოვნით მიმართავს "ლიბერთი ბანკს", რომ გაითვალისწინონ სტუდენტების სოციალური მდგომარეობა და გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, დახმარების წინასწარ აღების დროს პროცენტი აღარ ჩამოეჭრათ.