"მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით თსუ-ში გაიმართა პროექტი სახელწოდებით - "იდეოლოგიურად განვითარებული პოლიტიკა".
აღნიშნული პროექტი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროექტის გაგრძელებას, რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობას, მათ ერთ სივრცეში ინტეგრაციას. როგორც პროექტის ორგანიზატორმა რევაზ ცნობილაძემ გვითხრა: "ეს ღონისძიება არ არის ჩვენთვის პირველი, რაც მისი წარმატებითაა გამოწვეული. პროექტში ჩართულები არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. მათ განიხილეს სამი მთავარი პოლიტიკური იდეოლოგია: მემარცხენეობა, მემარჯვენეობა და ცენტრისტობა, შესაბამისად, სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი. პროექტის განხორციელებაში რამდენიმე მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა. კერძოდ: თორნიკე მეშველიანმა ისაუბრა მემარჯვენეობაზე, ლევან ლორთქიფანიძემ - მემარცხენეობაზე და თამარ ქუფარაშვილმა, რომელიც წინა პროექტის გამარჯვებულია, - ცენტრისტულ-ლიბერალურ მიმართულებაზე. ჩვენ ვგეგმავთ, ეს პროექტი ჩვენი ორგანიზაციის მთავარ ბრენდად ვაქციოთ".
პროექტისთვის მონაწილეები შეარჩიეს ელექტრონული აპლიკაციის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებული იყო "მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ოფიციალურ გვერდზე. მე-11 კლასის მოსწავლე სოფო თავდიდიშვილი ამ პროექტის მონაწილეა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "მსგავს პროექტში მონაწილეობა ადრეც მიმიღია. თუმცა, აღვნიშნავ ამ პროექტის უპირატესობას. მომეწონა, რომ თითოეულ იდეოლოგიაზე კომპეტენტური პირი გვიკითხავდა ლექციას და, რაც მთავარია, თითოეული მათგანი გაგვაცნო სხვადასხვა მომხსენებელმა, რაც ჩემი აზრით, უფრო საინტერესო იყო. ვისურვებდი, რომ მსგავსი პროექტები ხშირად ტარდებოდეს".
პროექტის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მოხსენება, თუ როგორია მათ მიერ დანახული რომელიმე იდეოლოგია. პროექტის სპონსორი, ტურისტული კომპანია "შატილი ტური" საუკეთესო მოხსენების ავტორს გადასცემს პრიზს - სამდღიან დასვენებას შატილში.