მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა
15 თებერვალი, 2014
მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდმა" მშვიდობის კორპუსის მოხალისეობისა და ახალგაზრდობის კომიტეტთან პარტნიორობით საქართველოში მესამედ გამართა ყოველწლიური გამოფენა.

გამოფენა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა და სამ საათს გაგრძელდა (14:00–17:00 სთ).

ღონისძიების მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში და ქართველი ახალგაზრდების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი ორგანიზაცია (თბილისის მასშტაბით). მონაწილე ორგანიზაციებმა წარმოადგინეს კონკრეტული პროექტები. ასევე მოხალისეებს შესაძლებლობა მიეცათ, დარეგისტრირებულიყვნენ რომელიმე ორგანიზაციის/ ორგანიზაციების მოხალისეთა ბაზაში. 

,,Junior Camber Inrnational Georgia"-ს წარმომადგენელმა სოფიო გაჩეჩილაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: ,,ჩვენ დღეს წარმოვადგენთ პროექტებს. ერთ-ერთი მათგანია ,,გავერთიანდეთ სიღარიბის წინააღმდეგ". ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს. ისინი, როგორც წესი, საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებიან და მათ მიმართ სტერეოტიპები და სტიგმაა გავრცელებული. ჩვენი სლოგანია: ,,გაიგე ჩემი ხმა, იცოდე ჩემი სახელი". გვინდა, მოვიზიდოთ მოხალისეები, რომლებიც მოწყალების მთხოვნელ ადამიანებთან ისაუბრებენ, გადაუღებენ ფოტოებსა და ვიდეოებს და დაწერენ მათზე სტატიებს. ვეცდებით, პროცენტულად მაინც შევამციროთ მათი რაოდენობა, დავეხმაროთ ამ ადამიანებს".

,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის"საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის ქეთი ბეროშვილის თქმით, ,,ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ ,,ჰელფინგ ჰენდთან". დღევანდელი დღის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმ საქმისთვის, რასაც ჩვენ ვემსახურებით, საჭიროა რიგითი ადამიანების ჩართულობა დაზარალებულებთან ურთიერთობაში. ეს ხელს შეუწყობს მათ რეინტეგრაციას, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას".

,,ჰერა 21"-ის ახალგაზრდა ლიდერმა მაგდა კოსტავამ განაცხადა: ,,ძალიან მიხარია, აქ რომ ვარ. დღეს საშუალება გვაქვს, მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთი გავიცნოთ. თუ საერთო საქმეს ვემსახურებით, კარგი იქნება თუ გავერთიანდებით".

,,დიდი ენერგია ტრიალებს აქ. იმედი მაქვს, დღეს მოხალისეები იპოვნიან თავიანთ ორგანიზაციას და, პირიქით, ორგანიზაციები - თავიანთ მოხალისეებს" - განაცხადა მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელმა საქართველოში. 

გამოფენას ორგანიზება გაუწიეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა" და მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისეებმა. 


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary