იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თამარ ჯინჭველაძე სამინისტროში დასაქმების/სტაჟირების პირობებზე ისაუბრებს.
რამდენი წლის უნდა იყოს სტუდენტი, რომ განაცხადი შემოიტანოს თქვენთან? რა პროცედურებია გასავლელი?
ასაკს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ, ძირითადად, მეორე კურსის სტუდენტები აგვყვავს სტაჟირებაზე. თუ სტუდენტი უკვე მეორე კურსზეა, შემდეგ ხდება ჩვეულებრივად კადრების შერჩევა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შესაბამის დეპარტამენტში შემოიტანენ რეზიუმეს.
უნდა მოგახსენოთ, რომ ახლახან გავაფორმეთ მემორანდუმი რამდენიმე უნივერსიტეტთან. ჯერჯერობით ამ მემორანდუმების ფარგლებში არ აგვიყვანია სტაჟიორები, თუმცა, ამ აღარ იქნება საჭირო სტაჟირებაზე განაცხადების შემოტანა, თვითონ უნივერსიტეტებიდან იქნებიან სტუდენტები მომაგრებული.
ხშირ შემთხვევაში რომელ დეპარტამენტებში ხდება სტაჟიორების აყვანა?
ასე კონკრეტულად რთულია თქმა. თითქმის ყველა დეპარტამენტში გამოგვიცხადებია სტაჟირება, როგორც იურიდიულ, ისე სხვა დეპარტამენტებში, მაგრამ, ძირითადად, მაინც იურიდიულ დეპარტამენტში ცხადდება სტაჟირებები.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტაჟირების მსურველი?
დიდ ყურადღებას ვაქცევთ რამდენად აქტიურია სტუდენტი, რამდენ პროექტში, ღონისძიებაში, კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ან გავლილი აქვს თუ არა სხვა სტაჟირებები. დანარჩენი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დეპარტამენტში ცხადდება ვაკანსია.
ხელს უწყობთ თუ არა სტაჟიორებს დროის მხრივ?
დროს რაც შეეხება, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და სტუდენტებს ამ მხრივ ხელს ვუწყობთ, რადგან სტუდენტმა უნდა ისწავლოს, უნდა იაროს ლექციებზე და შემდეგ უკვე გამოცდებიც ჩააბაროს, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის სტაჟიორი, რომელიც არ სწავლობს.
სტაჟიორები დამოუკიდებლად ასრულებენ სამუშაოს თუ ხელმძღვანელების მეთვალყურეობის ქვეშ?
სტაჟიორი არ ნიშნავს იმას, რომ შეასრულოს მხოლოდ ტექნიკური სამუშაო, მაგალითად, როგორიცაა ასლის გადაღება და ა.შ. ჩვენთან სტაჟიორი ჩართულია ყველა იმ პროცესში, რაც იმ დეპარტამენტში მიმდინარეობს, სადაც სტაჟიორი არის აყვანილი. სტაჟიორები იღებენ კონკრეტულ დავალებებს, რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ქვეშ, რადგან გაუჭირდება იმის გაკეთება, რაც არ იცის.
რამდენ ხანში ერთხელ ცხადდება სტაჟირება?
განსაზღვრული არ გვაქვს. ჩვენ საჭიროების მხრივ ვაცხადებთ სტაჟირებებს, როცა კონკრეტულ დეპარტამენტს დასჭირდება დამატებითი კადრები.
გყავთ თუ არა მაჟამად სტაჟიორები?
ამჟამად სტაჟიორები გვყვავს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, ასევე იურიდიულ დეპარტამენტში.
მნიშნველოვნად მიგაჩნიათ სტუდენტების აყვანა? თუ უფრო გამოცდილ კადრებს ანიჭებთ უპირატესობას?
ჩვენ გვჭირდება ისეთი კადრი, რომელიც არის მოტივირებული, გააჩნია კომპეტენცია, რადგან მანაც შემოიტანოს წვლილი ორგანიზაციაში და შემდეგ ძალიან დიდი პროცენტით ხდება მათი დასაქმება. მიზანი არის ის, ვიყოთ ორიენტირებულნი ხარისხზე და არა რაოდენობაზე.
როგორ კადრებს ანიჭებთ უპირატესობას? იმათ, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ თუ კოლეჯდამთავრებულიც შეიძლება თქვენი სტაჟიორი გახდეს?
ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ სტაჟიორისგან ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ უნარებს. შერჩევის პროცესი არ არის მარტივი. კანდიდატი გადის მთელ რიგ სელექციას. რეზიუმეს შემოტანის შემდეგ პირველი ეტაპი არის უნარების ტესტების ან ინტელექტის ტესტების ჩაბარება, შემდეგ უკვე პროფესიული ტესტს ვაწერინებთ. იმას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა აქვს დამთავრებული ან რაზე სწავლობს, მაგრამ გამოცდილებასაც დიდ მნიშნელობას ვანიჭებთ, ჰქონია თუ არა გამოცდილება კონკრეტულ პროფესიასთან მიმართებაში.
უნაზღაურებთ თუ არა სტაჟიორს დანახარჯებს?
ჩვენ გვაქვს, როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებელი სტაჟირება. ანაზღაურებად სტაჟირებაზე უფრო გამოცდილი კადრები აგვყვავს, ძირითადად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. ხოლო აუნაზღაურებელ სტაჟირებაზე შეგვიძლია, ავიყვანოთ მეორე კურსიდან.