თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო ქართულ ბაზარზე მოქმედი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 46 კომპანია. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ამ კომპანიების შემოთავაზებას, აერჩიათ მათთვის სასურველი საქმიანობა, გასაუბრებოდნენ კომპანიების წარმომადგენლებს, გასაუბრების შემდეგ კი დაეტოვებინათ საკუთარი CV ან იქვე შეევსოთ სააპლიკაციო ფორმები.
დასაქმების ფორუმმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში, ადგილზე უამრავი ახალგაზრდა იყო თავმოყრილი და საკუთარ შესაძლებლობას ცდიდა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომელთაც რეალური დასაქმების იმედი არ ჰქონდათ. "ვარ პირველკურსელი, არ მაქვს გამოცდილება და შესაბამისი განათლება, ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ასეთ მსხვილ ფირმებში დასაქმების შანსი მაქვს" - თქვა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა ზვიად კაჭარავამ.
ამის მიუხედავად, კომპანიებს ვაკანსიების საკმაოდ ფართო ჩამონათვალი ჰქონდათ წარმოდგენილი.
"ჩვენ ხშირად ვიღებთ მონაწილეობას დასაქმების ფორუმში და ზუსტად ვიცით, რა შევთავაზოთ სტუდენტებს. გვაქვს ვაკანტური ადგილები, როგორც სრულ-, ისევე ნახევარგანაკვეთიან პოზიციებზე, არჩევანს თავად სტუდენტი აკეთებს თავისი განრიგიდან გამომდინარე" - აღნიშნა "სილქნეტის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტმა ხატია ყურაშვილმა.
"ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ სტუდენტები პირველი კურსიდან, ასე რომ, ყველას აქვს რეალური დასაქმების შანსი" - განაცხადა კომპანია "ბილაინის" შერჩევის უფროსმა სპეციალისტმა მარაიამ ხეცურიანმა.