"ლიდერთა კლუბში" დავით ნარმანია სტუდენტებს შეხვდა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
მან სტუდენტებს გაუზიარა პირადი გამოცდილება და გააცნო მისი სამსახურებრივი წინსვლა 1996 წლიდან დღემდე.
"ვმუშაობდი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, ასევე რამდენიმე ორგანიზაციაში, მსოფლიო ბანკის პროექტებში ვიღებდი კვლევებში მონაწილეობას, გერმანელებთან ერთად დავაფუძნე ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დღესაც აქტიურად მუშაობს. ამ ყოველივემ დიდი გამოცდილება მომცა" - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ისაუბრა მისი ახალი პროექტის შესახებაც.
ეს არის ქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული - ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზებისა და ხიდების მშენებლობა, ეზოების მოწესრიგება, საბინაო ფონდთან დაკავშირებული საკითხები, სოციალური დაცვის პროგრამები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და საბიუჯეტო გადასახადები.
"ჩემი კანდიდატად დასახელების შემდეგ სხვა თვალით ვუყურებ თბილისს და ჩემთვის ვაყალიბებ განვითარებასთან დაკავშირებულ კონცეფციებს. პროგრამა, რომელსაც მე დავდებ, იქნება ადამიანების ყოველდღიურ საჭიროებაზე დამყარებული ზედმეტი ამბიციების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გაბარია და ვისგან გაქვს მანდატი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ხალხის მანდატი, როდესაც საზოგადოება გირჩევს, აქ პასუხისმგებლობა უფრო მეტია" - განაცხადა დავით ნარმანიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.