აშშ-ს სამოქალაქო განვითარებისა და კვლევების ფონდის, შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ერთობლივი ინიციატივით გამოცხადდა სპეციალური საგრანტო კონკურსი "პათოგენების კვლევებისა და განათლების ხელშემწყობი ცენტრის" ჩამოსაყალიბებლად.
კონკურსში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ საქართველოს უნივერსიტეტების ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებს.
სპეციალური დელეგაცია აშშ-დან დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა შეეხო პათოგენების კვლევებისა და განათლების ხელშემწყობი ცენტრის დაარსებას. დელეგაციის თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო კვლევით ასპარეზზე, კერძოდ, პათოგენების დარგში მოღვაწეობას. დელეგაციის თქმით, აღნიშნული პროექტი ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივას ეხმაურება - გააფართოვოს სამეცნიერო მიზნები, მოიცვას ადამიანის შესახებ მეცნიერების სხვადასხვა დარგი და მიმართულება.
"აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის დიდი სურვილი მაქვს, რა თქმაუნდა, მარტივი მიზეზის გამო - ბიოლოგია სწორედ ის სფეროა, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა; სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი, ჩამებარებინა უნივერსიტეტში და მესწავლა ამ მიმართულებით. დიდი სურვილი მაქვს, რომ სამომავლოდ ვიმუშავო, როგორც მეცნიერმა, ჩავატარო სხვადასხვა სახის ექსპერიმენტი ლაბორატორიაში. თვითონ შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. მიხარია, რომ ასეთი ტიპის ინიციატივები არსებობს საუნივერსიტეტო სივრცეში. აქვე მინდა, გულისტკივილი გამოვთქვა იმაზე, რომ საქართველოში სამეცნიერო სფეროს წინსვლისთვის არ გვაქვს მრავალფეროვანი რესურსები, არის დეფიციტი თავად სტუდენტების ჩართულობის, მათი დასაქმების სამეცნიერო სივრცეში. აღნიშნული პროექტი კი საუკეთესო შანსია ჩემთვის, როგოც მომავალი მეცნიერისთვის" - აღნიშნა ილიას სახელმიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა შუქია წიკლაურმა.
როგორც ცნობილია, ილიას უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროექტი დასკვნით ეტაპზე გავიდა. გამოყოფილია 3 სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მაქსიმალურად დაიხარჯებიან და, საბოლოოდ, საუკეთესო შედეგს დადებენ პათოგენებისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაზე.