ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციამ "oikos Tbilisi"-მა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა სტუდენტებთან.
"oikos Tbilisi" სტუდენტური ორგანიზაციაა მდგრადი ეკონომიკისა და და მენეჯმენტის განვითარებისთვის.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება საერთაშორისო ორგანიზაცია "oikos"-ისა და მისი თბილისის წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ. სტუდენტები გაეცნენ ორგანიზაციის მისიას, მიზნებს, მუშაობის სტილს, წევრობის უპირატესობებსა და გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დეტალებს. ასევე მოხდა მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე.
როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა ლევან ფანგანმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ სტუდენტები ასეთ ინტერესს იჩენენ მსგავსი პრეზენტაციების მიმართ, მისი თქმით, სწორედ სტუდენტების დამსახურებაა მათი ორგანიზაციის წარმატება და იმედოვნებს, რომ იმავე ტემპით და ახალი ძალებით გაგრძელებენ მუშაობას.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკა წიქრიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მოხარულია ამ ორგანიზაციის წევრების უშუალო გაცნობით, დაინტერესებას გამოხატავს მათი საქმიანობის მიმართ, რეალურ შანსს ხედავს სტუდენტების განვითარების მხრივ და აპირებს, განაცხადი შეიტანოს ორგანიზაციის წევრობაზე.
პრეზენტაციაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.