ლაშა ბუღაძის ყოველკვირეული რადიოგადაცემა ,,დიალოგი ცენზურაზე" წიგნად გამოიცა.
გადაცემა მზადდებოდა პროექტის ფარგლებში, რომელსაც 2013 წლის იანვრიდან რადიო ,,შოკოლადი" და საქართველოს პენ-ცენტრი ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებდა.
ერთი წლის მანძილზე მომზადდა სულ 47 გადაცემა. ამ პერიოდის განმავლობაში ლაშა ბუღაძის სტუმრები იყვნენ ლიტერატორები, მეცნიერები, ხელოვანები, რომლებიც ისეთ თემებზე საუბრობდენენ, როგორებიცაა, ცენზურა დ ხელოვნება, ცენზურა და რელიგია, ცენზურის ზეგავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, ცენზურა ტოტალიტარული რეჟიმების დროს და სხვა.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა მწერალმა ლაშა ბუღაძემ ჩვენთან სუბარში აღნიშნა, პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რომლის ფარგლებშიც იყო საუბარი, თუ როგორ ვითარდება კულტურა სხვადასხვა რეჟიმის დროს და რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ხელისუფლების არასწორი ჩარევა კულტურულ ცხოვრებაში: ,,წიგნი არის ნაკრები დიალოგებისა, სადაც სტუმრებთან ერთად ჩვენ ვსაუბრობთ ცენზურის შესახებ, როგორ გამოვლინდება სხვადასხვა კულტურაში ან ისტორიულ ეპოქებში ცენზურა. როგორი იყო ცენზურა წარსულში და როგორია დღეს. ვიკვლევთ ასევე თვითზენზურის საკითხებს, თვითცენზურა ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში".
წიგნში ცენზურის ირგვლივ გაერთიანებული საუბარი 47 ავტორისაგან შედგება, რომლებიც საუბრობენ ცენზურის შესახებ საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე. დიალოგის ერთ-ერთი სტუმარი იყო ვახუშტი მენაბდე, რომელიც საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორია რელიგიის ზეგავლენა გამოხატვის თავისუფლებაზე. მისი თქმით, მსგავსი პროექტები დიდწილად შეუწყობს ხელს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას: ,,ეს არის ლაშა ბუღაძის ძალიან საჭირო პროექტი, კარგია, რომ გადაცემების ჩანაწერები წიგნად გამოიცა, რადგან მასში თავმოყრილია ბევრი საინტერესო ინტერვიუ, რომელიც აუცილებლად დააინტერესებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოებრივი დისკუსიების წარმოშობას, რაც მისასალმებელია".
საგულისხმოა, რომ წიგნში დაბეჭდილ 47 დიალოგთაგან ერთ-ერთია სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის ინტერვიუ სახელწოდებით - ,,ცენზურა და უცენზურობა". ლევანის თქმით, ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი მათთვის, ვისაც უნდა რომ ცენზურა, როგორც სოციალური ფენომენი, შეაფასოს: ,,ეს გადაცემა, რომელიც წიგნად გამოიცა, განიხილავდა ცენზურას სხვადასხვა პერსპექტივიდან, დაწყებული პოლიტკორექტულობიდან და დამთავრებული საბჭოთა ტოტალიტარული ცენზურით. ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა საზოგადოება, შესაბამისად, გარკვეული თვითზენზურის მახასითებლები კიდევ გამოგვყვა. ხანდახან თავს ვიზღუდავთ, არ ვცემთ ყველა კითხვას პასუხს, ცალკეა პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური ცენზურა. ანუ ჩვენს საზოგადოებაში ცენზურა ცოცხალია, რომელიც საჭიროებს შესწავლას".
როგორც ლაშა ბუღაძემ ჩვენთან საუბარში თქვა, იდეა ამ პროქეტის დაწყებისა შემთხვევით არ გაჩენილა და ყველაფერი გამოწვეული იყო საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე: ,,რადგან ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ პოსტსაბჭოურ გარემოში, დღევანდელობაშც არის გარკვეული ჯგუფები საზოგადოებისა, რომელთაც აქვთ სურვილი, რაღაც საკითხებს დოგმატურად უყუროს, რაღაცას ტაბუ დაადოს და ასე შემდეგ. საერთო ჯამში, ყველა გადაცემა გამოვიდა ძალიან საინტერესო ლექცია და სამწუხარო იქნებოდა, ეს ყველაფერი დარჩენილიყო მხოლოდ ვერბალურ ტექსტად. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი წიგნად გამოშვება, მოგეხსენებათ, წიგნი მუდმივია, ხელნაწერები არ იწვის".