„ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს“ დაარსება
24 თებერვალი, 2014
„ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის  სამართლებრივი უზრუნველყოფის         საკონსულტაციო ბიუროს“  დაარსება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული TEMPUS–ის პროექტის ფარგლებში "ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო" დაარსდა.


ბიურო წარმოადგენს სტუ–ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ფინანსურად დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს და თავის საქმიანობას წარმართავს თითდაფინანსების პრინციპით საქართველოს კონსტიტუციის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სტუ-ს წესდების შესაბამისად. ამავე დროს ის არ არის საფინანსო–საგადასახადო სისტემის განცალკევებული სუბიექტი და წარმოადგენს უნივერსიტეტის საფინანსო სისტემის ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილს.

საკონსულტაციო ბიუროს საქმიანობის მიზანია: ევროპულ უნივერსიტეტებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება ევროპული სტანდარტების სფეროში, საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი საგანმანათლებლო დღის წესრიგისა და პროგრამების შემუშავება, თანამედროვე ლიტერატურის შექმნა და სტუდენტთა სწავლება უცხოეთში. 

ბიუროს გახსნას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, რომელმაც შეხვედრაზე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და დადებითად შეაფასა ბიუროს გახსნა და ქართველი ახალგაზრდების ჩართულობა საგანმანათლებლო სისტემაში: "მისასალმებელია საქართველოში ამ ბიუროს გახსნა, რადგან ბიუროს ფარგლებში ჩვენ ხშირი შეხვედრა და კონსულტაცია გვექნება ქართველ წარმომადგენლებთან განათლების სისტემიდან. ეს კონსულტაციები იქნება ერთგვარი რუკა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობას შორის. ყველა ქვეყანა, რომელიც ჯერჯერობით არაწევრია ევროკავშირის და სურს გაერთიანება, აქვს სხვადასხვა ვალდებულება, მსგავსი ბიუროს გახსნაც ერთ–ერთი ასეთი ვალდებულებაა. ევროკავშირი აფინანსებს სწორედ ისეთ პროექტებს, რომელიც ენერგეტიკას, გარემოს დაცვას ეხება, რადგან ეს პრიორიტეტული სფეროებია. შესაბამისად, მოხარული ვარ TEMPUS–ისა და სტუ–ს ერთობლივი მუშაობით".

ბიუროს ძირითადი შემადგენელი ნაწილებია ბიუროს მმართველი ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან სტუ–ს პროფესორები და სტუდენტები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიუროს დაარსების პროცესში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელსაც ევალებოდა სამართლებრივი მხარის უზრუნველყოფა. 

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დასახული მიზნები სრულად განვახორციელოთ და ხელი შევუწყოთ ცოდნის ამაღლებას ამ დარგში. ვგეგმავთ ევროპულ უნივერსიტეტებთან სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და ეკონომიკური სახის ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლას" – განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა მაკა გუდიაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს დაგეგმილია ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს დამკვირვებლის, ჟირონას უნივერსიტეტის წარმომადგენლის ჯოზეფ ვილას შემაჯამებელი ანგარიში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary