ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის პირველი საერთაშორისო სამუშო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თსუ–ს რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი და ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა საუნივერსიტეტო სტრატეგიები და რეგიონული რეკომენდაციები საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების შესახებ. ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნება და დაინერგება მინიმუმ ერთი უწყვეტი განათლების კურსი. ასევე შეიქმნება საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების რეგიონული ქსელი, რომლის მიზანიც პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა იქნება.
„ტემპუსის პროექტი წარმატებით დასრულდა გასულ წელს, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. თსუ–ში 35 პროექტი გვაქვს ჩატარებული და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“ - აღნიშნა ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა.
შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა და ინგლისურ ენაზე წარიმართა.