ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
თვითმმართველობის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია თვითმმართველობის რაობის, რეორგანიზებული სტრუქტურის, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მათ განიხილეს ახლადშექმნილი 6 დეპარტამენტი და 4 საბჭო. დეპარტამენტის შემადგენლობაშია საზოგადოებასთან ურთიერთობა, კულტურა, სპორტი, განათლება, ტურიზმი და პრეზიდენტის აპარატი, ხოლო რაც შეეხება საბჭოს, აქ შემდეგი სფეროები განაწილდა: ბიზნესი, სამართალი, მეცნიერება და ხელოვნება, ინჟინერია. თითოეული დეპარტამენტის თუ საბჭოს წარმომადგენელმა საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განიხილეს ისიც, თუ რა გაკეთდა და რა კეთდება მათი მმართველობის პერიოდში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტების მხრიდან ყურადღება, ძირითადად, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე გამახვილდა.
თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე ჩიქოვანმა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბარში განაცხადა, რომ შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა, რისი მიზეზიც სტუდენტების პასიურობა იყო. "ჩვენი მიზანი თვითმმართველობის სტრუქტურის შესახებ სტუდენტების ინფორმირება იყო, ვცდილობთ, სტუდენტებს ხშირად შევხვდეთ და მათთან ერთად განვიხილოთ ყველა საინტერესო საკითხი თუ პრობლემა, ამიტომ ვგეგმავთ, რომ შეხვედრა ყოველ 2 თვეში ერთხელ გავმართოთ, მაგრამ თუ ასეთი ჩართულობა გამოვლინდა მათი მხრიდან როგორიც დღეს იყო, ამას აზრი არ ექნება, შეხვედრას ცოტა სტუდენტი დაესწრო და და შეკითხვაც ცოტა დაისვა" - აღნიშნა მან.
რაც შეეხება სტუდენტების პოზიციას, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა პაპუნაშვილი პრეზენტაციით კმაყოფილი დარჩა, სტუდენტების აქტიურობის ხარისხი კი უარყოფითად შეაფასა: "თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საკმაოდ ამომწურავად ისაუბრეს, საიტერესოა ის პროექტები და ცვლილებები, რაზეც ახალი თვითმმართველობა მუშაობს. სამწუხაროა, რომ სტუდენტების ასეთი მცირე რაოდენობა დაინტერესდა დღევანდელი შეხვედრით, რადგან ეს ყველაფერი ჩვენ გვეხება და უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას. უმრავლესობა თავს იკავებს და შეკრებისას არ გამოხატავს საკუთარ აზრს, ისინი სოციალური ქსელით შემოიფარგლებიან და ყველაფერს იქ განიხილავენ, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემების მოგვარების გზა არ არის".