ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით დისკუსია გაიმართა.
განხილვის ძირითადი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.
დისკუსიას წარუძღვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის უკრაინელი კოორდინატორი ივანნა მაჩიტიძე.
მან ისაუბრა იმ ძირითად პუნქტებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის. ივანნა მაჩიტიძემ ურადღება გაამახვილა რუსეთის როლსა და საბაჟო კავშირზე, ვილნიუსის სამიტზე, ევრომაიდანსა და ოპოზიციაზე, იანუკოვიჩისა და სხვა პოლიტიკოსთა ქმედებაზე. მან ისაუბრა შედეგებზეც, რომელიც შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკოსთა დაპირისპირებას.
"ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ღონისძიებებს აქტუალურ საკითხებზე, ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო თემებზე, ხოლო რაც შეეხება უკრაინასა და იქ მიმდინარე პროცესებს, ეს ყოველივე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ლექცია ძალიან საინტერესო იყო" - აღნიშნა "ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის პრეზიდენტმა" კონსტანტინე შუბითიძემ.
ღონისძიების ერთ ერთმა ორგანიზატორმა ნინო სამხარაძემ განაცხადა, რომ: "ლექციამ მოიცვა ღრმა თემები, მაგალითად, უკრაინის ისტორიული მომენტები, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ განსაკუთრებით კარგი ლექცია გამოვიდა".