კომპანიის "წყალი მარგებელი" ისტორიის, მიზნებისა და წარმატების შესახებ გვესაუბრება მარგებელი ჰოლდინგის პიარმენჯერი ვიქტორია ჟიჟკო:
მინერალური წყალი "ნაბეღლავისა" და "ბახმაროს" მწარმოებელი კომპანია "წყალი მარგებელი" 1997 წელს დაარსდა და დღეისათვის ადგილობრივი ბაზრის ლიდერია.
"წყალი მარგებელის" ისტორია ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. კომპანიის დაარსების მიზანი იყო, განეახლებინა ნაბეღლავის ჩამოსხმა, რისი საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციაც უკვე არსებობდა.
ნაბეღლავის წყარო 1905 წელს აღმოაჩინეს. გადმოცემის თანახმად, გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება მიუქცევია ერთ-ერთი წყაროსათვის, რომელსაც ხარები ეტანებოდნენ. სწორედ ამ წყალს აღმოაჩნდა განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები. 1958 წლიდან დაიწყო ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება. თუმცა, წარმოებული პროდუქციის მოცულობაც და გავრცელების არეალიც შედარებით მცირე იყო და საქართველოს გარდა მოიცავდა საბჭოთა კავშირის ორიოდე ქვეყანას.
1998 წლიდან ნაბეღლავის მინერალური წყლის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, როცა წარმოებას სათავეში ჩაუდგა "წყალი მარგებელი".
"წყალი მარგებელი" მხოლოდ "ნაბეღლავის" წარმოებით არ შემოიფარგლა და 2002 წლიდან დაიწყო წყაროს წყალი "ბახმაროს" ჩამოსხმა. 2007 წლიდან ცნობილი ქართული მინერალური წყლის "ნაბეღლავი" მწარმოებელი კომპანიის "წყალი მარგებელის" აქციონერების ინტერესი სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და კვების მრეწველობის განვითარებას დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება "მარნეულის სასურსათო ქარხნისა" და "მარნეული აგროს" ისტორიაც. აღნიშნული კომპანიების გაერთიანება 2009 წლიდან უკვე "მარგებელი ჰოლდინგში" მოხდა. მჟავეული, ტკბილეული, საწებლები და ტომატისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება და მისი ძირითადი მომწოდებელი "მარნეული აგროა", სადაც ყოველწლიურად ხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სოფლის მეურნეობის დარგის ულტრათანამედროვე მეთოდების გათვალისწინება.
დღეისათვის ჰოლდინგის შემადგენლობაში ოთხი კომპანიაა - წყალი მარგებელი, მარნეულის სასურსათო ქარხანა, მარნეული აგრო და სადისტრიბუციო კომპანია ენგადი.
ვიქტორია ჟიჟკოს თქმით, კომპანიის წარმატების გასაღები მათი პროდუქციის ერთგული მომხმარებელია: "ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მასზე, ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუქმნათ კომფორტი, იქნება ეს უკეთესი შეფუთვა, თუ პროდუქციის მაღალი ხარისხი, უცვლელი გემო და ა.შ. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს ჩვენი ბრენდის სტაბილურობასა და სანდოობას, შედეგიც სახეზეა - ნაბეღლავი რამდენიმე წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს შიდა ბაზარზე, ხოლო მარნეულის სასურსათო პროდუქციამ უკვე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტი".
შექმნის დღიდან, ჯერ "წყალი მარგებელი" და ახლა უკვე "მარგებელი ჰოლდინგი" გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და საქველმოქმედო საქმიანობით, რისი განხორციელებაც დღემდე ყოველთვის ზედმეტი კომუნიკაციისა და აფიშირების გარეშე ხდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივების დასაქმებაა - დღეისათვის ნაბეღლავისა, მარნეულის ქარხნებში და გაყიდვების სამსახურში 965 ადამიანია დასაქმებული.
ქველმოქმედების კუთხით, "მარგებელი ჰოლდინგი" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური თუ სხვა სახის საჭიროების უზრუნველყოფას. გარდაბნისა და მარნეულის რეგიონებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური უმცირესობებია. კომპანიის მიერ დაგეგმილი საქველმოქმედო პროექტები ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების ქართველ საზოგადოებასთან მაქსიმალურ ინტეგრაციას.
