„წიგნები მაღალმთიან სოფლებს“
08 მარტი, 2014
„წიგნები მაღალმთიან სოფლებს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით ხორციელდება პროექტი "წიგნები მაღალმთიან სოფლებს".


ეს არის აქცია-პროექტი, რომლის მიზანია მაღალმთიანი სოფლების სკოლების წიგნებით მომარაგება და ბიბლიოთეკების საჭირო ინვენტარით დახმარება. 

პროექტის ავტორი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი თეკლა ქველაძეა, საინიციატივო ჯგუფის წევრები კი ჟურნალისტი ქეთი ქოჩლაძე, ხელოვნებათმცოდნე მაიკო მესტუმრე, რეჟისორი თეონა მესტუმრე, ჟურნალისტი შოთა დიმიტრიშვილი და მხატვარი დავით კოროშინაძე არიან. 

ორგანიზატორებს ამ ეტაპზე ხელთ აქვთ 50-მდე წიგნი, რომლებიც შემდეგმა გამომცემლობებმა გადასცეს: "ინტელექტმა", "არტანუჯმა", "რადარამმა" და "საუნჯემ". საინიციატივო ჯგუფი აგროვებს მაკულატურას, "პალიტრა ელ"-ის პროგრამის ფარგლებში კი მას ახალ წიგნებში გადაცვლიან. ფინანსური რესურსის მოსაზიდად იგეგმება სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქტივობა, უახლოეს მომავალში თეატრალური უნივერსიტეტის კინოკლუბში ფასიანი კინოჩვენება გაიმართება. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში "თი-ბი-სი ბანკი" სოფელ ბარისახოს სკოლას ბიბლიოთეკასა და სამკვითხელო დარბაზს შეუკეთებს.

პირველი გასვლა ხევსურეთში სწორედ ბარისახოს საჯარო სკოლაში იგეგმება, შემდეგ ეტაპზე კი დასავლეთ საქართველოს ესტუმრებიან, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებშიც ამ მხრივ არ არის სახარბიელო მდგომარეობა. 

პროექტის ავტორი თეკლა ქველაძე გვესაუბრა, თუ საიდან გაუჩნდა აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეა: "ზოგადად, ძალიან მაწუხებს მაღალმთიანი რაიონების პრობლემა და ის საკითხი, რომ სოფლები იცლება. ერთ ჩემს სტატიაში მოვყევი, როგორ გავოცდი, როცა ხახმატში ჩასულს ერთი ძალიან საყვარელი ბებოს სახლი დანგრეული დამხვდა, ეს ქალბატონი დღეს თბილისში შვილიშვილებთან ცხოვრობს. ამით იმაზე მინდა ხაზის გასმა, რომ ახალგაზრდებს კი არა, დღეს უკვე მოხუცებსაც კი უჭირთ მთაში ცხოვრება. არ აქვთ პირობები საცხოვრებლად, ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მინდა იყოს საზოგადოების მხრიდან მეტი ინტერესი მაღალმთიანი სოფლების მიმართ და ჩვენი პროექტის მიზანიც ეს არის, რომ გავუადვილოთ მთაში დარჩენილ ადამიანებს ცხოვრება. თანაც რატომღაც ვფიქრობ, რომ წიგნი და განათლება არის პირველი საწინდარი იმისა, რომ არ მოხდეს საქართველოს მთის დაცლა. ვფიქრობ, რომ განათლებული ადამიანი არასდროს არ მიატოვებს საკუთარ კერას და უფრო მეტად იზრუნებს თავის კუთხის განვითარებაზე".

მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მასიური გადინების მაჩვენებელი ნამდვილად საგანგაშოა, 2002 წლის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით 162 სოფელი იყო დაცლილი. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით კი დღეისათვის ხევსურეთში 600 ადამიანი ცხოვრობს, ეს ნამდვილად სერიოზული საფრთხეა ამ მხარის დაცლისა. 

პროექტის მხარდასაჭერად ჩაიწერა და იუთუბზე აიტვირთა ვიდეომიმართვა, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობენ პროექტის მნიშვნელობაზე და მოგვიწოდებენ დახმარებისკენ. აღნიშნული ვიდეოების ნახვა შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი: https://www.youtube.com/channel/UC9Wn7DhK3vXTUV7I1iVeF3Q?feature=watch

პროექტი არ არის ერთჯერადი, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მას სისტემური ხასიათი ექნება და მხარდაჭერისა და რესურსების არსებობის შემთხვევაში ეცდებიან, მთელი საქართველოს პრობლემური რაიონები მოიცვან.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary