ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ,,წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში" გაიმართა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პარალელურად კი, უნივერსიტეტისა და ,,პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტის ,,თაობა L" პრეზენტაცია შედგა.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა ლექციის დაწყებამდე აღნიშნა, ის შეეცდება იმის ახსნას, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები, როდესაც არსებობს ინფორმაციის მოპოვების სხვა არაერთი საშუალება. მან თსუ-სა და ,,პალიტრა L"-ის ამ წამოწყებას ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდა.
,,თაობა L"-ის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის სახით მათთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. იგი გულისხმობს გამომცემლობა ,,პალიტრა L"-ის სერიული გამოცემებიდან შერჩეული 10 წიგნის წაკითხვას 4-5 დღის ინტერვალით და ყოველ ტურში შესაბამისი ტესტის დაწერას.
ფინალი 23 აპრილს, წიგნის საერთასორისო დღეს გაიმართება და ,,პალიტრა L"-ის წარმომადგენლის მარიკა დარჩიას თქმით, პრიზიც საკმაოდ სოლიდურია - 1000 ლარი ან თარო 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ნინო კალანდიამ გვითხრა, პროექტის განხორციელების იდეა 2 სტუდენტს - თორნიკე აბაშიძესა და ლაშა ციბაძეს ეკუთვნით.
,,ეს არის სიმბოლური კონკურსი - 10 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ სტუდენტი ხარ და შემდეგ შეგიძლია, მოიგო 100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - აღნიშნა თორნიკე აბაშიძემ.
ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ დიდი მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები კიდევ იგეგმება.