დასაქმება კომპანიაში "ფერი"
29 ივნისი, 2014
კომპანია „ფერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თათია კობრეშვილი გვესაუბრება:

კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა, რთულ რელიეფურ პირობებში ენერგეტიკული პროექტების სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაა. კომპანია ასევე აშენებს გვირაბებს, მისასვლელ გზებს, საოფისე და საცხოვრებელ ნაგებობებს. კომპანიას აქვს ჰიდროენერგეტიკული პროექტების სრული მოცულობით განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება, რაც ჰიდროსადგურების პროექტირებას, მშენებლობას, დაკომპლექტებას, მონტაჟსა და მათ შემდეგ ექსპლუატაციას გულისხმობს.

კომპანიის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ წლების განმავლობაში შექმნა განვითარებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც საწარმოო-სასაწყობე ობიექტებისა და მანქანა-მოწყობილობების პარკისგან შედგება.

თათია კობრეშვილის თქმით, კომპანია „ფერი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უახლესი ტექნოლოგიების ათვისებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვას. თვითონ სამუშაო პროცესის დროს დიდი ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას და შრომის უსაფრთხოების საკითხებს. 2007 წელს კომპანიას მიეცა ISO 9001:2000 ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი.

ამჟამად კომპანია „ფერის“ სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი ყაზბეგის რეგიონში მიმდინარეობს. კომპანიის ყველაზე სერიოზული სოციალური პროექტიც ამ რეგიონს უკავშირდება და ახლად ჩამოყალიბებული რაგბის გუნდის „ყაზბეგის ზვავის“ მხარდაჭერაა: „კომპანიის დახმარებით 65 სხვადასხვა ასაკის მოზარდი უკვე ახალმოწყობილ სათამაშო მოედანზე ვარჯიშობს. მათთვის შევიძინეთ ყველა საჭირო ინვენტარი. ვახორციელებთ გუნდის წევრების ტრანსპორტით უზრუნველყოფას, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. უნდა აღინიშნოს ის მომენტი, რომ ადრე ყაზბეგის რეგიონში პატარა სოფლებში მცხოვრები მოზარდები არც კი იცნობდნენ ერთმანეთს და ტრასპორტის არარსებობის გამო ვერც დაბა სტეფანწმინდამდე ხერხდებოდა მათი ჩამოსვლა. არადა, გუნდში თამაშის სურვილი დიდი იყო. კომპანიის დახმარებით და მოზარდების უსაზღვრო მონდომების წყალობით, გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია და საფესტივალო ასაკში (13 წლამდე) გუნდი ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა საქართველოში. კომპანია ახორციელებს გუნდის და მწვრთნელების ფინანსურ უზრუნველყოფას და ასევე მათ ჩამოსვლას დედაქალაქში სხვადასხვა თამაშზე სათამაშოდ თუ დასასწრებად. ჩვენთვის საამაყოა, რომ „ყაზბეგის ზვავის“ მწვრთნელმა ბესო შენგელიამ 2013 წელს ტელეკომპანია „იმედის“ პროექტ „იმედის გმირებში“ გაიმარჯვა. სწორედ მან შექმნა გუნდი და თავისი მონდომებით დააინტერესა მოზარდები, რაგბი ეთამაშათ. ბესო შენგელია 35 ყაზბეგელ ბავშვს ინგლისურსაც ასწავლის. ახლახანს კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც ყაზბეგელმა მოზარდებმა ხელნაკეთი ნივთები და ნახატები გამოფინეს. შემოსული თანხა კი ინგლისური ჯგუფის 5 საუკეთესო მოსწავლეს მოხმარდება სწავლის შემდეგ გასაგრძელებლად“ - განაცხადა თათია კობრეშვილმა.

რაც შეეხება კომპანიაში დასაქმებასა და სტაჟირებას, პიარმენეჯერის თქმით, კომპანია 6 თვეში ერთხელ აცხადებს სტაჟირებას. მსურველებს ესაუბრებიან კომპანიის კვალიფიციური კადრები: „პირველ რიგში, ვეცნობით მათ მიერ წარმოდგენილ საბუთებს, ხდება მათთან გასაუბრება. სტაჟირება გრძელდება 3 თვეს. იგივე პროცედურაა დასაქმების დროსაც. ემატება ტესტირება, სადაც მოწმდება მსურველის უნარები და სამსახურში მიღებული თითოეული პიროვნება გადის თანამდებობის შესაბამის ტრეინინგს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ეს ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ვაკანსიის სახეობაზე“.
სხვა სტატიები
კომპანია „ნატახტარის“ პიარმენეჯერი ნინო სურმავა საკუთარი კომპანიის შესახებ გვესაუბრება:

სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას ახალგორში ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
სრულად
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ მისი პიარმენეჯერი თიკო მაკარიძე გვესაუბრება:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არის ყოფილი „თბილისის წყალი“, იგივე „თბილწყალკანალი“. ეს თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგების და წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურებას უწევს თბილისის მოსახლეობას, ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. ეს, საერთო ჯამში, 400 000-ზე მეტი აბონენტია თბილისის მასშტაბით. თბილისელების წყალმომარაგება უწყვეტი ციკლია და ამ საქმეს კომპანიის 2000-მდე თანამშრომელი ემსახურება.
სრულად






Carpet Cleaning Calgary