„ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესი“ - ეს არის პროექტის სახელწოდება, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აღნიშნული თემა წარმოადგენს კოალიცია „ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის“ ამჟამინდელ პროექტს. მასში გაწევრიანებულები არიან ოსური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ფორუმის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს არასამთავრობო დონეზე თანამშრომლობასა და ნდობის აღდგენას ქართველებსა და ოსებს შორის. როგორც პროექტის იდეის ავტორმა და დირექტორმა თემო არბოლიშვილმა გვითხრა: „დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, მსგავს პროექტზე გვემუშავა. მისი განხორციელება დავიწყეთ 1 დეკემბერს. პროექტის მთავარი აზრი არის ოსი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოება. ის არის შემეცნებითი და საგანმანათლებლო შინაარსის. ახალგაზრდები შეირჩნენ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. კონკურსანტთა რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. მსგავსი პროექტის განხორციელებას სამომავლოდაც ვგეგმავთ“.
ღონისძიების დასაწყისში გაიმართა ფილმის „ომის ნაკვალევი“ ჩვენება, რომლის რეჟისორიც არის თემო ჩაგელიშვილი.
პროექტში „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესი“ მონაწილეობას იღებს 10 ოსი და 10 ქართველი ახალგაზრდა. ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ბრაგვაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „მონაწილეობის მიღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ თემით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე. როცა ამ პროექტის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, ამ კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. საბედნიეროდ, მოვახერხე იმ 10 მონაწილეს შორის მოხვედრა, რომელიც წავა და იქნება ექსპრესის მონაწილე. მექნება კომუნიკაციის საშუალება თანატოლებთან, რომელიც აქამდე არ მქონია. ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება“.
ღონისძიების დასარულს დისკუსია გაიმართა. კონფლიქტოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა მაია კაციტაძემ ახალგაზრდებს უთხრა: „მე ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ მიდიხარ იმიტომ, რომ შენ რაღაც მისია უნდა შეასრულო, რომ მეგობრობაზე არც კი უნდა იფიქრო. ყველაფერი გადადის იმ განზომილებაში, საიდანაც ძალიან მარტივია გული ატკინო ადამიანს. არასწორი კომუნიკაცია სწორედ აქედან იწყება. ამიტომ, წადით, იყავით საკუთარი ცოდნისა და უნარების იმედად“.
პროექტის „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესი“ განხორციელება დაიწყება 26 აპრილს და გაგრძელდება 17 დღე. ფორუმი კი დაახლოებით შემოდგომისთვის დასრულდება, თუმცა, მსგავსი პროექტების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.