2014 წლის აგვისტო/სექტემბრის თვეში გაფორმდება შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.
ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დაახლოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავისუფლად შევიდნენ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანასა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. შეთანხმება გულისხმობს არამარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც.
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივითა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პარტნიორობით, მიმდინარეობს პროექტი "გაიცანი და გააცანი DCFTA". პროექტის ფარგლებში იმართება სემინარები სტუდენტებისათვის საქართველოში შეთანხმების ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ მნიშვნელოვანია.
დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარს ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრეი ჩესკოვსკი და "მაგთიკომის" გენერალური დირექტორი დევიდ ლი.
"საქართველოში ათი წლის წინ ჩამოვედი, მაშინ, როცა საქართველო კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ყვაოდა კორუფცია, მე დღეს ვხედავ პროგრესს, დღეს კორუფცია დაბალ დონეზეა, მნიშვნელოვანი ქალაქები განახლებულია, სიტუაცია უკეთესია, მაგრამ ამასთანავე ბევრი პრობლემაცაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი უმუშევრობაა. რუსეთის ჯარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია, სწორედ აქედან გამომდინარე, მგონია, რომ საქართველო უნდა წავიდეს დასავლეთისაკენ, გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც მას მოუტანს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და 500 მილიონიან ბაზარს. საქართველო არ არის მდიდარი" - განაცხადა დევიდ ლიმ ჩვენთან საუბარში.
სემინარრები საქართველოს 17 უნივერსიტეტში გაიმართება, აქედან 5 - რეგიონში. სემინარები უკვე ჩატარდა გორის სახელმწიფო, შავი ზღვისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდებათ ვრცელი ინფორმაცია DCFTA-ს სტარტეგიული მნიშვნელობის შესახებ, ასევე დაგეგმილია დისკუსიების მოწყობა აღნიშნული თემის ირგვლივ.