ორი ახალგაზრდა მხატვრის „განცდა“
20 თებერვალი, 2014
გალერეა
ორი ახალგაზრდა მხატვრის  „განცდა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ისტორიულ მუზეუმში (ქარვასლა) ახალგაზრდა მხატვრების - სოსო ქუმსიაშვილისა და ინგა ბატატუნაშილის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით - "განცდა" გაიხსნა.

ფერწერული ნამუშევრების სერია გერმანული ექსპრესიონიზმის პასუხია, რომელიც ადამიანის განცდებს გამოხატავს. მხატვრები ერთ სახელოსნოში მუშაობენ და მათი თქმით, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი ნახატების ერთად გამოფენისა. თუმცა, ფერწერულ ნიმუშებს, გარდა იმისა, რომ ერთ სახელოსნოშია შექმნილი, აერთიანებთ თემაც - ადამიანის გაცდები.

ინგა ბატატუნაშვილის თქმით, მიუხედავად თემატური თანხვედრისა, ნამუშევრები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან: "თუკი სოსოს ნახატებში არის მცდელობა ადამიანური განცდები დაუკავშიროს ცხოველურს, ჩემს ნამუშევრებში ადამიანის სულიერი განცდებია გამოხატული და ამ სერიას ასეც ჰქვია, როდესაც სული სხეულში ვეღარ ეტევა". 

დამთვალიერებლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სოსო ქუმსიაშვილის ექსპოზიციამ, რომლის არსსაც ავტორი ასე განიხილავს: "ექსპოზიცია არის "იდენტობის" სერიიდან. როდესაც ვხატავდი, გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა სამგანზომილებიანი გამოხატულება მთავარი იდეისა. ეს არის ცხოველების მსგავსება ადამიანებთან, ემოცია, რომელიც სამგანზომილებიან ქანდაკებაშიც გადმოვიტანე".

გამოფენის გახსნას მხატვარი გია ბუღაძეც ესწრებოდა. მისი შეფასებით, "განცდა" ეს არის დიდი მუშაობისა და ფიქრის შედექი, ფილოსოფიური მიდგომა იმ უსასრულო თემისადმი, როგორიცაა ადამიანური განცდები: "თითქოს ეს არის ადამიანის ფიზიოლოგიისა და სხეულის მიკროსკოპული ხედვა, ფსიქოსომატიური განცდის კვლევა. ავტორები სიღრმეში ჩადიან. სოსოს ნამუშევრებში ისმევა კითხვები: ადამიანშია ცხოველური განცდები თუ ცხოველშია ადამიანური? ან იქნებ იდენტურია მათში ეს შეგრძნებები?"

ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში გრძელდება და დამთვალიერებლებს ნამუშევრების ნახვის საშუალება ორშაბათამდე ექნებათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary