კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საჯარო შეხვედრა გაიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან.
სალექციო თემა იყო კონფლიქტების მოგვარების ახალი ხედვა და ახალი მიდგომები.
პაატა ზაქარეიშვილმა გამოყო სამი მნიშვნელოვანი კონფლიქტი: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი; ქართულ-აფხაზური კონფლიქტი; ქართულ-ოსური კონფლიქტი.
მან აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა გააერთიანა ქართულ- ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომელიც 2008 წლამდე უფრო მარტივად მოგვარებადი იყო. მინისტრმა ასევე პარალელი გაავლო ყარაბაღის, კოსოვოსა და კვიპროსის კონფლიქტებთან: "2008 წლამდე რუსეთ-საქართველოს, ქართულ- აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტები უფრო იოლად მოგვარებადი იყო, ვიდრე ყარაბაღის, კოსოვოსა და კვიპროსის კონფლიქტები. 2008 წლის შემდეგ მოვლენები რუსეთის სასიკეთოდ წარიმართა. რუსეთის მთავარი ძალა არის ჩვენი შეცდომები, ამიტომ აუცილებელია შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა".
პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, იმისათვის,რომ ეს კონფლიქტები ნელ-ნელა მოგვარდეს, აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არა ჩვენი ინტერესების გატარება, არამედ მათი ინტერესების დაცვა და გათვალისწინება: ,,ჩვენ ვთავაზობთ აფხაზეთს და ოსეთს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას".
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.