დისკუსია წიგნზე - „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“
18 თებერვალი, 2014
დისკუსია  წიგნზე - „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "რადარამის" ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დისკუსია-დებატები გაიმართა ტონი ჯატის წიგნზე "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას".

"რაღაც ნამდვილად არ არის კარგად ჩვენს დღევანდელ ყოფაში" - ასე იწყებს ტონი ჯატი თავის ბოლო წიგნს, რომელიც 2010 წელს გამოიცა. ეს წიგნი ერთდროულად არის ომის შემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ. 

დისკუსიის მიზანი იყო წიგნის შინაარსის გაანალიზება ჩვენი ქვეყნის რეალობასთან კონტექსტში. ავტორი წიგნში აკრიტიკებს გაბატონებულ მეინსტრიმულ იდეოლოგიას, როგორიც არის ნეოლიბერალიზმი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველომაც გამოცადა, შესაბამისად, ჩვენი მაგალითისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კრიტიკის მიღება, რაც, ზოგადად, მემარცხენე იდეოლოგიის დისკრიმინაციის პერიოდში საქართველოში ძალიან აქტიურად ხდებოდა.
დისკუსიის მოდერატორი პოლიტოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი იყო. ღონისძიებას 4 მომხსენებელი ჰყავდა: გიორგი ხატიაშვილი, ლევან ლორთქიფანიძე, ირაკლი ირემაძე და სოფო შუბითიძე, რომელთაგან ბოლო 3 სტუდენტია.

თითოეულმა მომხსენებელმა 8-წუთიანი დედლაინის პირობებში ისაუბრა ტონი ჯატის წიგნის ირგვლივ. ლევან ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის კრიზისზე საქართველოსთან მიმართებაში. ირაკლი ირემაძემ მორალისა და ეთიკის პრობლემებზე ისაუბრა, შეეხო ნეოლიბერალური ეკონომიკის გადმოდინების საკითხებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. სოფო შუბითიძე შეეხო ნეოლიბერალიზმის გამოვლენის ფორმებს და განიხილა ავტორის მიერ შემოთავაზებული სოციალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს გააზრების მოდელი. შემდეგი მომხსენებელი იყო გიორგი ხატიაშვილი, მემარჯვენეთა წარმომადგენელი, რომელმაც განსვავებული იდეები წარმოადგინა და ისაუბრა ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. იგი არ დაეთანხმა ავტორს და სტატისტიკური მონაცემების მოშველიებით დაუპირისპირდა ჯატის რამდენიმე მოსაზრებას, მაგალითად, იმ საკითხში, სადაც ჯატი ახალგაზრდობას დაკარგულ თაობას უწოდებს, საუბრის დასასრულს კი მომავლის ოპტიმისტური თვალით ყურება გვირჩია. 

მომხსენებლების გამოსვლისა და მათ შორის კითხვა-პასუხის შემდეგ, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, ჯანსაღი დისკუსია გაიმართა. 

"დღევანდელი ღონისძიება, ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული იყო, სხვადასხვა მხარე იყო წარმოდგენილი და ყველა შეეცადა თავისი აზრის დასაბუთებას, აუდიტორია აქტიურად ჩაერთო, ჭეშმარიტება სწორედ დისკუსიაში იბადება, ძალიან კარგია, რომ გარკვეული თემების ტაბუიზირება აღარ ხდება, ყველას ეძლევა განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალება, რაც შეეხება მომხსენებლებს, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდა თაობა არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ აქტუალურ თემებზე, საკმაოდ მაღალი დონისა და მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტაციისა და დისკუსიის წარმართვა" - განაცხადა ქართულ ამერიკული აკადემიის ლექტორმა კობა კუპრაშვილმა. 

"ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო ტონი ჯატის წიგნის, თვითონ ავტორია ძალიან საინტერესო, რადგან ის გვთავაზობს კრიტიკულ თეორიას, რაც ძალიან აკლია საერთოდ სოციალურ მეცნიერებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ლიტერატურა ითარგმნებოდეს, გამოიცემოდეს და საჯარო სივრცეში ამგვარი დისკუსიები იმართებოდეს" - აღნიშნა სტუდენტმა მარიამ გაჩეჩილაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "რადარამი" ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებითი, ბიოგრაფიული, ტექნიკური და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა. თუ რომელი წიგნი უნდა გამოიცეს, წყვეტს წიგნის საბჭო, რომელიც 15 ადამიანისგან, ძირითადად, უცხოელებისგან შედგება. როგორც "რადარამის" მედიისა და ლოჯისტიკის კოორდინატორმა მარიამ ადუაშვილმა გვითხრა: "ორგანიზაციის მიზანია, ქართველი მკითხველი ჩაებას მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ დისკუსიებში, ამას კი ხელს ვუწყობთ იმით, რომ ქართულად ვთარგმნით მსოფლიოში აქტუალურ, შედარებით თანამედროვე არამხატვრულ ლიტერატურას, ვატარებთ წიგნის პრეზენტაციებს, საჯარო დისკუსიებს. ჩვენი წიგნები სიმბოლურად ორი ლარი ღირს და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება".

"რადარამი" თვეში ერთხელ ატარებს მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს, 2 თვეში ერთხელ კი გამოსცემს ახალ წიგნს. უახლოეს მომავალში იგეგმება ტიმათი სნაიდერის წიგნის გამოცემა სახელწოდებით - "სისხლიანი მიწები, ევროპა სტალინსა და ჰიტლერს შორის".

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას ტონი ჯატის წიგნი "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას" საჩუქრად გადაეცა.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary