თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო კონკურსის ''International Talent Support''- ის შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია გაიმართა.
"International Talent Support" საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ახალგაზრდა დამწყებ დიზაინერს შეუძლია. კონკურსი მათ აძლევს შანსს, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინონ უკვე წარმატებულ დიზაინერებს, მოდის ბლოგერებს და მიიღონ პრიზები.
კონკურსი ოთხი კატეგორიისგან შედგება: მოდა, აქსესუარი, იუველირია და ხელოვნების ნიმუში.
2012 წელს ''ITS''- ის ფინალისტებს შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი თამარ არეშიძე, რომელმაც საკუთარი გამოცდილება კონკურსით დაინტერესებულ სტუდენტებს გაუზიარა: ''ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო ფინალისტებს შორის მოხვედრა. ფინალისთვის იტალიაში ქალაქ ტრიესტაში გავემგზავრე. საოცარი გარემო დამხვდა - ეს არის ერთი მთლიანი ოჯახი, რომელიც ყველანაირად გეხმარება, ნამუშევრები შექმნა და წარმატებას მიაღწიო. ყველა დამწყებ დიზაინერს ვურჩევ, რომ აუცილებლად გაგზავნოს საკუთარი პორტფოლიო კონკურსზე. ეს არის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ახალბედა დიზაინერებს ძალიან გვჭირდება".
''ITS 2014''-ის კონკურსზე პორტფოლიოს გაგზავნა დანტერესებულ დიზაინერებს 24 მარტამდე შეუძლიათ მოცემულ ვებგვერდზე: www.itsweb.org