საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.
"თქვენთან შეხვედრა ყველა ქვეყანაში ყველა დროში ყველა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და ანგარიშგასაწევია" - მიმართა სტუდენტებს პრემიერ-მინისტრმა. მან დასძინა, რომ სახელმწიფოს სჭირდება სტუდენტების ფხიზელი თვალი, რათა ერთად ააშენონ დემოკრატიული, ცივილიზებული და განვითარებული ქვეყანა.
"სტუდენტური იდეა პრემიერს" - ეს აპლიკაცია მალე ამოქმედდება და ნებისმიერ სტუდენტს მიეცემა საშუალება, გააზიაროს თავისი მოსაზრებები და იდეები. "კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ამიტომ გთავაზობთ კომუნიკაციის ყველაზე მოხერხებულ საშუალებას ჩემს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, სადაც შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია - "ახალი თაობის იდეა პრემიერს". მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაინც მოვახერხებ გავეცნო თქვენს მოსაზრებებს, თქვენს იდეებს და მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ. მერწმუნეთ, ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში თქვენი მონაწილეობა, თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვიქნები, თუ ჩაერთვებით ამ პროექტში, მიიღებთ მონაწილეობას ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ფორუმებსა და განხილვაში, რომლებიც სპეციალურად სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის ხვალიდან გაიხსნება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის გამოსვლისას ყურადღება გამახვილდა სტუდენტების 6-თვიან სტაჟირებაზე სახელმწიფო სტრუქტურებში. სტუდენტები შეირჩევიან აკადემიური მოსწრებისა და რიგითობის მიხედვით. ყველა წარმატებულ სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი და ექნება საშუალება, დასაქმდეს იმავე სტრუქტურის უწყებაში: "დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ქვეყანას მისცემს განათლებული და კვალიფიციური სპეციალისტების მთელ თაობას".
პრემიერის თქმით, იგეგმება სტუდენტური საცხოვრებელის აშენება და სოციალურად დაუცველ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, იცხოვროს და მიიღოს ცოდნა თბილისში: "არცერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მის შვილს განათლების პერსპექტივა არ ექნება".
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იგეგმება საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. პრემიერის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლებიც ჩატარებული სპეციალური კვლევის მეშვეობით პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის. საზღვარგარეთ სწავლისთვის აუცილებელი პირობაა, რომ იქ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და სახელმწიფოს საქმიანობაში ჩაერთვებიან, ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას.
"მთელი ეს ძალისხმევა გამიზნულია იმისთვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რაც მომავალში მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული ინტელექტუალური რესურსის კონკურენტუნარიანობას" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი გამოსვლის შემდეგ 30-წუთიანი კითვა-პასუხის რეჟიმი გააქტიურდა, რამაც დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმისა და მათზე პასუხების მიღების საშუალება მისცა.
როგორც პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, იგი ამერიკაში "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" ხელმძღვანელს შეხვდა და "მათთან ერთად მუშავდება პროგრამა, რომლისთვისაც უკვე გამოყოფილია 140 მილიონი დოლარი". ეს ითვალისწინებს განათლების განვითარებას, პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების შექმნას მთელი სახელმწიფოს მასშტაბით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს უნივერსიტეტში მობრძანებისა და სტუდენტებთან შეხვედრისთვის.