საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი გახდა.
არჩევნებში სულ სამი კანდიდატი მონაწილეობდა: გოგი მარგველაშვილი, გიორგი ჩართოლანი და მარინა მიქაუტაძე.
9-კაციანმა აკადემიურმა საბჭომ კანდიდატების მიერ წარდგენილი უნივერსიტეტის მართვისა და განვითარების საპროგრამო გეგმის გათვალისწინებით, ფარული კენჭისყრის გზით მიიღო გადაწყვეტილება. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ერთსულოვანი იყო, ხმები 2 კანდიდატს შორის გადანაწილდა, ხმათა უმრავლესობა - 7 ხმა გოგი მარგველაშვილმა, 2 ხმა კი გიორგი ჩართოლანმა მიიღო.
როგორც გოგი მარგველაშვილმა აღნიშნა: "დიდი მადლობა აკადემიურ საბჭოს ნდობისთვის, მათი გადაწყვეტილება საშუალებას მაძლევს, გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე ის პროცესი, რომელიც რამდენიმე წელია უკვე დაწყებულია უნივერსიტეტში, დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემას დავძლევთ და შედეგიც ისეთი იქნება, როგორსაც ვგეგმავთ".
არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
აკადემიური საბჭოს წევრის ავთანდილ ვარსიმაშვილის თქმით: "არჩევნებმა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, კმაყოფილი ვარ შედეგებით, ვულოცავ ბატონ გოგის".
აკადემიური საბჭოს წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა: "არჩევნები ჩატარდა კანონის სრული დაცვით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, უმრავლესობამ გამოხატა პოზიცია, თუ რამდენად გამართლდება უმრავლესობის გადაწყვეტილება, დანარჩენს აჩვენებს დრო".
სამსახიობო ოსტატობის მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი შალუტაშვილის თქმით, "მე გოგი მარგველაშვილის წარმომადგენელი ვიყავი და არც ვმალავ, რომ მას ვუჭერდი მხარს და შედეგიც მახარებს, ბუნებრივია. მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტი განვითარების სწორ გზაზე დგას, სწორედ გოგის დროს მოხდა ძირეული ცვლილებები უნივერსიტეტში და ვფიქრობ, ეს მიმართულება უნდა გაგრძელდეს. აქვე დავეთანხმები გოგა ჩართოლანს, რომელმაც თქვა, რომ როგორც არის, კიდევ უკეთესად უნდა მიდიოდეს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ გოგა და გოგი ეს ორი რეალური კანდიდატურა იყო, ქალბატონი მარინას კანდიდატურა საკამათოდ მიმაჩნია, ზოგადად, ის დამოკიდებულება, რომელსაც ეს ქალბატონი ავლენს, მას და მისი გუნდის წევრებს მიახლოებითი წარმოდგენაც არ აქვს, რა ხდება უნივერსიტეტში. მე მომხრე ვარ ჯანსაღი კონკურენციის, მახარებს ის, რომ 100%-იანი შედეგი არ დადგა, აზრი გაიყო და მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის მომავლისთვის ეს მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი მთავარი საქმე ხვალ და ზეგ იწყება".
არჩევნების შედეგებით კმაყოფილები არიან, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები, მათი შეფასებით ლოგიკური შედეგი დადგა.
"ვფიქრობ რომ აკადემიურ საბჭოზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მათ ჰქონდათ სრული თავისუფლება, გაცნობოდნენ სამივე კანდიდატის კონცეფციას და მშვიდად მიეღოთ გადაწყვეტილება, შედეგები და ხმათა გადანაწილება მოწმობს ამ ყველაფერს. რაც მთავარია, ჩემი აქ მუშაობის პერიოდში მე არ მახსოვს არცერთი არჩევნები ამდენი ზედამხედველის თანდასწრებით ჩატარებულიყოს. მთელი პროცესი გადაღებულია და ვინმეს თუ რაიმე ეჭვი გაუჩნდება, შეუძლია, იხილოს და დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესების დაცვით ჩატარდა. რაც მთავარია, ბატონ გოგის რექტორის რანგში ძალიან კარგად იცნობს ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი და ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ აკადემიურმა საბჭომ გონიერი გადაწყვეტილება მიიღო" - განაცხადა დრამის ფაკულტეტის დეკანმა მარინა ხარატიშვილმა.
ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის მარიამ ბენაშვილის თქმით, "შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სუბიექტურად, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი გოგა ჩართოლანი ჩემი ლექტორია, მას ვუჭერდი მხარს რექტორის არჩევნებში".
არჩევნებით კმაყოფილია დრამის ფაკულტეტის სტუდენტი ბექა მაღალაშვილიც: "მოსალოდნელი იყო კიდევაც, ბატონი გოგი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ძალიან კომპეტენტური ამ სფეროში, მან იცის, როგორ უნდა გაართვას თავი რექტორის მოვალეობებს, როგორი ხელმძღვანელი უნდა იყოს, გამოცდილებაც დიდი აქვს. სტუდენტების უმრავლესობა კმაყოფილია არჩევნების შედეგით".
გოგი მარგველაშვილი უნივერსიტეტის რექტორის პოზიციას უკვე 8 წელია იკავებს, ბოლოს მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე იმყოფებოდა.