კავკასიის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა თემაზე - "გენდერული თანასწორობა".
ლექცია წაიკითხა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტმა ფსიქოლოგმა ირინა ჟვანიამ.
მოხსენება შეეხებოდა გენდერულ თანასწორობას, კონკრეტულად კი ქალის როლის გაზრდას საარჩევნო სისტემებში, რაც დღესდღეობით ცხარე მსჯელობის საგანია. "ეს ეხება დამოკიდებულებას, შეხედულებასა და განსხვავებას ამ შეხედულებებს შორის. დიდიხანია დაწყებულია კვლევები გენდერულ პრობლემებთან მიმართებაში, მეცნიერულად ხდება ამ საკითხების შესწავლა. ფსიქოლოგიაში არცერთი საკითხი არ განიხილება გენდერული შეხედულებების გათვალისწინების გარეშე" - განაცხადა ირინა ჟვანიამ და დასძინა: "ხშირად გვეუბნებიან, რომ ქალსაც და მამაკაცსაც თანასწორი უფლებები გვაქვს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ თანასწორობაზე, როგორც იდეაზე, ასეთ შემთხვევაში ამ უფლებების რეალიზება უნდა შეეძლოს ყველას, იქნება ეს ჯანმრთელი თუ არაჯანმრთელი, უმცირესობისა თუ უმრავლესობის წევრი" - ამბობს ირინა ჟვანია. მან თქვა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ იფიქროს ამაზე, როგორც იდეაზე და შეიმუშავოს რაიმე მექანიზმი იმისათვის, რომ ნებისმიერმა ინდივიდმა შეძლოს საკუთარი უფლებების რეალიზება.
თანამედროვე კვლევების მიხედვით, საქართველოში გენდერული პრობლემები ცხადად იკვეთება. თუკი სტატისტიკას დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ ოჯახში სადაც ბიჭსაც უნდა სწავლა და გოგოსაც, ხშირად მშობელი ამჯობინებს, რომ ბიჭმა ისწავლოს, რადგანაც მან უნდა შეძლოს ოჯახის რჩენა სამომავლოდ. თუმცა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს ნოდარ ქობალიას მიაჩნია, რომ გენდერული პრობლემა საქართველოში თითქმის არ შეინიშნება, ქალსაც და მამაკაცსაც აქვს თანასწორი უფლება სწავლისა. ერთადერთი რამ, სადაც შეიძლება პრობლემა არსებობდეს, ესაა ოჯახური ძალადობის ფაქტები.
ირინა ჟვანიას თქმით, პოლიტიკურ საქმეებში ქალის როლის გაზრდა აუცილებელია, რადგან ქალს შეიძლება მამაკაცზე მეტად ჰქონდეს უნარი, მაგალითად, დიპლომატიური ეშმაკობის თვალთახედვით: "ასე რომ, აუცილებელია სახელმწიფომ გამოიყენოს ქალის რესურსი და ამით გაზარდოს ქალის როლი პოლიტიკაში".