თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზმა გამოფენას "თსუ 1921 წლის თებერვალ–მარტში" უმასპინძლა.
გამოფენა დღის 12 საათზე დაიწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო-, ვიდეო- და ფონოდოკუმენტური მასალა, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ ქართველი იუნკერებისა და უნივერსიტეტელთა ბრძოლას ასახავს.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სტუდენტების გარდა, უნივერსიტეტის პროფესორები და მათი ოჯახის წევრებიც იბრძოდნენ. პროფესორ გიორგი გეხტმანის შვილი, იუნკერი გაბრიელ გეხტმანი, თბილისის დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლებში 25 თებერვალს დაიღუპა.
უნივერსიტეტის სტუდენტები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებად ეწერებოდნენ. მათ შორის იყვნენ სტუდენტი ქალებიც, რომლებიც მოწყალების დებად ირიცხებოდნენ. მოწყალების დებს ფრონტიდან დაჭრილების გამოყვანა და მკურნალობა ევალებოდათ. მოხალისეთა შორის იყო თსუ-ს სტუდენტი მარო მაყაშვილიც. გამოფენაზე სწორედ მარო მაყაშვილის კუთვნილი ჩოგანი და მაკრატელი იყო წარმოდგენილი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის პირადი საკუთრებაა.
თბილისისთვის გამართულ ბრძოლებში უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი დაიღუპა, მათ ფოტოებს თანდართული ჰქონდა ისტორიული მასალა, სადაც რამდენიმე წინადადებაში იყო გადმოცემული 1921 წლის ძირითადი მოვლენები. დღეისათვის ოთხი მათგანის გვარია ცნობილი: მარო მაყაშვილთან ერთად დაიღუპა სტუდენტი პავლე (პალიკო) ბეშკენაძე, თბილისის დაცვას ემსხვერპლნენ ნიკოლოზ (კოლია) კალანდარიშვილი და გიო (გიორგი) გამყრელიძე.
"ჩვენი უნივერსიტეტის მუზეუმი თითქმის ყოველთვიურად აკეთებს საინტერესო გამოფენებს, დღევანდელი გამოფენა ეძღვნება იმ ქართველი სტუდენტებისა და მებრძოლების ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ ჩვენი სამშობლოსთვის. ერთი თვით ადრე დავიწყეთ გამოფენისთვის მზადება, ზოგი რამ, რაც წარმოდგენილია, ეკუთვნის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ზოგი არის ორიგინალის ასლი, ძირითადად, ხელნაწერები. რაც შეეხება ორიგინალებს, ისინი ინახება ეროვნულ მუზეუმსა და არქივში. აქვე არის სია იმ 7 სტუდენტის, რომლებიც დაიღუპნენ. მათი გვარები დადგენილია ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების მიერ" – განაცხადა ჩვენთან საუბრისას თსუ–ს მუზეუმის უფროსმა სპეციალისტმა და ისტორიკოსმა რომან აფაქიძემ, რომელიც გამოფენაზე მოსულ სტუმრებს თითოეულ ექსპონატს აცნობდა და მოუთხრობდა მათ ისტორიას.
გამოფენის პარალელურად უნივერსიტეტში მიმდინარეობდა პოლიტოლოგისა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ისტორიულად ამ პერიოდის პროზის მიმოხილვა.
გამოფენა სახელწოდებით - "თსუ 1921 წლის თებერვალ–მარტში" თვის ბოლომდე უმასპინძლებს სტუმრებს.