სოციალური საცხოვრისის ქართულ-შვეიცარიული პროექტი სტუდენტების მონაწილეობით
11 მარტი, 2014
სოციალური საცხოვრისის ქართულ-შვეიცარიული პროექტი სტუდენტების მონაწილეობით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებშიც არ არის ჩამოყალიბებული საცხოვრისის განვითარების ნაციონალური სტრატეგია და არ შემუშავებულა დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისა და უსახლკაროთათვის ბინების დაპროექტების ნორმები თუ ექსპლუატაციის წესები.


აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ინიციატივა, რომლის ფარგლებში ქ. თბილისში, ვარკეთილის უბანში, უკვე აშენდა და ფუნქციონირებს სოციალური საცხოვრისის პირველი ჯგუფი. მომდევნო ობიექტები კონკურსის სახით შეირჩა, რომლისთვისაც ქ. თბილისის მერიამ გლდანსა და ვაზისუბანში ნაკვეთი გამოყო. 

სოციალური საცხოვრისის ქართულ-შვეიცარიულ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, როგორც სოციალური საცხოვრისის კვლევით კომპონენტში, ასევე თავად ობიექტების პროექტირებაში. 2012–2013 სასწავლო წლის II სემესტრში სოციალური საცხოვრისების დაპროექტება კონკურსის ფორმატში წარიმართა და მასში ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიელ სტუდენტ-არქიტექტორთა ჯგუფმა ქ. ბერნის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. 

ქართულ-შვეიცარიული პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის ასისტენტი ელენე დარჯანიაა. მან აღნიშნა, რომ "პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და კარგი შედეგი აქვს. თბილისის კონკურსის 7 გამარჯვებული სტუდენტი ერთკვირიან ტურზე გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც იქაური უნივერსიტეტის ლექციებსა და გამოფენებს დაესწრო. პროექტები შვეიცარიელ სტუდენტებთან ერთად კეთდება და 3 სტუდენტი თბილისის პროექტისთვის უკვე იყო ჩამოსული". 

თბილისის შემდეგ კი, საკონკურსში მონაწილეობაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტმა და რუსთავის მერიამ გამოთქვეს სურვილი, რომელთა შედეგებიც ორგანიზატორის თქმით, ჯერ ცნობილი არაა და 2014 წლის II სემესტრში გაირკვევა.

მეოთხე ქალაქი, რომელიც ამ პროექტში ჩაერთო, ბათუმია. პროექტმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და მასში ჩაერთნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტური ფაკულტეტის სტუდენტებიც. 15 მარტს შვეიცარიელი სტუდენტები ნახავენ ობიქტს, ხოლო სტუ-ს სტუდენტები 7 მარტს გაემგზავრნენ ბათუმში. მათ ქალაქის მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი შეხვდა, წაიყვანა ობიექტზე და საკონკურსო ტერიტორიასთან დაკავშირებით ესაუბრა, გააცნო ყველა ის დეტალი, რაც სტუდენტებმა მუშაობის პროცესში უნდა გაითვალისწინონ. მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია, როგორც ცარიელ ნაკვეთზე, სადაც დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის სოციალური საცხოვრისი უნდა აშენდეს, ასევე სარეკონსტრუქციო ძველი ინტერნატის შენობაზე, სადაც მომავალში ხანდაზმულთა პანსიონატი იქნება. არქიტექტორის თქმით, დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სჭირდებათ მსგავსი ტიპის საცხოვრებელი. "მართალია, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩატარდა სერიოზული სამუშაო და აშენდა ორ- და სამსართულიანი საცხოვრისები, მაგრამ ეს რამდენიმე ოჯახისთვისაა, რაც ცხადია, ქალაქის მაცხოვრებელთათვის არ არის საკმარისი" - ამბობს ის. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში მსგავსი ტიპის პროექტში სტუდენტებს არასდროს მიუღიათ მონაწილეობა. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2013-2014 სასწავლო წლის II სემესტრის ბოლოს. 

სტუდენტების ჩართულობა საკმაოდ მაღალია, მონაწილეობენ როგორც ბაკალავრები, ისე მაგისტრანტებიც. ერთ-ერთმა მათგანმა ნიკოლოზ ბანეთიშვილმა აღნიშნა, რომ "პროექტმა გააერთიანა ორი პრობლემა, პირველი, საზოგადოებაში დაბალი შემოსავლის მქონეთა, უსახლკაროთა პრობლემა და მეორე, სტუდენტების განათლებისა და სწავლების ხარისხის შეუთავსებლობა საბაზრო მოთხოვნებთან. ეს კონკურსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ რეალურ პროექტებზე ვმუშაობთ და გვაქვს შანსი გავემგზავროთ შვეიცარიაში. შარშან მონაწილეობა მივიღე კონკურსის საწყის ეტაპზე, სამეცადინო გაკვეთილში, წელს კი ბოლომდე გავაკეთე საკონკურსო პროექტი და შედეგს ველოდები. კარგი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რაც მსგავსი ტიპის დაკვეთების შესრულებაში დამეხმარება, რაც მნიშვნელოვნად მოთხოვნადია ამ სფეროში". მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ პროექტი ხელს უწყობს უცხოელ სტუდენტებსა და მომავალში უკვე კოლეგებთან ურთიერთობის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას.

კონკურსებს აფასებს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია შვეიცარის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და იმ ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან, სადაც ტარდება კონურსი. რაც შეეხება გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენასა და სტუდენტური ნამუშევრის რეალიზაციას, ისინი, პირველ რიგში, შესრულებული პროექტის ხარისხით შეფასდებიან, საავტორო უფლებები კი დაცული იქნება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary