პროფესიულ სასწავლებელ "მერმისში" სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ.
სახელმძღვანელოები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI)" პროგრამის ფარგლებში საქართველოს პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის შეიქმნა.
სახელმძღვანელოები წარმოადგენს დამხმარე მასალას სამი სასწავლო პროგრამისათვის: საკერავი მანქანის ოპერატორი და მექანიკოსი და 100%-ანი ინსპექტირებისა და ხარისხის კონტროლის კურსები. ეს პროგრამები საქართველოს მასშტაბით 6 პროფესიულ სასწავლებელშია დანერგილი და ის უზრუნველყოფს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც სამკერვალო სექტორში დამქირავებლების მხრიდან თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიმართ არსებობს. აღნიშნული პროფესიების სწავლება უზრუნველყოფს სამკერვალო სექტორის განვითარებასა და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების ზრდას.
თამარ სანიკიძის განცხადებით, პროგრამამ წარმატებით ჩაიარა და შესაძლებელია მსგავსი პროგრამების კვლავ განხორციელება.