თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რექტორის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, არაერთხელ მომიწია ერთსა და იმავე პრობლემურ თემაზე განცხადების გაკეთება. საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გასხვისებას უკავშირდება. პირველი მიმართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ქონების გასხვისებას ეხებოდა, ამჯერად კი, უნივერსიტეტის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებაზეა საუბარი. გაირკვა, რომ 62 115 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი 01.14.06.006.021) უკვე ჰყავს ახალი მესაკუთრე შპს "ნ&ა"-ს სახით.
აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიმართა დედაქალაქის მერიას მისი კომპეტენციის ფარგლებში გაეთვალისწინებინა უნივერსიტეტის ინტერესები, რათა გასხვისებულ ქონებაზე არ მომხდარიყო უნივერსიტეტისა და მისი პროფილისათვის შეუფერებელი (მაგალითად, სასაფლაოს) ობიექტის არსებობა ან საქმიანობა. ჩვენ მივიღეთ პასუხი, სადაც პირდაპირ არის მინიშნებული, რომ მიწის ნაკვეთი ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ გაასხვისა 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის მეშვეობით, ხოლო აუქციონის პირობებით არაა გათვალისწინებული რაიმე სახის შეზღუდვა და გამარჯვებულ კომპანიას შეუძლია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი საქმიანობა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 2009 წელს თბილისის მერიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქალაქის გამწვანების ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტი დედაქალაქისა და მისი შემოგარენის გამწვანებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. გამწვანების აქციას, რომელსაც 1000-მდე სტუდენტი გამოეხმაურა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მაშინდელი მინისტრი, თბილისის მერი და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. ამ ტერიტორიაზე სტუდენტების მონაწილეობით 500 ძირი კვიპაროსის, ფიჭვის, ნეკერჩხლისა და ცაცხვის ნერგები დაირგო. სამწუხაროდ, დღეს შესაძლოა დადგეს ამ ნარგავების განადგურების საკითხი.
საზოგადოების საყურადღებოდ, მივმართავთ ინვესტორ კომპანიას, რომ გაითვალისწინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების ინტერესები და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ განახორციელოს უნივერსიტეტისთვის შეუფერებელი და მიუღებელი საქმიანობა.
თხოვნით მივმართავთ ქ. თბილისის საკრებულოს და ქ. თბილისის მთავრობას, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთარსებული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილება, რათა არ მოხდეს უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებით გაუთვალისწინებელი ფაქტების დადგომა".