გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებს გააცნო ის სიახლეები, რომლის მიხედვითაც ჩატარდება წელს გამოცდები.
აბიტურიენტებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი დრო აქვთ. მას შემდეგაც შეუძლიათ შეცვალონ არჩევანი, როდესაც გამოცდების შედეგებს გაეცნობიან.
მაია მიმინოშვილმა ისაუბრა ძირითად სიახლეებზე: „პირველი სიახლე უცხო ენების გამოცდას უკავშირდება. ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების საგამოცდო საკითხებს ემატება მოსმენის ნაწილი. არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მესამე სიახლე კი შეეხება კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დადგენას, რომელიც ხორციელდება ახალი წესით“. აბიტურიენტები ერთდროულად ორ კონკურსში მონაწილეობენ: ჩარიცხვისა და გრანტის მიღების კონკურსში.
საგრანტო კონკურსისათვის ქულა გამოითვლება სკალირებული ქულების ჯამით.
„რატომ იყო საჭირო ახალი წესის შემოღება? - რადგან ეს არის სამართლიანი და ობიექტური შეფასება. შესაძლებელია, სირთულის მიხედვით განსხვავება იყოს რომელიმე საგნის საგამოცდო ვარიანტებს შორის, ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ სკალარულ მეთოდს, ხდება ქულების გაიგივება მარტივი და რთული ვარიანტების საფუძველზე“ - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
დადგინდა, რომ ზოგად უნარებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი იქნება 24 ქულა, ხოლო უცხო ენაში კვლავ გამსვლელი იქნება 21 ქულა.
როგორც გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს: 9 მილიონზე მეტია გამოყოფილი სახელმწიფო გრანტის გაცემისათვის.