ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დათო ტურაშვილის წიგნის "მე რომ ფეხბურთელი ვიყო" განხილვა და პრეზენტაცია.
თსუ-ს ბიბლიოთეკასთან არსებული შემეცნებითი კლუბის ფარგლებში განხორცილებულ პირველ პროექტზე მიწვეულნი იყვნენ: ბასა ჯანიკაშვილი, ერეკლე საღლიანი, აჩი არველაძე, დიმიტრი ობოლაძე, მიშა მესხი, ლევან ყიფიანი.
"ბავშვობაში ძალიან მინდოდა, ფეხბურთელი გამოვსულიყავი, მაგრამ დედა იყო ამის წინააღმდეგი და ეს ოცნება ვერ ავიხდინე. ამ წიგნში მოთხრობილია ის ისტორიები, რაც საკუთარ თავზე გადამხდა და რაც ვიცი. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, თუმცა, ფეხბურთში მხოლოდ ნიჭის წყალობით ყოველთვის ვერ მოვიგებთ. ახალგაზრდა ბავშვებს ძალიან დიდი მომავალი აქვთ, მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ" - განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა.
საღამოზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც გაიმართა.
"ამ ბოლო პერიოდში ასეთი ლიტერატურა, როგორც ჰაერი, ისე გვჭირდება. ამ წიგნში არაჩვეულებრივი მასალებია შოთა არველაძეზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტის სახეობა არ არის, ეს, პირველ რიგში, ჩვენს ბუნებას შეეზარდა და ის იქცა, როგორც ღირსებად, საშუალებად ჩვენი წარმოჩენისა. მე არ დამავიწყდება 1981 წლის 13 მაისი - ეს იყო ეროვნული დღესასწაული, როდესაც ჩვენმა დინამომ დაამარცხა გერმანიის გუნდი და ჩამოიტანა თასის მფლობელთა თასი. ეს წიგნი იკითხება, როგორც კარგი დიდებული მხატვრული ნაწარმოები. მკითხველს მისი წაკითხვა არ მობეზრდება, იუმორით არის გაჯერებული" - აღნიშნა პოეტმა ერეკლე საღლიანმა.
შემეცნებითი კლუბის ხელმძღვანელმა მარიამ ასკილაშვილმა განაცხადა - "ჩვენი და ამ ორგანიზაციის დახმარებით საზოგადოება გაიცნობს თანამედროვე მწერალთა შემოქმედებას, გაიმართება შემეცნებითი საუბრები, დისკუსიები, საჯარო ლექციები. კონკურსებისა და კონფერენციების წყალობით გამოვლინდება ნიჭიერი ახალგაზრდები".