ბოლო წლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წამოწყებად უნდა განვიხილოთ "წყალი მარგებელის" ინიცირებული პროექტი "განათლებული მომავლისათვის", რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო აქტივიზმის გაზრდას საქართველოს რეგიონებში, ამ შემთხვევაში სს "წყალი მარგებელი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განვითარებაზე, წინსვლასა და წახალისებაზე ზრუნავს. პირველად ეს ინიციატივა 2013 წელს ჩატარდა. განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ეროვნული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი მოსწავლე დიდ ბრიტანეთში ორკვირიანი ენის კურსზე გაემგზავრა. ინგლისური ენის კურსს, ცხოვრებისა და გზის ხარჯებს, ექსკურსიებისა და სხვა სახის აქტივობას კომპანია აფინანსებდა. წელს ეს პროექტი გრძელდება იმავე პრინციპით.
კომპანიის პიარმენეჯერი საკუთარ წარმატებაზეც საუბრობს: "მოღვაწეობა დაიწყო "ნაბეღლავში". თუმცა, თავიდან განათლება და სამუშაო გამოცდილება სულ სხვა, საფინანსო სფეროში მქონდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ მქონდა არჩევანი, გამეგრძელებინა მაგისტრატურაში სწავლა იმავე სპეციალობით, ან მეცადა რაღაც ახალი, ის სფერო, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. შედეგად, ჩავაბარე პიარმენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. სწორედ უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი გასაუბრებაზე "ნაბეღლავში", რომლის პიარმენეჯერიც ვარ უკვე წელიწადნახევარია.
ვიქტორია მიიჩნევს, რომ წარმატება, ზოგადად, დამოკიდებულია საკუთარ ინიციატივაზე, მონდომებაზე, ბევრ შრომასა და სამუშაოს სიყვარულზე: "თუ მოგწონს რასაც აკეთებ, იმას ბევრად უკეთესად გააკეთებ, ვიდრე ვალდებულების სახით რაიმე დავალებას. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია იპოვო ის სფერო, რომელიც შენს ხასიათთან ყველაზე ახლოსაა, შემდეგ კი არ დაიშურო ძალისხმევა საკუთარი მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში დასაქმების სერიოზული პრობლემაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, შრომა დაუფასებელი არ დარჩება არცერთ შემთხვევაში".
"წყალი მარგებელში" დასაქმება ხდება CV-ების გადარჩევის, ტესტირებითა და გასაუბრებით. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი გასაუბრებაც, ეს დამოკიდებულია პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი გაივლის გარკვეულ საგამოცდო ვადას, რის შემდეგაც, თუ, რა თქმა უნდა, ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, ის ირიცხება ძირითად შტატში. სტაჟირების შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე პროცედურაა. სტაჟირება ანაზღაურებადია, ანაზღაურების ოდენობა და ვადა, ძირითადად, დგინდება გასაუბრების დროს.
სტაჟიორები მიმაგრებულნი არიან თანამშრომელზე და ეხმარებიან მას სამუშაოს შესრულებაში. შესაძლებელია, შეასრულონ მცირე დამოუკიდებელი დავალებებიც მათი ხელმძღვანელის კონტროლის ქვეშ: "როგორც საგამოცდო ვადა, ასევე სტაჟირების ვადაც დგინდება მომავალი სტაჟიორი/თანამშრომელის უშუალო ხელმძღვანელთან გასაუბრების დროს. სამწუხაროდ, არ შემიძლია დავასახელო კონკრეტული ვადები თუ რამდენ ხანში ერთხელ ცხადდება სტაჟირება. ძირითადად, ეს ხდება ახალი თანამშრომლის საჭიროების შემთხვევაში, რომელიც სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ საქმდება ჩვენს კომპანიაში".
კარგი გარემო, ანაზღაურება, მეგობრული კოლექტივი - ეს ის მიზეზებია რატომაც შეიძლება კანდიდატს უნდოდეს აღნიშნულ კომპანიაში დასაქმება: "შრომა გიფასდებათ ყოველთვის, კომპანია ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებსა და მათ კეთილდღეობაზე. შესაძლებელია, მე სუბიექტურად ვაფასებდე ჩემს კომპანიას, მაგრამ პირადად მე, ვამაყობ, რომ ვმუშაობ "მარგებელი ჰოლდინგში".