უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
14 თებერვალი, 2014
გალერეა
უმაღლესი და პროფესიული  განათლების მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გამოფენათა ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, სადაც 50-ზე მეტი დასახელების უნივერსიტეტი, ინსტიტუტი და კოლეჯია წარმოდგენილი.


ღონისძიებაზე აბიტურიენტებსა და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, უშუალოდ იმ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, სადაც სწავლის გაგრძელება აქვთ გადაწყვეტილი.

საგამოფენო პავილიონში განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნეოდა "თავისუფალი" და აგრარული უნივერსიტეტების", "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის", "გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის", "დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა" და "ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის" დახლებთან.

ახალგაზრდებს შეუძლიათ, სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარე სიახლეების შესახებ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენას "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძეც ესწრებოდა. ის "თავისუფალ ასოციაციას" იმ ორი ახალი სასწავლო პროგრამის შესახებ ესაუბრა, რომელიც უნივერსიტეტს 2014 წლიდან დაემატა: "ამ წლიდან ჩვენს უნივერსიტეტში შესაძლებელია ვიზუალური ხელოვნების - ხატვა, გრაფიკა, და თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტებზე სწავლა". კახა ბენდუქიძეს მიაჩნია, რომ ამ ორი ფაკულტეტის გახსნით "თავისუფალმა უნივერსიტეტმა" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რადგან "საქართველოში აქამდე არსებობდა მხოლოდ ერთი დაწესებულება - სამხატვრო აკადემია, ახლა კი, ამ სფეროში მას კონკურენტი ეყოლება, თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტი კი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, მიიღონ აშშ-ში დღეს ძალიან პოპულარული კლასიკური განათლება.

ახალგაზრდებისათვის ახალი შემოთავაზება აქვს "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც". ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თამარ ვეფხვაძის თქმით, "ევროკავშირის" დაფინანსებითა და ხელშეწყობით უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებს კიდევ რამდენიმე ახალი სამაგისტრო პროგრამა დაემატა. წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების განვითარებასა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. თამარ ვეფხვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ წლიდან უნივერსიტეტი 35 მსგავს ახალ პროგრამას სთავაზობს ახალგაზრდებს.

"კავკასიის უნივერსიტეტის" წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი უმაღლესი სასწავლებელი სწავლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამის მიზეზად კი ვიკა ბუკია, სასწავლებლის PR-მენეჯერი გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებას, კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახურის არსებობასა და სწავლის საფასურთან დაკავშირებულ შეღავათებს ასახელებს: "ჩვენს უნივერსიტეტს 70 ქვეყნიდან 80 უნივერსიტეტში აქვს გაცვლითი პროგრამები, იძლევა დასაქმების საშუალებას და მოტივირებულ სტუდენტებს უფასო სწავლებას სთავაზობს".

სიახლეა "გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტშიც". როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა აღნიშნა, ბაკალავრიატში დაემატა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. "გთსუ"-მ აბიტურიენტების ყურადღება კრიმინოლოგიის დარგისათვის საჭირო რეკვიზიტებით მიიქცია. 

"დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის" სასწავლო სამმართველოს უფროსის მარიამ დარბაიძის თქმით, აკადემიაში ახალგაზრდები სამოქალაქო განათლებასთან ერთად სამხედრო განათლებასაც იღებენ: "რაც მთავარია, სწავლა არის უფასო და სტუდენტებს აფინანსებს თავდაცვის სამინისტრო. ჩვენი აკადემიადამთავრებულების დასაქმებაზეც ვზრუნავთ და მათ ამ მხრივ 100%-იანი გარანტია აქვთ, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო კუთხით".

"ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გამოფენა 15 თებერვალს 19:00 საათზე დასრულდება. მანამდე კი ყველას, ვისაც სწავლის გაგრძელება სურს, შეუძლიათ ღონისძიებაზე წასვლა და სასურველი ინფორმაციის მიღება. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფენაში მონაწილეობას ლიტვური, უკრაინული, ბრიტანული, ამერიკული, ფრანგული და სხვა ევრო-ამერიკული ქვეყნის უნივერსიტეტები იღებენ.



ფოტო: თემურ გუგუშვილი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary